ჩოგბურთი

20:58 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ისტორიული მატჩი

საქართველოს პირველმა ჩოგბურთელმა 23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი ესპანელი ფელისიანო ლოპესი7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 58 წუთს გაგრძელდა.

წყვილის უდავო ფავორიტად ესპანელი იყო შერაცხული, მაგრამ ნიკოლოზმა მატჩი აქტიურად დაიწყო. ნიკას სათამაშო ტაქტიკა შეტევაზე იყო აწყობილი, ხოლო ფელისიანო ძირითადად თავს იცავდა. პირველი სეტში 5:5-ზე ჩვენებურმა ბრეიკი შეასრულა, შემდეგ თავისი ჩაწოდებაც მოიგო და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში ერთი ბრეიკით, ლოპესმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში 2:1-ზე ბასილაშვილის სასარგებლოდ ლოპესი თავის ჩაწოდებას 0:40 აგებდა, თუმცა მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩოგანმა კარგი ჩაწოდების ხარჯზე გეიმში ანგარიში 40:40 გახადა, ბასილაშვილმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, მაგრამ შემდეგი ორი ჩაწოდება მოიგო და ამ ბრეიკის ხარჯზე სეტებში 2:1 წაიყვამა.

მეოთხე პარტიაში ქართველი ჩოგბურთელი ცოტა აღელვებული ჩანდა და ორჯერ დაკარგა თავისი ჩაწოდება, საბოლოოდ საქმე გადამწყვეტ მეხუთე სეტამდე მივიდა, რომელიც მეტად დაძაბულად წარიმართა. სეტის მეორე გეიმში ბასილაშვილმა საოცარი ზუსტი დარტყმების წყალობით სამი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა. მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი მეხუთე სეტში 2:2-ზე იყო, როცა ფელისიანო თავის ჩაწოდებას 0:40 აგებდა, თუმცა ისევ და ისევ თავისი ძლიერი ჩაწოდების ხარჯზე გეიმში ანგარიში 40:40 გახადა, ბასილაშვილი აშკარად აღელდა 3 გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტის გამო, მაგრამ როგორც მესამე სეტში მან კვლავ მოახერხა ზედიზედ ორი ჩაწოდების მოგება და გადამწყვეტ პარტიაში - 3:2 წინ გავიდა, რასაც ქართველი ჩოგბურთელის კიდევ ერთი ბრეიკი მოჰყვა და 5:2 დაწინაურდა.

ნიკას ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი გეიმის მოგებაღა აკლდა, მაგრამ ლოპესმა ქართველი გულშემატკივრები ცოტა ანერვიულა. ესპანელმა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა, რასაც თავისი ჩაწოდების მოგებაც მიაყოლა. 5:4-ზე ბასილაშვილის სასარგებლოდ, ნიკოლოზმა ჩემპიონის ხასიათი გამოავლინა და გადამწყვეტი გეიმი შესაშური სიზუსტით ითამაშა.

ბასილაშვილმა 5 ეისი ჩააწოდა, 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 4 ბრეიკი შეასრულა, 101 პირველი ჩაწოდებიდან 70 (69%) ნიკას გამარჯვებით დასრულდა. ლოპესმა 32 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 143 გათამაშება ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ლოპესმა 146 - მოიგო.

ბასილაშვილმა კარიერაში პირველად შეძლო მსოფლიო რეიტინგის 20-ეულის ჩოგბურთელის დამარცხება, ნიკა პირველად გავიდა უიმბლდონის და “დიდი სლემის” მესამე ეტაპზე.

ბასილაშვილს ფელისიანო ლოპესის თამაში ტაქტიკურად კარგად ჰქონდა შესწავლილი, ნიკა ესპანელს უმეტესწილად ბექჰენდს უტვირთავდა, როგორც იცით ლოპესი იშვიათად ანხორციელებს მარცხენა მხრიდან ძლიერ და შეტევით დარტყმებს, ძირითადად ესპანელი მარცხნიდან უბრალოდ რბილად აგდებს ბურთს მეტოქის ნახევარზე, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა გამოიყენა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურ, შემტევ და აგრესიულ ჩოგბურთს თამაშობდა, რაც დაუფასდა კიდეც.

ამ მოგებით ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზის მეტოქედ მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი ჰყავს. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრიან. შეხვედრის ჩატარება 4 ივლისს თბილისის დროით 14:30 საათზე არის დაგეგმილი, თუ მატჩის დაწყების დროში კორექტივი წვიმამ არ შეიტანა.

0.118034