ფოთის “კოლხეთი” საქართველოს საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მომავალი სეზონისთვის მზადებას 2 ივლისს მშობლიურ ქალაქში დაიწყებს და 23 ივლისიდან თურქეთში გააგრძელებს.
შეკრებაზე წასვლამდე ზაზა ინაშვილის შეგირდები სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. 12 ივლისს “კოლხეთი” უკრეკში ოზურგეთის “მერცხალს” დაუპირისპირდება. 16 ივლისს ფოთელები ქობულეთში “შუქურას” შეხვდებიან. 22 ივლისს, ინაშვილის გაწვრთნილები ფოთში თერჯოლის “საპოვნელას” გაეჯიბრებიან.
“კოლხეთი” ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა დატოვა, რომელიც “ცხინვალში” ჩაირიცხა. ასევე, გუნდიდან 21 წლის მცველი გიორგი ჩადუნელი წავიდა, რომელიც კარიერას ლანჩხუთის “გურიაში” გააგრძელებს.
“კოლხეთს” ნახევარმცველი ამბერკ ინჯიბაშვილი, თავდამსხმელები ლევან კუხალეიშვილი და მამუკა ღონღაძე დაემატნენ.