ფეხბურთი

18:25 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამოს” ევროპული 17 წლის შემდეგ

2 ივლისს სტარტს 2014-2015 წლების სეზონის ევროპის ლიგა აიღებს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშებაში ჩაებმება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის “დინამო”, რომელიც ნიქოზიის “ომონიას” ბარიერის დაძლევას შეეცდება. წყვილში ფავორიტზე საუბარი ძნელია, მაგრამ თუ კვიპროსელთა ფინანსურ შესაძლებლობას მათ გამოცდილებასაც დავუმატებთ, უპირატესობა აშკარად კუნძულელთა მხარეს გადავა.

“დინამომ” საევროტურნირო მზადება თურქეთში მდებარე ქალაქ კარტეპეში გაიარა, სადაც ლევან ხომერიკის გუნდმა 10 დღე დაჰყო და გარდა ვარჯიშებისა, სამი ამხანაგური შეხვედრაც გამართა – 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება – ასეთი ბალანსით დაბრუნდა “დინამო” სამშობლოში.

ზღვისპირელებმა ჯერ სომხურ “ულისს” უხვგოლიან მატჩში აჯობეს (5:4). ამ თამაშში “დინამო” 0:3 აგებდა, თუმცა მობილიზება მოახერხეს და საბოლოოდ, შეხვედრაც სათავისოდ დაასრულეს.

მეორე მატჩიც, რომელიც ბათუმელებმა რუმინულ “იასისთან” გამართეს, მათთვის ცუდად დაიწყო და ორო ბურთით ჩამორჩნენ, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გუნდმა აქაც გამოავლინა და საბოლოოდ ამხანაგური თამაში მეგობრული შედეგით დასრულდა.

თურქეთში გამართული დასკვნითი სპარინგი კი “დინამომ” წააგო. მეტოქე ამჯერად გაცილებით სერიოზული იყო – რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი პერმის “ამკარი”. მატჩის ბედი თამაშის მიწურულს ქართული წარმომავლობის მქონე გიორგი ჯიქიას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

ასეთი გამოდგა დინამოელთა თურქული ვოიაჟი, სადაც მათ როგორც ზემოთ ვახსენეთ 10 დღე გაატარეს.

“დინამოს” გასულ სეზონთან შედარებით ორი ახალწვეული ჰყავს ნახევარმცველ პაპუნა ფონიავასა და თავდამსხმელ გიორგი გაბედავს სახით. პირველი მათგანი 21 წლისაა და აქამდე მარტვილის “მერანში” ბურთაობდა, ხოლო გიორგი გაბედავა ხომერიკის გუნდს “სამტრედიადან” შეუერთდა. გაბედავას ფონიავასგან განსხვავებით ევროპის ლიგაზე თამაშის გამოცდილება “გაგრასა” და საჩხერის “ჩიხურას” შემადგენლობაში აქვს.

როგორც “მსოფლიო სპორტთან” საუბარში “დინამოს” პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა თქვა, ამ ორ ფეხბურთელზე გუნდი დიდ იმედს ამყარებს. ვნახოთ, რამდენად გაამართლებენ ისინი მოლოდინს.

ფედიჩკინმა ისიც გვითხრა, რომ “ომონია” შესაძლო მეტოქეებში ერთ-ერთი ძლიერია, თუმცა მისივე თქმით, “დინამო” ევროტურნირებზე ყოველთვის კარგად ასპარეზობდა და თავს არც ამჯერად შეირცხვენს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ზღვისპირელთა კლუბი ევროსარბიელს 17-წლიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდა. ბოლოს “დინამომ” 1998-1999 წლების სეზონში თასების თასზე იასპარეზა, სადაც ბელგრადის “პარტიზანთან” პირველივე ეტაპზე დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში – 1:2 (0:2, 1:0). მანამდე, ბათუმელები იმავე ტურნირზე ზედიზედ სამი სეზონი თამაშობდნენ. ორჯერ კი პრიველი ეტაპიც გადალახეს და იქ მათზე გაცილებით გამოცდილ და მძლავრ მეტოქეებთან, გლაზგოს “სელტიკთან” და ჰოლანდიურ “ეინდჰოვენთან” დამარცხდნენ.

“დინამოს” ხუთშაბათს გასამართ მატჩში წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის გამოცდილი მცველი ნიკა მგელაძე დააკლდება, რომელიც თურქული შეკრების დროს დაშავდა.

რაც შეეხება ბათუმელთა მეტოქეს – “ომონია” კვიპროსის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია. ნიქოზიელთა ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი უჩა ლობჟანიძე იცავს, ვინც კუნძულელთა ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრება.

“ომონია” ევროტურნირებზე თითქმის ყოველ წელს სტაბილურად ასპარეზობს. თუმცა, მათ შორის წარმატებული გამოდგა ერთი წლის წინანდელი ევროპის ლიგა, სადაც კვიპროსელებს ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდათ. მოსკოვის “დინამოსთან” პლეიოფში “ომონიამ” ბოლომდე იბრძოლა და ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო (2:2, 1:2). პირველ მატჩში თავის გამოჩენა ლობჟანიძემაც მოახერხა.

“დინამო” – “ომონიას” მატჩს სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, მთავარი არბიტრი კი მიტია ზგანეცია იქნება. შეხვედრა ბათუმში სტადიონის არარსებობის გამო, ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ჩატარდება და იგი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე წამსვლელ გულშემატკივართ კი 4 და 5 ლარიანი ბილეთების შეძენა მოუწევთ.

0.11726