კალათბურთი

17:50 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი პრინციპული მწვრთნელი გამოდგა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2015-ის ფინალური ტურნირისთვის მზადებას იწყებს, რომელსაც მისი წინამორბედებისაგან განსხვავენით ერთბაშად ოთხი ქვეყანა (საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია, ლატვია) უმასპინძლებს.

რაღა თქმა უნდა ქართველ გულშემატკივართა ყურადღება ზაგრებისკენაა (ხორვატია) მიმართული, სადაც ჯგუფიდან გამსვლელი ოთხი ადგილისათვის საქართველოს, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის, მაკედონიისა და ჰოლანდიის გუნდები იბრძოლებენ. მერვედფინალში გასული გუნდები მედლებისათვის ბრძოლას საფრანგეთის ქალაქ ლილში გააგრძელებენ.

"ჯვაროსანთა" სამწვრთნელო შტაბმა( მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, ასისტენტები დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში, ჯეისონ სტოდტი), სადაც გადამწყვვეტი სიტყვა მთავარ მწვრთნელს ეკუთნის, ნაკრების წევრობის კანდიდატთა 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ 12 აირჩევა. პრინციპული მწვრთნელი გამოდგა კოკოშკოვი, რომელმაც კარგად ჩატარებული სეზონის მიუხედავად, მისგან ათვალწუნებული გამთამაშებელი ლაშა-გიორგი გამყრელიძე და ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნაკრებში არც ამჯერად გამოიძახა.

მასმედიასთან კომენტარი გააკეთეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთმა თანაშემწემ კოტე ტუღუშმა და ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ.

ვლადიმერ ბოისა:„რამდენი წელია უკვე ნაკრებში ვარ, დიდი გზა გამოვიარეთ, გამოცდილებაც დავაგროვეთ და მინდა თამამად განვაცხადო, რომ ეროვნული ნაკრების ეს მოსამზადებელი გეგმა ჩემი აზრით არის საუკეთესო განვლილ წლებთან შედარებით. შარშანაც იყო გარკვეული შეცდომები, რაც გავაანალიზეთ ერთად ხელმძღვანელობამ, სამწვრთნელო შტაბმა, მოთამაშეებმა და შემუშავდა საკმაოდ მისაღები მოსამზადებელი გეგმა. არის კიდევ ერთი კარგი მომენტი, რაც ჩვენდა სასიხარულოდ დაემთხვა. ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვთამაშობთ ადგილობრივი დროით 3 საათზე, შემდეგ კი ჯგუფის დარჩენილი ოთხივე მატჩი ერთი და იმავე დროს, 6 საათზე გვექნება. როგორც ყოფილი მოთამაშე, ვიცი რომ ეს არის ძალიან კომფორტული, როცა ასეთი დატვირთული, ყოვედლღიური გრაფიკია და თამაშები ერთი და იმავე დროსაა. ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იქნება ჩვენს ისტორიაში“.

კოტე ტუღუში:„სასიხარულოა, რომ ყველა ის უძლიერესი მოთამაშე, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში რიგი მიზეზების გამო ვერ ვკრებდით ერთად, ნაკრებში არიან. მიზეზები ძირითადად ტრავმებს უკავშირდებოდა და ახლა საბედნიეროდ ყველა ჯანმრთელადაა და იმედს ვიტოვებ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება. როგორც ბატონმა ვლადიმერ ბოისამ აღნიშნა, თუკი ოპტიმალური შემადგენლობა ბოლომდე შენარჩუნდა, კარგი შანსი გვაქვს, ევროპის ჩემპიონატებზე ჩვენი საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

პაატა ლობჟანიძე:„ვლადიმერ ბოისას დავეთანხმები, რომ წელს ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი საუკეთესოდ არის დაგეგმილი. მთავარი რა არის - გუნდმა საკმარისი სპარინგ-მატჩები ითამაშოს სოლიდურ მეტოქეებთან და ბევრი მოგზაურობა არ მოუწიოს. გეგმა ისეა შედგენილი, რომ ნაკრების მოთამაშეებს ძალიან მცირე მოგზაურობა უწევთ. იმ ქალაქებს შორის, სადაც სათამაშოდ უნდა ჩავიდეთ, 2-3 საათის სამგზავროა ავტობუსით. ამასთან, პირველად ხდება, რომ ჩვენი მეტოქე ჩამოდის იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ვართ დაბანაკებულნი. ასე მოხდება 5-6 აგვისტოს სლოვენიის კურორტ პოტჩეტრტეკში, სადაც ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები, ბოსნია ჩამოვა და 2 ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ. ძალიან სოლიდური ტურნირები გველის თბილისში, საფრანგეთში და იტალიაში. ვხვდებით ევროპის წამყვან ნაკრებებს - საფრანგეთს, რუსეთს და იტალიას 2-ჯერ. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ნაკრებმა წელს მაღალი შედეგი აჩვენოს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

გამთამაშებლები: გიორგი ცინცაძე („შსს აკადემია“), ჯეიკობ პულენი („ბრინდიზი“, იტალია), ოთარ ფხაკაძე („ლანგსტონი“, აშშ, NCAA), ბექა წივწივაძე („შსს აკადემია“)

მსროლელები: მანუჩარ მარკოიშვილი (ცსკა, რუსეთ), დუდა სანაძე („სან დიეგო“, აშშ, NCAA), ნოდარ გოგოძე („ოლიმპი“), ბესო ლეჟავა („დინამო“), მიხეილ ჭოჭუა („რუსთავი“), ლევან ფაცაცია (უგუნდო)

ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე (უგუნდო), გიგა ჯანელიძე („როზეტო“, იტალია, მესამე ლიგა), თორნიკე შენგელია („ლაბორალ კუჩა“, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე („კორუნა“, ესპანეთი, მეორე ლიგა), ნიკა მეტრეველი („შსს აკადემია“)

ცენტრები: ზაზა ფაჩულია („მილუოკი ბაქსი“, აშშ, NBA), გიორგი შერმადინი („კანტუ“, იტალია), გიორგი შარაბიძე („შსს აკადემია“)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091348