საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტი “საბურთალო” მომავალი სეზონისთვის მზადებას 1-ელ ივლისს შეუდგება. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 29 და 30 ივნისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს. “საბურთალო” საშინაო მატჩების ჩატარებას “ბენდელაზე” გეგმავს, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, რომ უმაღლესი ლიგის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
“საბურთალომ” ზაფხულში თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატა. სამაგიეროდ, გუნდი მცველმა ჯიმი ტაბიძემ დატოვა, რომელიც ბელგიის ჩემპიონ “გენტში” გადავიდა.