ფეხბურთი

16:03 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის სუპერთასზე ქართველებისთვის 24 000 ბილეთი გაყიდება, ევროპელებისთვის 6 000 (+VIDEO)

ქართველი გულშემატკივრებისთვის უეფას ევროპის სუპერთასზე დასასწრები ბილეთები biletebi.ge-ზე 30 ივნისს თბილისის დროით 9:00 საათიდან გაიყიდება. ქართველი ქომაგებისთვის 24 000 ბილეთია გამოყოფილი. დარჩენილი 6 000 ბილეთი, რომლებიც უცხოელი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი, 1 ივლისს ევროპის დროით 9:00 საათზე (თბილისის დროით 11:00 საათზე) ასევე biletebi.ge -ზე გაიყიდება. ამის შესახებ 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადა. ჟურნალისტებთან შეხვედრას, სიჭინავასთან ერთად, biletebi.ge -ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი და სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი დაესწრნენ.

დომენტი სიჭინავა: “უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და biletebi.ge -ს შორის მიღწეულია სამმხრივი ხელშეკრულება და უეფამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის 24 000 ბილეთი გაიყიდოს. ქართველი ქომაგებისთვის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს დილის 9:00 საატზე biletebi.ge -ზე დაიწყება. 1 ივლისს biletebi.ge ევროპის დროით 9:00 საათზე ბილეთებს ევროპელებისთვის გაყიდის. ბილეთების გაყიდვის დროს არ იქნება ლატარიის პრინციპი გამოყენებული, არამედ იქნება რიგი. biletebi.ge-მ ყველა ხარვეზი გამოასწორა და მონიტორინგი გაიარა. 30 ივნისს 9:00 საათზე ყველაფერი განულდება და რიგი დაიწყება”.

ამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში წარმოადგინეს ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს თუ როგორ უნდა შეიძინოს გულშემატკივარმა ბილეთი. ვიდეორგოლი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზეც განთავსდება, ასევე ამავე ვებგვერდზე და biletebi.ge -ზე დაიდება ინსტრუქცია, რომლის მიხედვით ქომაგი ევროპის სუპერათასის ბილეთებს შეიძენს.”

გიორგი ჩხიკვიშვილი: “კარგად იცით, რომ ჩვენმა საიტმა დატვირთვას ვერ გაუძლო, ამიტომ 2-დონიანი დაცვა დავაყენეთ. თუ მომხმარებელი გაივლის პირველ გაფილტვრას, ჩადგება რიგში. წუთში 50 მოქალაქეს შეეძლება ბილეთის შეძენა. ეს მონაცემები შეიძლება ან ავწიოთ, ან დავწიოთ. უეფა მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგა და ტექნოლოგიურად დაგვეხმარა. მისი მხრიდან სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ კუთვნილი 45 000 ევრო არ ჩაგვრიცხვია. ჩვენი საიტის დაცვა არის სერიოზული, მომხმარებელმა რამდენჯერაც არ უნდა განაახლოს საიტი, მაინც რიგში ჩადგომა მოუწევს.”

სიჭინავამაც აღნიშნა, რომ უეფას მხრიდან სანქციებზე საუბარი არ ყოფილა: “ამ ერთი კვირის განმავლობაში იმით ვიყავით დაკავებულნი რომ პრობლემა მოგვეგვარებინა. რაც შეეხება biletebi.ge -ს, უეფამ დაგვავალა რომ მომხმარებლისთვის ბილეთების გაყიდვის დრო გაგვეცნო და ვიდეორგოლი დაგვემზადებინა. ვინმეს დასჯაზე საუბარი არ ყოფილა. გასულ ორშაბათს, როდესაც ბილეთების გაყიდვის პრობლემა შეიქმნა, ჩვენ შევეცადეთ biletebi.ge -თან ურთიერთობა გაგვეწყვიტა და ახალი გამოსავალი მოგვეძებნა, თუმცა უეფამ გვითხრა, რომ პარტნიორი არ უნდა შეგვეცვალა, რადგან biletebi.ge-ს 6-წლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი რამ სხვადასხვა თამაშებზეც ხდება. უბრალოდ უეფას გაუკვირდა, რომ ბილეთებზე ასეთი აჟიოტაჟი იყო. ჩვენ ავუხსენით, რომ არ ვართ პრაღა, არც სხვა ევროპული ქვეყანა და საქართველოში ფეხბურთი სხვანაირად უყვართ. კარგი გამოცდილება მივიღეთ, რომ სხვა მსგავს ტურნირებს უფრო მომზადებულნი შეხვდეთ. ყველა ის ბილეთი, რომლებსაც ევროპელები არ შეიძენენ, ქართველ გულშემატკივრებს დაუბრუნდებათ. ბილეთების ყიდვა მანამ არ შეწყდება, სანამ ბოლომდე არ გაიყიდება.

0.170241