საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი ჩეხეთისა და უნგრეთის ნაკრებების 5:0-ით ძლევის შემდეგ, ფინალში საფრანგეთთან 1:4 დამარცხდა.
უმაღლესი ტიტულის ბედი პირველი სამი წონითი კატეგორიის შეხვედრაში გადაწყდა. ამირან პაპინაშვილი (66 კგ) ლუის კორვალთან იპონით დამარცხდა, ნუგზარ ტატალაშვილს (73 კგ) პიერ დუპრამ ოქროს დროში აღებული იუკოთი აჯობა. ასევე იუკომ გადაწყვიტა ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ლუის პიეტრის შეხვედრის ბედიც, ოღონდ ძირითად დროში.
90 კილოგრამში საქართველოს სახელით ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა და პრესტიჟის ქულაც აიღო, ოღონდ უბრძოლველად - ალექსანდრე იდირმა ჭიდაობისგან თავი შეიკავა. მისგან განსხვავებით, უკან არ დაუხევია სირილ მარეს (+90 კგ) – ინდივიდუალურ პირველობაზე 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს პრიზიორმა ადამ ოქრუაშვილი შებოჭა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ევროთამაშებზე ძიუდოისტთა პროგრამა საფრანგეთის სრული ტრიუმფით დაგვირგვინდა. ქალთა გუნდური ჩემპიონატიც ფრანგებმა მოიგეს, ფინალში გერმანიის 4:1 ძლევით.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან