ბაქოს ევროპის თამაშებზე ძიუდოისტთა ინდივიდუალური პირველობა საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. საერთო ქართულ მონაგარს მეორე ოქროს მედალი ადამ ოქრუაშვილმა შემატა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა საჩემპიონო ბრძოლაში ებრაელი ორ სასონი 2 წუთსა და 40 წამში შებოჭა და ბაქო 2015-ის ოქროს მედალთან ერთად ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ოქროსაც დაეუფლა. ამასთან, პირადი რეიტინგი 400 ქულით გაიუმჯობესა.
ფინალამდე ოქრუაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და პოლონელი მაციეჟ სარნაცკი მე-5 წუთზე დასცა ბეჭებზე. მეოთხედფინალში წილისყრამ თანაგუნდელ ლევან მატიაშვილის დაუპირისპირა და ქართული ბრძოლის ბედი ერთმა იუკომ გადაწყვიტა. ფინალის საგზური კი ადამმა ლიტველი მარიუს პასკევიჩუსის იპონით ძლევით მოიპოვა.
დღესვე, ევროკონკურენციაში სულ 4 ქართველი ჩაერთო და დილის პროგრამა ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმალური შედეგით დაასრულა - ორი ფინალში გავიდა, ორიც რეპეშაჟის ფინალში. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რომ 90 და +100 კილოგრამებში საქართველოს ნაკრების წევრები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ.
ოქრუაშვილისა და მატიაშვილის დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგა. ვარლამ ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) გზები კი ნახევარფინალში გადაიკვეთა და ლიპარტელიანმა ორი ვაზარით იმარჯვა. ამ შეხვედრის შედეგით ევროპის 2-გზის (2012 2014) ჩემპიონმა ზედიზედ მე-7 ევროპირველობის მედალი გაინაღდა, რაც თანამედროვე ძიუდოში სარეკორდო მაჩვენებელია. მესამედ გაჩემპიონებამდე კი ლიპარტელიანს რუსი კირილ დენისოვის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა დაუსრულებელი შებოჭვით მოპოვებული იუკოთი მოიგო.
ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი კი საბოლოოდ მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. ღვინიაშვილი რეპეშაჟის ფინალში, უილეთო ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით დამარცხდა ილიას ილიადისისა და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურთან. მატიაშვილმა კი საფინალო გონგამდე 15 წამით ადრე დაკარგული იუკოთი წააგო, რუსეთის ნაკრების წევრ რენატ საიდოვთან.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თამაშებზე 2-2 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები სულ 5 წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და ხუთივეში საპრიზო სამეულში მოხვდნენ.
წინ კი გუნდური პირველობაა!
ძიუდო
ევროპის თამაშები
ბაქო
25 ივნისი
კაცები
60 კგ
1 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)
66 კგ
1 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
2 ლუის კორვალი (საფრანგეთი)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
3 სებასტიან საიდლი (გერმანია)
ქალები
48 კგ
1 შარლინ ვან სნიკი (ბელგია)
2 ებრუ შაჰინი (თურქეთი)
3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 ირინა დოლგოვა (რუსეთი)
52 კგ
1 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)
2 ანაბელ ორანი (საფრანგეთი)
3 მარინ კრაე (გერმანია)
3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)
57 კგ
1 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
2 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)
3 ნორა გჟაკოვა (კოსოვო)
3 მირიამ როპერი (გერმანია)
26 ივნისი
კაცები
73 კგ
1 საგი მუკი (ისრაელი)
2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)
3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
3 ალექსანდერ ვიეჟერზაკი (გერმანია)
ქალები
63 კგ
1 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
2 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)
3 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)
3 იარდენ გერბი (ისრაელი)
70 კგ
1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
2 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)
3 ბერნადეტ გრაფი (ავსტრია)
3 სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)
27 ივნისი
კაცები
90 კგ
1 კირილ დენისოვი (რუსეთი)
2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
3 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)
5 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
100 კგ
1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
2 ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი)
3 სირილ მარე (საფრანგეთი)
3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 ორ სასონი (ისრაელი)
3 რენატ საიდოვი (რუსეთი)
3 იაკივ ხამო (უკრაინა)
5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
ქალები
78 კგ
1 მარჩინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
2 ლუიზ მალზანი (გერმანია)
3 ანამარი ველენსეკი (სლოვენია)
3 გუუსიე სტენჰუისი (ჰოლანდია)
+78 კგ
1 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)
2 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)
3 სვიტლანა იარომკა (უკრაინა)
3 ბელკის ზეჰრა კაია (თურქეთი)
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან