ფეხბურთი

19:11 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუფასებელი ლეგენდა

მხოლოდ სახეზე დაკვირვებით ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი კი არის, მაგრამ თვით მადრიდის "რეალის" მატიანეა. დიახ, ასეა, რაულ გონსალეს ბლანკო, უფრო უკეთ რომ ვიცნოთ, რაული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული გუნდის, გამორჩეული ფეხბურთელი იყო. თუმცა რატომ იყო? - ახლაც არის. რაული მადრიდის "რეალისთვის" აღარ ირჯება, მაგრამ ეჭვგარეშეა ეს მხოლოდ პირობითი რამაა. ისე კი რაული "სამეფო კლუბის" ნაწილია.

არადა, კლუბის ხელმძღვანელები ამ გენიოსს მთლად მართებულად ვერ მოექცნენ. მაშინ როცა მისთვის "სანტიაგო ბერნაბეუს" მწვანე მინდორზე ყოფნის დრო მავანთა გამო ამოწურულად იქნა მიჩნეული, რაული არც მთლად "პენსიონერთა" რიგებს მიეკუთვნებოდა. ასეც რომ ყოფილიყო, მეტ პატივისცემას უდავოდ იმსახურებდა. ამაზე დავაც კი უტოპიას ჰგავს....

სხვა თუ არაფერი რაული დღემდე გუნდის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორთა ჩამონათვალს ზემოდან დაჰყურებს. თანაც, რა ფეხბურთელთა გვერდით?! - ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში, უგო სანჩესი, კრიშტიანუ რონალდუ...

ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით, სულ მალე ზემოხსენებულ რეკორდს დაამხობს. ეს კი ნამდვილად ბედის ირონია იქნება. რატომ? - რაულის შემდეგ მისი 7 ნომრიანი მაისური "რეალში" სწორედ პორტუგალიელმა მოირგო, როგორც ჩანს ეს ციფრი მადრიდში მაგიურია...

ისე კლუბში, სადაც ესპანელმა ყველა ეტაპი გაიარა, ხოლო ძირითად გუნდში 16 სრული წელიწადი გაატარა, ნაკლებად დააფასეს, ვიდრე იმ კლუბში, სადაც მხოლოდ ორი წელი იღვაწა და სადაც "რეალიდან" აბარგებულმა გააგორა ბურთი. ეს გუნდი გელზენკირხენის "შალკეა", რომელშიც რაულის ნაცვამი 7 ნომერი სამუდამოდ გააუქმეს. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ერთი შეხედვით...

რაულის და მადრიდის "რეალის" რომანი 1992 წელს დაიწყო. მაშინ, როცა ჯერ კიდევ 15 წლის ბიჭუნა "ბლანკოსს" მოსისხლე მტერ "როხიბლანკოდან", "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მაშინ ყველაზე დიდი ოპტიმისტიც ვერ წარმოიდგენდა, რომ რაული დიადი გუნდის უდიადესი წევრი გახდებოდა. "რეალის" მთავარ გუნდში კი მისი დებიუტი 1994 წელს შედგა, როცა ის ჯერ კიდევ 17 წლისა გახლდათ. ამის შემდეგ მადრიდში იცვლებოდნენ მწვრთნელები, ფეხბურთელები, მაგრამ რჩებოდა რაული, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს და ამ დასასრულს ვერც რაული გაექცეოდა, მაგრამ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, უკეთესი დასასრულიც შეიძლებოდა. თანაც ბევრად უკეთესი!

თითქოს უიღბლო ვარსკვალვზე გაჩენილია გონსალეს ბლანკო. როგორ გინდა უწოდო გენიოსს უიღბლო ვარსკვლავზე გაჩენილი, მაგრამ იგი არც ესპანეთის ნაკრებში იქნა დაფასებული. "ფურიე როხას" რიგებში მან ზუსტად 10 წელი გაატარა და 102 მატჩში თავი 44-ჯერ გამოიჩინა. მიუხედავად სხვადასხვა ტურნირებზე პირინელთა ფავორიტობისა, რაულმა ნაკრებთან ერთად სერიოზული გამარჯვება ვერ გამოჭედა.

29 წლის ასაკში კი მასზე უარი ლუის არაგონესმა თქვა - აწგანსვენებულმა სპეციალისტმა ფეხბურთელი 2008 წლის ევროფორუმის მიღმა დატოვა, იქ კი ესპანეთმა ერთობ ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა... არადა, იმხანად მართლაც არ იყო ურიგო კონდიციებში ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი და ავსტრია-შვეიცარიაში რომ არაგონესს ეახლა, იმ გუნდს თუ არ არგებდა, არც არაფერს დაუშავებდა. მას შემდგომ რაც მისთვის სანაკრებო კარი საბოლოოდ აიჭედა, ესპანეთმა ყველაფერი მიჯრით მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად ვერც ჩვენ გავექცევით და ვერც თვითონ რაული....

მისი კიდევ ერთი უიღბლობა პირად ჯილდოსთან ასოცირდება - გულში, თავისთვის, ალბათ, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ოქროს ბურთის" დაპატრონებაზე. ამას რაულის ბუნების ადამიანი ხმამაღლა არც არასდროს აღიარებს, მაგრამ.

2001 წელი ბევრის მოსაზრებით სწორედ ესპანელი თავდამსხმელის იყო, თუმცა... "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში მასზე წინ ინგლისელი მაიკლ ოუენი დადგა. ესეც მორიგი პარადოქსი, რომელიც რაულის თავს დატრიალებულა.

თუმცა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ფეხბურთის გურმანთ იმავე ოუენსა და რაულს შორის არჩევანის გაკეთება რომ სთხოვო... ვგონებ პასუხი თითოეულმა თქვენგანმაც კარგად იცით, თქვენსავე გულში...

ფეხბურთელისთვის კი ალბათ, ყველაზე ფასეული ჯილდო გულშემატკივრის სიყვარული და აღიარებაა, თორემ რაული, რომ გაცილებით დიდი ფეხბურთელია, ვიდრე იგივე ოუენი ან თუნდაც დანიელ გუიზა... ისე, გახსოვთ ეს ფეხბურთელი? - გუიზა ის ადამიანია, ვინც არაგონესმა ევრო 2008-ზე რაულს ამჯობინა. ვგონებ აქ კომენტარიც ზედმეტია!

მეტიც - ჩემი აზრით, "რეალის" ჭეშმარიტ ქომაგებში რაულის სიყვარულში ვერც მისი მაისურის ღირსეული მატარებელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი პორტუგალიელიც შეედრება...

რაულმა შესაძლოა, კონკრეტული პირებისგან დიდი პატივისცემა ვერ დაიმსახურა, მაგრამ მან საფეხბურთო საზოგადოების აღიარება და სიყვარული მეტიმეტად მოიხვეწა და ეს მთავარია, ყველაზე საპატივცემულოა, ყველაზე საამაყოა...

ზუსტად 38 წლის წინ, 1977 წლის 27 ივნისს მადრიდში ლეგენდა დაიბადა სახელად - რაულ გონსალეს ბლანკო, იგივე რაული...

თეგებირაული
0.242711