"შეიძლება ადამ ოქრუაშვილი საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ბოლო პერიოდში ნაჭიდავებ ტურნირებთან შედარებით, გაცილებით ძლიერად ჭიდაობს და შედეგიც სახეზეა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა დავით ხახალეიშვილმა, რომელიც ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრთა გამოსვლას ტრიბუნიდან ადევნებს თვალყურს.
"დღეს ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მძიმე წონაში ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. ადამ ოქრუაშვილს ყველა კონკურენტის დამარცხება შეუძლია და იმედია ასეც იქნება” – დასძინა ხახალეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ბაქო 2015-ზე ევროკონკურენციაში ოთხი ქართველი ჩაერთო და დილის პროგრამიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მაქსიმალური შედეგი მიიღო – ორი ოქროს და ორიც ბრინჯაოს შანსი.
ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ფინალში რუს კირილ დენისოვს შეხვდება. ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) – ებრაელ ორ სასონს. რეპეშაჟის ფინალში კი ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მეტოქე ილიას ილიადისის და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური იქნება, ხოლო ლევან მატიაშვილს (+100 კგ) ბრინჯაოს მედალს რუსი რენატ საიდოვის ძლევა აშორებს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან