ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე დღეს მამაკაცებში მედლები ბოლო სამ წონით კატეგორიაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს სახელით კი ამ წონებში საპრიზო სამეულისთვის 4 ძიუდოისტი იბრძვის და შეჯიბრება ოთხივემ წმინდა გამარჯვებით გახსნა.
ევროთამაშებზე მეორე ნომრად განთესილმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მეთექვსმეტედფინალში უნგრელი გაბორ ვერი წუთნახევარში გააკრა ტატამს. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) თურქი ბატუჰან ეფემგილი სამწუთნახევარში შებოჭა. ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) პოლონელ მაციეჟ სარნაცკის მეოთხე წუთზე მოუმთავრა საქმე. ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური მე-5 წუთის დასაწყისში დასცა ბეჭებზე.
მერვედფინალში ლიპარტელიანი ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა. ამავე ეტაპზე ღვინიაშვილის მეტოქე სერბი დმიტრი გერასიმენკო იქნება. ჩვენი მძიმეწონოსნები კი უკვე მეოთხედფინალში არიან, სადაც ერთმანეთთან დაჭიდება მოუწევთ.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან