ევროპის ლიგის გამარჯვებული ესპანური “სევილია”, რომელიც აგვისტოში სუპერთასის შეხვედრისთვის თბილისს უნდა ეწვიოს, შესაძლოა საუკეთესო ბომბარდირის, კარლოს ბაკას გარეშე დარჩეს.
კლუბის ხელმძღვანელობას 28 წლის კოლუმბიელის შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ კონტრაქტში გაწერილი გამოსასყიდი თანხის გადამხდელი გუნდი გამოჩნდება, ტრანსფერს წინ ვერ აღუდგებიან, ბაკას მსურველები კი მრავლად არიან.
Sky Italia-ს ცნობით, “მილანმა” კარლოსის შეძენის სურვილი გამოთქვა და მზადაა ტრანსფერში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “სევილიამ” იტალიელებს ფეხბურთელთან მოლაპარაკების და პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმების უფლება მისცა. გარდა “მილანისა”, კოლუმბიელის შეძენის სურვილი “რომას”, მადრიდის “ატლეტიკოს” და “ლივერპულსაც” აქვთ.
“მილანი” ახლოს იყო ჯექსონ მარტინესისა და ჯოფრი კონდოგბიას ტრანსფერთან, მაგრამ ეს შეთანხმებები ბოლო მომენტში ჩაიშალა. რაც შეეხება ბაკას, მან პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.