გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გორის "დილას" გიორგი ნავალოვსკისა და ალექსანდრე ამისულაშვილის ტრანსფერები ჩაეშალა. გარდა ამისა, შესაძლო იყო, რომ ოთარ მარცვალაძე თბილისის "დინამოში" გადასულიყო.
"მსოფლიო სპორტი" თურქეთში მყოფ "დილას" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა. როგორც 25 წლის სპეციალისტმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამისულაშვილი კარიერას მართლაც სხვა გუნდში გააგრძელებს, ხოლო ნავალოვსკი და მარცვალაძე კი მომდევნო სეზონს შიდაქართლურ გუნდში გაატარებენ.
გარდა ამ საკითხებისა, სოსიაშვილს მომდევნო მეტოქის, "პარტიზანის”, თურქული შეკრებისა და საერთოდ, მიმდინარე სატრანსფერო პოლიტიკაზეც გავესაუბრეთ.
- გავრცელდა ცნობა, რომ გიორგი ნავალოვსკისა და ალექსანდრე ამისულაშვილის ტრანსფერები გორის "დილაში" ჩაიშალა...
- ნავალოვსკის ტრანსფერი გადაწყვეტილია. იგი ორ-სამ დღეში ოფიციალურად კონტრაქტს გააფორმებს და შემოგვიერთდება. რაც შეეხება ამისულაშვილის - ვადასტურებ, იგი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.
- ოთარ მარცვალაძემ უკვე ითამაშა "შირაქის" წინააღმდეგ, თუმცა მასზე ითქვა, რომ შესაძლოა, თბილისის "დინამოში" გადავიდეს...
- არა, ტყუილია. მარცვალაძემ ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომდევნო სეზონს "დილაში" ჩაატარებს.
- გიორგი ილურიძის ტრანსფერიც დადასტურდა?
- დიახ, ილურიძემაც მარცვალაძის მსგავსად ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
- "დილას" ნუკრი რევიშვილის ტრანსფერი ჩაეშალა. მის გარდა, გუნდი გიორგი სომხიშვილმა და ომარ მიგინეიშვილმა დატოვეს. ახლა, თქვენს განკარგულებაში მხოლოდ მიშა მუჯრიშვილია. "პარტიზანთან" მატჩამდე ამ პოზიციას გააძლიერებთ?
- დიახ. უკრაინელი ალექსეი შევჩენკოს დამატება უკვე გადაწყვეტილია, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა.
- სხვა პოზიციებზე თუ იქნება რაიმე სიახლე?
- იქნება. "პარტიზანთან" თამაშამდე ერთი ფეხბურთელი დაგვემატება, ორ დღეში ყველაფერი ცნობილი გახდება. ახლა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართველია, რომელიც თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელია და ასაკობრივი ნაკრებების წევრია. ბოლოს კი უცხოეთში თამაშობდა.
- ამბობენ, გუნდიდან მამუკა ჯუღელი წავიდაო. კონკრეტულად რა თანამდებობა ეკავა მას “დილაში”?
- ჯუღელი "დილაში" არ მუშაობდა და შესაბამისად, თანამდებობასაც ვერ დაიკავებდა. უბრალოდ, იგი საფეხბურთო მენეჯერია და მისი რამდენიმე ფეხბურთელი "დილაში" თამაშობდა.
- სად გაივლის გუნდი შეკრებას?
- თურქეთში, სადაც დღეს ჩავედით და აქ 11 ივლისამდე დავრჩებით. შემდეგ კი პირდაპირ "პარტიზანთან" სათამაშოდ წავალთ.
- სპარინგ მეტოქეების ვინაობა ცნობილია?
- თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. აქედან ორი მეტოქე, უკრაინული "ვოლინი" და თურქული "ქაისერისპორი" იქნება, ხოლო ორთან ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
- თუ ნახეთ ბელგრადის "პარტიზანის" ბოლო ამხანაგური მატჩები და რა შთაბეჭდილება დატოვა ამ გუნდმა?
- ამხანაგური შეხვედრები არ გვინახია, მაგრამ ვნახეთ ჩემპიონატის შეხვედრები. ახლა კიდევ ვცდილობთ მათზე ინფორმაციის მოგროვებას და ვნახოთ, როგორ შედეგს ვაჩვენებთ მათ წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩებში.
- "დილას" სტადიონს უეფას წარმომადგენელი ეწვია. თუ არის გადაწყვეტილი სად ითამაშებს "დილა" "პარტიზანთან" საშინაო მატჩს, გორში თუ თბილისში?
- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. უეფას წარმომადგენელმა შენიშვნები მოგვცა, რომელიც ჩემი აზრით, დარჩენილ დროში სავსებით აღმოსაფხვრელია და ვფიქრობ, გორი მზად იქნება ამ თამაშის სამასპინძლოდ.