რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაიწყო გამოჩენილი საჭადრაკო მოღვაწის ვლადიმირ დვორკოვიჩის მეათე საიუბილეო თასის გათამაშება იუნიორთა შორის, სადაც წარმატებული სტარტი აიღო საქართველოს ნაკრებმა.
სულ, ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ლატვია, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და დვორკოვიჩის კლუბი. თითოეული გუნდის შემადგენლობაში 3 ჭაბუკი და 1 გოგონაა.
შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი გიორგი სიბაშვილი, ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია და ნინო ხომერიკი იცავენ. გუნდის კაპიტანი საერთაშორისო ოსტატი აკაკი იაშვილია.
პირველ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ინდოელი თანატოლები 4:0 დაამარცხეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, შესაბამისად, ჩინეთი და ლატვია 3:1 დაამარცხეს, ხოლო დვორკოვიჩის საკლუბო გუნდმა რუსეთის ნაკრებს 2.5:1.5 სძლია.
მე-2 ტურში ქართველმა მოზარდებმა აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები 3:1 დაამარცხეს. გიორგი სიბაშვილმა (2388) ისმაილ შახალიევს (2368) მოუგო, ნინო ხომერიკმა (2244) კი – აიდან ხოიატოვას (2202). ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ნოე თუთისანმა (2300) – ულვი სადიკოვთან (2379), ხოლო ნიკა ღვამბერიამ (2133) – ნიაზ ნაღდიევთან (2250).
ანალოგიური ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს რუსეთმა ლატვიასთან და დვორკოვიჩის საკლუბო გუნდმა – ინდოეთის ნაკრებთან. 2.5:1.5 გაიმარჯვეს ჩინელებმა სომეხ თანატოლებთან.
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება ქართველების გარდა, მხოლოდ მასპინძელთა წარმომადგენელ დვორკოვიჩის გუნდს გააჩნია. თუმცა, საერთო ჯამური ქულებით ჩვენები 1.5 ქულით უსწრებენ მეტოქეს.
დღეს, სწორედ ლიდერთა დაპირისპირება შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ათუკა , ამხელა კაცია . ავთანდილია ბიჭი და რატომ აათუკებთ ?