ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე ძიუდოს წილისყრა გაიმართა და უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრების წევრები ერთმანეთს ფინალამდე დაუპირისპირდებიან. ვარლამ ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის (ორივე 90 კგ) სატურნირო გზები ნახევარფინალში იკვეთება, ხოლო ადამ ოქრუაშვილის და ლევან მატიაშვილის (ორივე +100 კგ) – მეოთხედფინალში.
ლიპარტელიანი ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, უნგრელ გაბორ ვერთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში უკრაინელი ვადიმ სინიავსკისა და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მოწინააღმდეგეთა შორის კი პირველ ყოვლისა ფრანგი ალექსანდრე იდირი უნდა გამოვარჩიოთ.
ღვინიაშვილი მეთექვსმეტედფინალში თურქ ბატუჰან ეფემგილს შეხვდება. თუ გასცდება, ჩეხი დავიდ კლამერტისა და სერბეთის სახელით მოჭიდავე დმიტრი გერასიმენკოს პირისპირ დადგება. ხოლო მეოთხედფინალში დიდი ალბათობით რუს კირილ ვოპროსოვსა და ჰოლანდიელ ჯილომ ელმონს შორის უძლიერესს.
ქართველთა ბადის საპირისპირო მხარეს მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგსიის ახალი ლიდერი – უნგრელი კრიშტიან ტოთი და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ილიას ილიადისისა და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური.
ადამ ოქრუაშვილსა და ლევან მატიაშვილს ერთმანეთთან დაჭიდებამდე თითო ეტაპი აქვთ გასავლელი. ევროთამაშებში ორივე მეორე წრიდან ჩაერთვება. ოქრუაშვილი ესპანელ დავიდ ფერნანდესსა და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შორის მოგებულს შეხვდება, ხოლო მატიაშვილი – აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურისა და სლოვენიელ მატიაზ სერაჟის წყვილიდან გასულს. შეჯიბრების მონაწილეთა წინასწარ სიაში თანამედროვე ძიუდოს სუპერვარსკვლავი ტედი რინერიც შედიოდა, მაგრამ ფრანგმა მძიმეწონოსანმა ბაქოში ჩამოსვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
90 და +100 კილოგრამებში მოჭიდავე მამაკაცები საქმეში ინდივიდუალური ჩემპიონატისთვის განკუთვნილ მესამე დღეს – 28 ივნისს ჩაებმებიან. იქამდე კი... ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან კიმონოს პირველი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) მოირგებს. ნაკრების უმსუბუქესი წევრი ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაშლილ ტატამზე 25 ივნისს გავა. წილისყრამ იგი პირდაპირ მერვედფინალში განთესა. პირველ ბრძოლას კი რუმინელ ამადო ლაზეასა და ებრაელ არტიომ არშანსკის წყვილიდან გასულს შორის გამართავს. მეოთხედფინალში ჩვენებურის სავარაუდო მეტოქეები არიან: ფრანგი ვინსენტ ლიმარი, ჰოლანდიელი ხეროენ მუურენი, ბრიტანელი ეშლი მაკკენზი და იტალიელი კარმინე მარია დი ლორეტო. ნახევარფინალის შესაძლო მოწინააღმდეგეთა შორის კი რუსეთის ნაკრები ბესლან მუდრანოვი უნდა გამოვარჩიოთ.
27 ივნისს მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება და ევროკონკურენციაში ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ) ჩაებმებიან.
ტატალაშვილი ბ ქვეჯგუფის ლიდერია. პირველ წრეში დაისვენებს და სავარაუდო მეტოქეების – თურქი ბაირამ ჩეილანისა და ფრანგი ფლორენტ ურანის დაპირისპირებას დააკვირდება. ამავე ქვეჯგუფშია ევროპის 2013 წლის ჩემპიონი სლოვენიელი როკ დრაკშიჩი. მისი და ჩვენებურის გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაკვეთს.
შავდათუაშვილი სატურნირო ბადეში საპირისპირო მხარეს მოხვდა და პირველ წრეში მეტოქედ ფრანგი პიერ დუპრა ერგო. ამ წყვილიდან გასული ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს დაეჭიდება. მერვედფინალში კი შესაძლოა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალი განმეორდეს, თუკი ლაშას გარდა ამ ეტაპამდე უნგრელი მიკლოშ უნგვარიც მივა.
ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროთამაშებზე პირველ ნომრადაა განთესილი და უმთავრეს კონკურენტს – ფრანგ ლუის პიეტრის ფინალამდე არ გადაეყრება. ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პირველ წრეში დაისვენებს. მასთან დასაჭიდებლად კი ერთმანეთს ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო და ბულგარელი ივაილო ივანოვი შეხვდებიან. მერვედფინალში ჭრიკიშვილის სავარაუდო მეტოქეები ესტონელი ევგენი სალეევი და ლატვიელი კონსტანტინს ოვჩინიკოვსი არიან. ხოლო მეოთხედფინალში: საბერძნეთის ნაკრების წევრი რომან მუსტოპულოსი, ებრაელი ასაფ ჩენი, ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა და პორტუგალიელი დიოგო ლიმა.
მარგიანი ლუის პიეტრის ქვეჯგუფშია და მას შეიძლება მეოთხედფინალში დაეჭიდოს. იქამდე კი ორივემ ორ-ორი ეტაპი უნდა დაძლიოს. საქართველოს ნაკრების წევრი შეჯიბრებას სლოვაკ მატუს მილიჩოვსკისთან შეხვედრით გახსნის. მერვედფინალში კი გერმანელ ალექსანდრ ვიეჟერზაკს, ებრაელ სვეინბიორნ იურასა და ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
საქართველოს ორი მონაწილე ქალებშიც ეყოლება. ორივე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ესტერ სტამი ევროპის თამაშებს იტალიელ ჯიულია კანტონისთან შეხვედრით გახსნის. ნინო ოძელაშვილს კი პირველ მეტოქედ ბელგიელი ლოლა მანსური ერგო.
დაბოლოს, ევროპის პირველ თამაშებს ძიუდოისტთათვის ერთი დამატებითი დატვირთვაც ექნება – ევროპის ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალ შეჯიბრებას ევროპის ჩემპიონატის სტატუსიც დაემატა და ოქროსმედალოსნები ავტომატურად კონტინენტის 2015 წლის ჩემპიონებადაც გამოცხადდებიან. ამასთან, პირად რეიტინგს 400 ქულასაც შემატებენ. ფინალისტებს 240 ქულა ერგებათ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს – 160.