ფეხბურთი

17:57 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუთუ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია?..

"მე არ მჭირდება ლამაზი ვარცხნილობა და მშვენიერი სხეული. მხოლოდ ბურთი მომეცით და განახებთ, რისი გაკეთება შემიძლია" - ზუსტად 28 წლის წინ არგენტინის ქალაქ როსარიოში ადამიანი დაიბადა არაადამინაური შესაძლებლობებით. ლიონელ მესის საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დაუსრულებია და უკვე ითვლება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიად ფეხბურთელად.

482 მატჩი, 412 გოლი.

112 საგოლე გადაცემა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

286 გოლი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

73 გოლი ერთ სეზონში.

77 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

24 ჰეთ-თრიქი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

4 ოქროს ბურთი...

ეს ის სარეკორდო ჩამონათვალია, რაც 1.67 სმ-ის სიმაღლის მქონე ფეხბურთელმა 28 წლის ასაკში მოასწრო, დანარჩენს მომავლისთვის გვინახავს... არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მისი არათუ კარიერა, არამედ საერთოდ ცხოვრება, რომ არა კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები, რომლებმაც პატარა არგენტინელი ბიჭი შენიშნეს, რომელსაც სიმაღლეში ზრდის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. "ბარსამ" ყველაფერი თავის თავზე აიღო და არნახულ შედეგსაც იმკის. ლიონელ მესი რეკორდების ნამდვილი მტერია - თითქმის არ დარჩენილა ისეთი მიღწევა, რომლისკენაც მას გაეწიოს და არ დაემხოს.

მესის უკვე ფეხბურთელობისას აყენებენ ფეხბურთის უგვირგვინო მეფის დიეგო მარადონასა და ფეხბურთის მეფედ აღიარებული ბრაზილიელი პელეს გვერდით. ბევრი საერთოდ, მათზე წინ აყენებს, ვერც შევედავებით - ფაქტები ყველაფერზე მოწმობენ.

ლიონელ მესი ისეთი სტილისა და გაქანების ფეხბურთელია ნებისმიერ ეპოქაში თავს დაიმკვიდრებდა, ნებისმიერ ეპოქაში იქნებოდა ისეთი მესი, როგორიც დღესაა. მესის შეჩერება მოედანზე თითქმის შეუძლებელია. მისი თავმბრუდამხვევი ფინტებისა და მოძრაობების მსხვერპლი არაერთი ცნობილი მცველი გამხდარა.

თვითონ მესი არ გამოირჩევა განსაკუთრებით გლამურული ხასიათით - ამაზე ჩვენი სტატიის დასაწყისში გამოტანილი მისი ფრაზაც მოწმობს. მართალიცაა, მას არ სჭირდება ლამაზი აღნაგობა იმისათვის, რომ ხალხის სიყვარული მიიღოს, მას ბურთი სჭირდება, დანარჩენს მისი გამჭრიახი გონება და ფეხები აგვარებს.

მესის დიდ კარიერას მხოლოდ მსოფლიო თასის ვერმოგება აფერხებს. ესეც ჩასაფრებულებისთვის, თორემ ლიონელ მესი ფეხბურთიდან დღესვე რომ წავიდეს, აუცილებლად დარჩება, როგორც საუკეთესო, საუკეთესოებს შორის. ეჭვგარეშეა, თუმცა ის 28 წლის მხოლოდ დღეს გახდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შანსი კიდევ მიეცემა. და მაშინ, თუ ის ამის გაკეთებას მოახერხებს, კრიტიკოსებსაც საბოლოოდ დაადუმებს. არ სჭირდება, მაგრამ მაინც...

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჯანლუიჯი ბუფონი ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარედ მიიჩნევა. მართლაც დიდი ფეხბურთელია იტალიელი - ერთხელ, როცა იტალია - არგენტინის ამხანაგურ მატჩამდე ორივე ზემოხსენებული გუნდის ფეხბურთელები ვატიკანში რომის პაპს ხვდებოდნენ, ბუფონი მას სახეზე შეეხო, ისე, როგორც პატარა ბავშვს ეხებიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ჯიჯიმ უპასუხა, რომ მას სურდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ მესი სხვებივით ჩვეულებრივი ადამიანი იყო... გენიალური იტალიელი გენიალური არგენტინელის ჩვეულებრივ ადამიანობაში დარწმუნდა...

არადა, როდესაც მას მწვანე მოედანზე ბურთით ხედავ, მართლაც გაგიჩნდება ადამიანს კითხვა, რომ ნუთუ ეს ყოველივე ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს შეუძლია, ნუთუ ადამიანის შესაძლებლობებს ამის გაკეთება შეუძლია. არა ბატონო, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია, მხოლოდ ერთეულებს, ერთეულებში ლიონელ მესი პირველ ადგილზე დგას...

მესის საფეხბურთო საზოგადოებაში გამოჩენა მაშინ მოუწია, როცა "ბარსელონას" ბრაზილიელი ჯადოქარი რონალდინიო ლიდერობდა. მის გვერდით კი ჩია ტანის არგენტინელი დღითიდღე იზრდებოდა, ყოველ დღე ახალს სწავლობდა, ითვისებდა... მაგრამ, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ლიონელ მესი მაინც შედგებოდა, რადგან ასეთი ნიჭი არსად იკარგება, ასეთი ნიჭი მხოლოდ მესის აქვს. ის, რასაც მოედანზე "ბლაუგრანას" 10-იანი აკეთებს მხოლოდ მისი ნიჭიერებისა და არაამქვეყნიურობის განსახიერებაა.

ლიონელ მესიმდე ფეხბურთელისთვის ყველაზე ფასეულ "ოქროს ბურთს" ზედიზედ ოთხჯერ ვერავინ შეწვდა. მან კი ამის გაკეთება შეძლო, ზედიზედ ოთხი სეზონი იბატონა. თუმცა ეს მხოლოდ ციფრებია - იგი ბატონი იქნება მოედანზე მანამ, სანამ კარიერას არ დაასრულებს. უბრალოდ, ლიონელ მესი ეპოქალური ფეხბურთელია, სხვანაირად 28 წლის ასაკში ვერ მიაღწევდა იმდენს, რომ მარადონასა და პელეს გვერდით ლამის ყოველ მეორე ადამიანს, ფეხბურთში ოდნავ ჩახედულ პიროვნებას დაეყენებინა...

როგორც სტატიის დასაწყისში ჩვენი გმირი ამბობს, მივცეთ მას ბურთი, დანარჩენს თვითონ გვიჩვენებს, დაგვანახებს, დაგვარწმუნებს. დაგვარწმუნებს, რომ ლიონელ მესი დედამიწაზე, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის მოძრავი არაჩვეულებრივი ადამიანია...

0.200268