ფეხბურთი

14:41 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

MERCI ZIZOU!..

ფეხბურთი კლასიკაა, საფეხბურთო კლასიკას კი კლასიკოსი ფეხბურთელები ჰქმნიან. გემოვნებაზე არ დავობენო ამბობენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაზე მეტად გემოვნებაზე დავობენ...

საფეხბურთო კლასიკოსთა რიგებში კი იოჰან კრუიფი, დიეგო არმანდო მარადონა, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო, რომარიო და სხვანი შედიან. ჩამონათვალი ძალზე შორს წაგვიყვანს და ვინმე აუცილებლად გამოგვრჩება... თუმცა, ნუსხა რამხელაც არ უნდა იყოს, არაფრით იქნება გამართლებული ფრანგი კლასიკოსის გამორჩენა...

1972 წლის 23 ივნისს საფრანგეთის ზღვისპირა და ლამაზ ქალაქ მარსელში ზინედინ ზიდანი დაიბადა. ალჟირული ფესვების მქონე ბიჭზე მაშინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალში საფრანგეთის სრული სიამაყე გახდებოდა. საფრანგეთის სახელს საფეხბურთო რუქაზე აკაშკაშებდა.

ზიდანი ბურთის დევნას იმ პერიოდში იწყებდა, როცა გალელთა ქვეყანაში მიშელ პლატინის სახელი და გვარი ყველას პირზე ეკერა. ახლა კი საფრანგეთში ბევრისთვის პლატინიზე დიდ ფეხბურთელად ზიდანი მიიჩნევა... გასაკვირი არცაა - ზიდანმა თავის სამშობლოს ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ერთადერთი ტიტული მოუტანა. დიახ, 1998 წელს ემე ჟაკეს დამოძღვრილ გუნდს ძალზე გაუჭირდებოდა მსოფლიო თასის აღმართვა, რომ არა იმხანად ტურინის "იუვენტუსის" გამთამაშებელი.

ზიდანის თამაშის ხილვა მწვანე მინდორზე სულ სხვა ემოციას იწვევდა. იგი სხვებს არაფრით ჰგავდა. მას თავისი სტილი ჰქონდა, ბურთთან რაღაც უჩვეულო დამოკიდებულება, მისი შეხება ტყავის სფეროსთან ისეთი იყო, როგორც საყვარელ ქალთან მოფერების მომენტი... ზიდანის და ბურთის ურთიერთობა არასდროს ირეოდა, თითქოს ბურთსაც ისე ესმოდა მისი, როგორც მას...

პატარა ზიდანმა ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში სენტ-ჰენრიში დაიწყო. მისი მომავალი კარიერის განვითარებისთვის კი მთავარი ნაბიჯი 4 წლის შემდგომ გადადგა, როცა "კანის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. 1989 წელს, 17 წლის ასაკში კი მისი პროფესიონალური დებიუტიც შედგა. "კანს" ბორდო" მოჰყვა, "ბორდოს" "იუვენტუსი", "იუვეს" "რეალი" - ეს უკანასკნელი კი ზინედინ ზიდანის ბოლო ნავსაყუდელი გამოდგა.

გასაკვირი არაა, რომ ზიდანს ყველა იმ გუნდში, სადაც უთამაშია საკუთარი სახელი წარმატებით აქვს დატოვებული. ზიდანი ხომ კლასიკოსი იყო, კლასიკოსები კი ყოველთვის გამორჩეულები არიან.

ზინედი ზიდანი კლასიკური 10 ნომრის პოზიციაზე, თავდამსხმელების უკან ირჯებოდა, მიუხედავად ამისა, მას არც გოლების გატანა ავიწყდებოდა. ჯამში გენიალურმა ფეხბურთელმა 151 გოლის გატანა მოახერხა. ისე, გოლებიცაა და გოლებიც - 2002 წელს მისმა ლეგენდარულმა დარტყმამ გერმანულ "ლევერკუზენთან" მატჩისას მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მანამდე 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კი ბრაზილიასთან დუბლი გაიფორმა. მნიშვნელოვან გოლებში 2000 წლის ევროფორუმზე პორტუგალიელთა კარში გატანილი "ოქროს გოლის" დავიწყებაც არ გამოვა. თუმცა, როგორც უნდა იყოს, ზიდანი გულშემატკივარს არა გოლების, არამედ იმპროვიზაციული, რაღაც არაბუნებრივი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამო შეუყვარდა. ბევრისთვის ზიდანი მარადონასა და პელეს დონეზე დგას... ბევრისთვის ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად ბოლო 30 წლეულის საუკეთესო ფეხბურთელია. გემოვნებაზე ჩავთვალოთ რომ არ დავობენ, ის კი ფაქტია, რომ ზიდანი საფეხბურთო კლასიკაა, ზიდანი საუკუნეში ერთხელ თუ განმეორდება...

როცა 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ზემოდან პირველად გადმოხედა, ფრანგი ხალხი ამაში მთავარ "დამნაშავედ" მათი ნაკრების 10-იანს მიიჩნევდა. სრულაიდ საფუძვლიანადაც. მაშინ ყველგან შევხდებოდით წარწერას: "MERCI ZIZOU" - "მადლობა ზიზუ"... ზიდანი საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო თაობის საუკეთესო წინამძღოლი იყო. ეს კი მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, ზიდანობაც მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ.

საფეხბურთო ავანსცენიდან წასვლა კი ბევრის აზრით, ფრანგს ცოტა ადრე მოუწია. 2006 წლის მუნდიალის დაწყებამდე ზიდანმა დააანონსა, რომ გერმანული პირველობის შემდგომ ბუცებს ლურსმანზე დაჰკიდებდა. შესაბამისად, მისთვის და მთლიანად ზიდანის მოყვარულთათვის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა განსაკუთრებული დატვირთვა მიიღო. "მამლებს" ჯგუფური ბარიერის დაძლევა ერთობ გაუძნელდათ. პირველ ორ ტურში მხოლოდ ორი ფრე. ზიზუს მონაგარი კი ორი ყვეთელი ბარათი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბოლო ტურში იგი მოედანზე ვერ გავიდოდა. ზიდანის გარეშე საფრანგეთმა ბოლო ტურში მოიგო და პლეიოფში გავიდა.

აქ კი ზიდანმა კლანჭები გამოაჩინა! სამხრეთელებმა ესპანეთი, ბრაზილია და პორტუგალია ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილეს გზიდან და ფინალში გავიდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეოთხედფინალი ბრაზილიელთა წინააღმდეგ. იმ დღეს შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბრაზილია ზიდანის შეჩერებას ცდილობდა... თუმცა ზიდანის შეჩერება შეუძლებელი იყო, რადგან მას ტიტულით წასვლა სურდა...

თუმცა, ბედის ირონიით, მისი კარიერა წითელი ბარათით დასრულდა. ბერლინურ ფინალში განვითარებული მოვლენები ყველასთვის კარგადაა ცნობილი და უკან მიბრუნება ვფიქრობ, უადგილოცაა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მიუხედავად ფინალში მარცხისა, ზიდანი დიდი ფეხბურთიდან დიდი ზიდანივით წავიდა. მისი სახელისთვის წითელ ბარათს ჩრდილი არ მიუყენებია. ვერც მიაყენებდა, ზიდანი მოედანზე ჩრდილქვეშ არასდროს ექცეოდა...

34 წლის ასაკში ზინედინ ზიდანი საფეხბურთო ავანსცენიდან გაქრა. მას შემდეგ მისი გენიალურობის გასახსენებლად მხოლოდ სტატიებს თუ წავიკითხავთ ანაც ვიდეორგოლებს ვუყურებთ, სადაც თითოეულ ნახვაზე ახალ გენიალურ ზიდანს აღმოვაჩენთ...

ჩვენ კი ფეხბურთის ჭეშმარიტ ქომაგებს ზიდანის მიმართ მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შეგვიძლია - MERCI ZIZOU!

0.42671