კალათბურთი

14:31 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიას გამოცდილი ჩეკოვსკიც გამოაკლდა

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება, ნელ-ნელა მოთამაშეებისგან იცლება. შეგახსენებთ, რომ გაფართოებული შემადგენლობიდან პირველი პერო ანტიჩი ამოვარდა, ამჯერად კი, ნაკრებში თამაშზე უარი კიდევ ერთმა გამოცდილმა კალათბურთელმა გეორგი ჩეკოვსკიმ თქვა.

“რაბოტნიჩკის” ვეტერანი ფორვარდი დეკემბერში 36 წლის ხდება და ზურგს უკან არაერთი დრამატული მატჩი აქვს. მან მაკედონიის სხვადასხვა დონის ნაკრებებს 17 წელი დაუთმო, საიდანაც 15 წელი ეროვნულ გუნდში გაატარა (გასულ ევრობასკეტზე ის საშუალოდ 10 წუთს თამაშობდა და 2.5 ქულას და 3.0 მოხსნას აგროვებდა). სწორედ ამიტომ იყო, მაკედონიელთა თავკაცმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გეორგის ევრობასკეტ-2015-ისთვის რომ უხმო, თუმცა მისგან უარი მიიღო.

აღნიშნულის ოფიციალური მიზეზი არ გამოცხადებულა, მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პეტერ ნაუმოსკიმ კი შემდეგი აღნიშნა:

“ვწუხვართ, რომ ჩეკოვსკი ნაკრებში ვერ ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატისთვის უძლიერესი შემადგენლობის შეკრება გვსურდა, თუმცა, ეს, არ გამოდის. ნაკრების კაპიტანი ვიყავი და გეორგის შესაძლებლობები კარგად ვიცი. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, მინდა, მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო”.

შეგახსენებთ, რომ მაკედონიის და საქართველოს ნაკრებებს ფინალურ ეტაპზე თამაში C ჯგუფში მოუწევთ, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია და ჰოლანდია ეყოლებათ. ქართულ-მაკედონიური დაპირისპირება ზაგრებში 9 სექტემბერს შედგება.

0.113564