ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა მიხაილ მეტრეველმა, რომელიც უკრაინული პრესის ინფორმაციით, გიორგი არაბიძის წარმომადგენელია, ინტერნეტპორტალ football24.ua ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა, რომელიც დონეცკის “შახტარის” პირველ გუნდთან ერთად ავსტრიაში შეკრებაზეა.
- გიორგი არაბიძე ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა. გვითხარით, უფროსებს შორის მან ბევრჯერ ითამაშა?
- მას მარტში 17 წელი შეუსრულდა და საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ნომერ პირველად მიიჩნევა. გიორგი პირველი ლიგის “ლოკომოტივში” თამაშობდა და მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა. მან ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა. ასევე, ბევრი საგოლე გადაცემა გააკეთა.
არაბიძე უნიკალური მოთამაშეა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახიან, ხოლო უფროსი თაობის ფეხბურთელები გეორგე ჰაჯის ადარებენ. ეს მოთამაშე მარცხენა ფეხით საუცხოოდ თამაშობს. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე და გამთამაშებლად თამაში შეუძლია.
- ამ მოთამაშის ირგვლივ ბევრი ჭორია. ამბობენ, რომ ის “შახტარის” პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე უნდა წავიდეს და კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს ხანში გააფორმებს. როგორც გიორგი არაბიძის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იქნებ ამ საკითხს ნათელი მოჰფინოთ.
- საქმე ისაა, რომ ზამთრიდან მოყოლებული მისი მშობლები უკრაინაში ცხოვრობენ. მათ ორი არასრულწლოვანი ჰყავთ – გიორგი და კიდევ უმცროსი გოგონა. ბუნებრივია, მშობლებს სურთ, რომ ბავშვები უკრაინაში მათთან ერთად იყვნენ. როგორც მისი ინტერესის დამცველი, ამას ვითვალისწინებ. ამიტომ, ყველა დაინტერესებული ვართ, რომ გიორგი უკრაინაში გადავიდეს.
“შახტარს” მოველაპარაკე, რომ გასინჯონ. ისინი არაბიძით დაინტერესდნენ და შეკრებაზე მიიწვიეს. თბილისიდან ავსტრიაში უკვე ჩაფრინდა. ვესაუბრე და ვარჯიში დაიწყო. სხვათაშორის სასტუმროში ფაკუნდო ფერეირასთან ერთად დააბინავეს. მომავალში რა იქნება? გასინჯვის შედეგს ვნახავთ.
ამ მოთამაშით მხოლოდ “შახტარი” არაა დაინტერესებული. მან სამედიცინო შემოწმება “ზალცბურგში” უკვე გაიარა. “ჰოფენჰაიმიც” კარგად იცნობს. თუმცა, რადგან ოჯახი კიევში ცხოვრობს და მუშაობს, მათ სურთ, რომ შვილმა უკრაინაში ითამაშოს. მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებდით, მაგრამ “შახტარი” კონკრეტულად დაინტერესდა და ამიტომ, გიორგი დონეცკელთა შეკრებაზე ჩავიდა.
- უცხოელ ფეხბურთელებს, რომლებიც ჯერ 18 წლის არ არიან, ფიფას წესის მიხედვით სხვა ქვეყნის კლუბებთან პროფესიული კონტრაქტების გაფორმება არ შეუძლიათ...
- ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტებია. სხვათა შორის, საფეხბურთო იურისპრუდენციის სპეციალისტები ამბობენ, რადგან გიორგის მშობლები უკრაინაში ცხოვრობენ და მუშაობენ, ფიფამ შესაძლოა შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და მას აქ თამაშის უფლება დართოს. ეს იურიდიული ნიუანსებია და მათ შესახებ მაშინ ვისაუბროთ, როდესაც სინჯები დასრულდება.
- თქვენი აზრით, საქართველოში კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უკრაინის წამყვან კლუბებში თამაში შეუძლიათ?
- თბილისის “დინამოში” არიან 18-21 წლის ბიჭები. იქ კარგი ახალგაზრდა “საყრდენი” და თავდამსხმელი არიან. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩემი აზრით, საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები “ლოკომოტივშია”.
კლუბის პრეზიდენტი ლექსო თოფურია ახალგაზრდებთან მაღალ დონეზე მუშაობს და მისი ბევრი მოთამაშე საზღვარგარეთის ჩემპიონატებში - ფრანგულ “ბასტიაში” ლუკა კიკაბიძე, ბელგიურ “გენკში” – ლუკა ზარანდია.
საქართველოში ბევრი პერსპექტიული მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, მათთვის მთავარი რაც შეიძლება ადრე სხვა ქვეყანაშია წასვლაა. საქართველოში სუსტი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა, ფიზმომზადებისა და სხვა სპეციალისტების სიმცირეა. ბევრი 18 წლამდე კარგად თამაშობს, მაგრამ თუ ამის შემდეგ საქართველოდან არ წავლენ, პროგრესი გაუჭირდებათ.