ფეხბურთი

16:57 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “მინდა ბოდიში მოვიხადო პოლონეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო 4 წუთის გამო”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 22 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ევრო -2016 შესარჩევ ციკლში, პოლონეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო 4 წუთში მისი შეგირდების მიერ ნაჩვენები თამაშისთვის ბოდიში მოიხადა.

კახა ცხადაძე: “საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით თბილისში სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებ. კვირას, ნაკრების კაპიტანსა და ვიცეკაპიტანს ვესაუბრე, რის შემდეგ გადაწყდა, რომ ეროვნული ნაკრების წევრები სტიქიით დაზარალებულებს სოლიდურ თანხას ჩაურიცხავენ.

მინდა ბოდიში მოვიხადო პოლონეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო 4 წუთის გამო. ეს კოშმარი და წარმოუდგენელი რამ იყო. პირველ ყოვლისა, ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებ. მეორე გოლი რომ გავუშვით გული იმდენად დამწყდა, რომ სათადარიგოთა სკამზე დავჯექი. არ უნდა დავმჯდარიყავი და ფეხზე რომ ვმდგარიყავი მე-3 და მე-4 გოლებს აღარ გავუშვებდით.

პოლონეთთან ბოლო 25 წუთის განმავლობაში სერიოზული ფეხბურთი ვითამაშეთ. საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ჩვენ რაც მოგვივიდა, ეს უფრო მენტალიტეტის ბრალია, რადგან ევროპელებს მსგავსი არ დაემართებოდათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველ ყოვლისა ჩემი ბრალია, რადგან არ უნდა დავმჯდარიყავი.

უკრაინის თამაშს თუ გავარჩევთ, ყველაფერში აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა. კარში დარტყმების რაოდენობა 15-10-ზე იყო ჩვენს სასარგებლოდ. ბურთის ფლობა კარგი გვქონდა. უკრაინასთან 17 სახიფათო გადაცემა გავაკეთეთ, რაც პოლონეთთან არ გვქონდა. უკრაინასთან პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარე. მეტოქეს კუთხური არ ჩაუწოდებია და საგოლე მომენტი არ ჰქონია. ჩვენ საგოლე მომენტები გავაცუდეთ.

მეორე ტაიმში დაგეგმილი შეცვლები გავაკეთეთ და ამან ცოტა აგვრია, რის გამოც, ორი გოლი გავუშვით. ამ გოლების მერეც აბსოლუტური ინიციატივა გვქონდა. კარში 8-9-ჯერ დავარტყით. მარტო ჭანტურიამ 6-ჯერ დაარტყა. უკრაინასთან შედეგს თუ არ ჩავთვლით, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო და დავინახეთ, რომ ჩვენს გუნდს პირველ ნომრად თამაში შეუძლია.

პოლონეთთან საწყისი 25 წუთი ჩავაგდეთ. ლორიას სეივები რომ არა და ამისულაშვილის თავგანწირული თამაში, გოლი გარდაუვალი იყო. მეტოქისთვის ბურთის ართმევის მერე მისი შენარჩუნება არ გამოგვდიოდა. პირველ ტაიმში პოლონეთის კარში ერთხელ დავარტყით. პოზიტივი მარცხენა და მარჯვენა მცველების აქტიური თამაში იყო. ბოლო ორ მატჩში ორივე ფლანგიდან საერთო ჯამში მეტოქის საჯარიმოში 47-ჯერ ჩავაწოდეთ, ხოლო პოლონეთთან პირველ მატჩში - არცერთხელ.

უკრაინასთან შეხვედრაში გამამწვავებელ გადაცემას ვერ ვაკეთებდით. პოლონეთთან 10-დან 8 მწვავე გადაცემა მეორე ტაიმში გავაკეთეთ. პოლონეთთან ბოლო 4 წუთისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალ სათამაშო სტილს ვნერგავთ ბევრი პოზიტივი და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მესმის, რომ გულშემატკივარს ეს არ აინტერესებს და მისთვის მთავარი შედეგია.

განვლილმა შეკრებამ ბევრი რამ დამანახა. ბევრი ისეთი სახე იყო, რომლებმაც ალბათ თქვენი კითხვები გამოიწვია. თუმცა, ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ გამეგო ძველი ფორმაციის ნაკრებიდან გუნდში რომელსაც ვაშენებთ ვინ დარჩებოდა. ახლა კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ნაკრები ახალგაზრდებით შეივსება. ცინცაძის და პაპუნაშვილის კმაყოფილი ვარ. ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან. კაჭარავას და კაკაბაძეს ნაკრებში უახლოესი მატჩებისთვის გამოვიძახებ.

თუმცა, ახალგაზრდული ნაკრების ინტერესიც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ამ ახალგაზრდებს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. ეროვნულ გუნდში “სისხლის გადასხმა” სინქრონულად უნდა მოხდეს”.

- განვლილი მატჩები საკმაოდ სუსტად ჩაატარა მარჯვენა მცველმა. ამ პოზიციის გასაძლიერებლად თუ მუშაობთ?

- გთხოვთ ასეთ გამოთქმებს მოვერიდოთ. შეცდომა ყველას მოსდის. ლობჟანიძემ საკმაოდ კარგი პოტენციალი გამოავლინა, მაგრამ მხოლოდ მას ვერ დავეყრდნობით. აჩიკო არველაძეს ვესაუბრე და სია უნდა შევადგინოთ, რომ ყოველ პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი გვყავდეს, ვინც თვალთხედვის არეში გვეყოლება.

იგივე, მარჯვენა მცველის პოზიციაზე 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი კაკაბაძე მოიაზრება. დიდი პრობლემაა გრიგალავას არყოფნა. 4 თვეა ვიძახი, რომ ეს ადამიანი მჭირდება, მაგრამ ის არ გამოჩენილა და არც დამკონაქტებია.

“საყრდენის” პოზიციაზე მოთამაშეს განვიხილავთ. გოგიტა გოგუას გამოძახებამ დაგვანახა, რომ ის რამდენიმე პოზიციაზე სათამაშოდ მზადაა. როგორც გაირკვა კუნთი ჰქონია გაწყვეტილი და ისე ვარჯიშობდა, რაც ნამდვილად არ ემჩნეოდა. ექიმმა სურათის გადასაღებად წაიყვანა და კუნთის გაწყვეტის ამბავი ამის შემდეგ გაირკვა.

კობახიძე უკრაინასთან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მომდევნო თამაშებში მას ამ ადგილზე აღარ დავაყენებთ. შესაძლოა, იგივე ცინცაძემ ითამაშოს, რომელიც პირველივე მატჩზე ასეთ “სასაკლაოზე” არ გავუშვით, რადგან პოლონეთი შოკში იყო, როდესაც 1:0 მეტს ვერ იგებდა და ჩვენს ნახევარზე არ ვუშვებდით. არადა, გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა.

- თქვენს მიერ არჩეულმა ნაკრების ახალმა სათამაშო ტაქტიკამ განვლილ მატჩებში რამდენად გაამართლა?

- უკრაინასთან დაცვაში ყველაფერი იდელაურად იყო, ბურთიც კარგად ამოგვქონდა, მაგრამ დასკვნით ფაზაში ხარვეზები იყო. რაც შეეხება მეორე მატჩს, პირველ ტაიმში პოლონეთმა 26 კონტრშეტევა გაგვიკეთა. პოზიციური შეტევა ჩვენ 63 გვქონდა, პოლონელებს – 48. პოლონელებმა ჩვენი კარის მიმართულებით 17 კუთხური ჩააწოდეს.

3-4-3 ტაქტიკით თამაშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი ცენტრალური მცველის წინ სივრცე საყრდენმა ნახევარმცველმა შეავსოს. კობახიძე და ანანიძე შეტევაში გაერთნენ. მეორე ტაიმში დაუშვილი რომ შევიყვანე, ის ამ სივრცეს ავსებდა. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პრესინგი, როდესაც 7 ფეხბურთელით უტევ. ბურთის დაკარგვის შემდეგ, მეტოქე მის ნახევარზე უნდა შეავიწროვო. ამაზე სამუშაო გვაქვს. ასევე, ბურთის ართმევისასა მისი შენარჩუნებაა საჭირო. პოლონეთთან საწყის 25 წუთში 3-4 ზუსტი გადაცემა ვერ გავაკეთეთ.

- “ფრაიბურგში” გადასულ ლუკას ჰუფნაგელის და აკაკი გოგიას, რომელიც ინგლისის ჩემპიონშიპის “ბრენდფორტში” ჩაირიცხა ან იგივე გიგოლაევის ნაკრებში მიწვევას თუ აპირებთ?

- სასიხარულოა, რომ ჰუფნაგელი “ფრაიბურგში” გადავიდა. თუ ითამაშებს, ჩავალთ და ადგილზე ვნახავთ. გოგიას ვნახავთ და გამოვიძახებთ, რადგან ფეხბურთელის შესახებ ადგილზე უფრო მეტ ინფორმაციას იღებ. მარცხენა მცველის პრობლემა გვაქვს, რადგან გრიგალავა დაკარგულია და იმედია, გამოჩნდება. რაც შეეხება გიგოლაევს, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე უფრო კარგი მოთამაშეები გვყავს.

- ეროვნულ ნაკრებში გატარებულმა პერიოდმა თუ დაგანახათ, რომ ფეხბურთელებისთვის თქვენი იდეები მისაღებია და ისინი მზად არიან “გამოგყვნენ”?

- სკამზე ვინც ზის კმაყოფილი არ შეიძლება იყოს. მე ყველა მოთამაშეს მაქსიმალურად ინდივიდუალურად ვესაუბრები. ჩემი მოვალეობაა, რომ თითოეულთან კომუნიკაცია დავამყარო. შეკრების 5 დღე ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ერთი დღე იყო, რომ ვარჯიში თავად გავაჩერე და ნაადრევად დავასრულე. შემდეგ, ფეხბურთელები მოვიდნენ და მითხრეს: “ცუდი დღე იყოო”. თუმცა, მეორე დღეს ისე ივარჯიშეს, რომ უკრაინასთან 80 წუთი მაღალ დონეზე ითამაშეს.

ნაკრების ფეხბურთელებს გაყინული თვალები აღარ აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ. მათში ოპტიმიზმი გამოჩნდა. ბურთით სიამოვნებით თამაშობენ და უტევენ. შეცდომები და სამუშაო ბევრი გვაქვს. საქებარი არაფერი, უფრო სალანძღავია. მე იმიტომ კი არ ვთქვი, ამ გუნდით შემდეგ შესარჩევ ციკლში მე-3 ადგილისთვის ვიბრძოლებ-მეთქი, რომ გულს “ვიკეთებდი”. არამედ, ეს კონტრაქტში სპეციალურად ჩავაწერინე, რადგან ეს გუნდი ამის თქმის საშუალებას მაძლევს.

- მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის წინ საქართველოს ბოლო მე-6 კალათაში მოხვდა, რაც იმის მომასწავებელია, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდება...

- მომავალ სამ თამაშში მაქსიმალური შედეგი უნდა ვაჩვენოთ. ნაკრებში აღარაა ის ქაოსი, რაც გერმანიამდე მატჩამდე იყო. მალტასთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში ისეთი დალაგებული თამაში არ გვქონდა, როგორც უკრაინასთან. მალტას ძალით მოვუგეთ, რომ იტყვიან “დავახრჩვეთ”. უკრაინასთან 10-ჯერ უკეთესად ვითამაშეთ. შოტლანდიასთან დადებით შედეგს ვგეგმავთ, რაც რეიტინგში პოზიციას გაგვიუმჯობესებს. ისე ასეთი “საშინელი” ჯგუფი რაც ქეცბაიას შეხვდა, ბევრს არ შეხვედრია – მსოფლიოს ჩემპიონის და გიბრალტარის გარდა, ყველა თანაბარი ძალის გუნდი.

პრესკონფერენციას ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი დაესწრო, რომელმაც ტრადიციალუდ გრძელი შესავალი სიტყვა თქვა, რომლის აზრი ის იყო, რომ მსოფლიო ფეხბურთმა ქართულ ფეხბურთს ომი გამოუცხადა და კუთხეში მიამწყვდია, რის გამოც, ხომ არაა საჭირო მწვრთნელთა საომარი შტაბის შექმნა, რომელიც დაზვერვის ფუნქციებს შეითავსებს.

ცხადაძემ ძოძუაშვილს ასეთი პასუხი გასცა:

“მიხიჩ” ომს ნუ დამაწყებინებ. მე აქ ფიზიკურად დიდი ხანი არ ვიყავი და თქვენთან მეტი კონტაქტი მექნება. თქვენთან და სხვა ვეტერან მწვრთნელებთან უფრო მეტი კომუნიკაცია მექნება. იმ დღეს სერგო კუტივაძეს ვესაუბრე. რაც მეტი ინფორმაცია მექნება, ანალიზის გაკეთების უფრო მეტი საშუალება მექნება. ჩვენ ქვეყანას უჭირს და არ გვაქვს ფუფუნება რომ კარლო ანჩელოტის მსგავსად 12 თანაშემწე მყავდეს. ვიცი, რომ პატრიოტი კაცი ხარ და ვცდილობ, ინფორმაცია მაქსიმალურად მივიღო”.

0.161606