The Guardian-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლებმა მადრიდის “რეალის” წარმომადგენლები გაოგნებული დატოვეს. საქმე ეხება “სამეფო კლუბის” სურვილს - ინგლისური კლუბიდან შეიძინოს მეკარე დავიდ დე ხეა, რაზეც მანჩესტერელებმა შემხვედრი წინადადება წამოაყენეს და სერხიო რამოსის დათმობა მოითხოვეს.
მხარეებს შორის შეხვედრა ორიოდე დღის წინ გაიმართა და მადრიდელები ფიქრობდნენ, რომ ფორმალობები ძალიან მალე მოგვარდებოდა: ისინი დე ხეას პრაქტიკულად შეუთანხმდნენ, თავად მეკარეს სამშობლოში დაბრუნება უნდა და “მანჩესტერთან” მის კონტრაქტსაც ვადა ერთ წელიწადში გასდის. თუმცა, მოულოდნელად, დე ხეას შეძენის თხოვნას მანჩესტერში უპასუხეს: გინდათ დე ხეა? გამოუშვით სერხიო რამოსი.
29 წლის რამოსს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2017 წელს ეწურება და ის ახლავე ცდილობდა “რეალთან” შეთანხმების ვადის გახანგრძლივებას, მაგრამ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ამის შემდეგ ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რამოსი “რეალიდან” წასვლის შესაძლო ვარიანტებს განიხილავდა. სერხიოს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 180 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა, “იუნაიტედში” დარწმუნებული არიან, რომ ბევრად ნაკლების გადახდა მოუწევთ, მით უმეტეს, თუ საპირისპირო მიმართულებით დე ხეა წავა.