სხვა

1:14 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჟავას წარმატება საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელებმა მიულოცეს

ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) და მისი მწვრთნელი ლალი დოლიძე სპორტსმენთა სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელებმა მიიღეს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 17 წლის ფაჟავას სტაბილური და წარმატებული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველთა მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. ცნობისთვის, გუშინ დილით ბატუტისტთა შეჯიბრებებში გამარჯვებულები მედლებით სწორედ ზენაიშვილმა დააჯილდოვა.

21 ივნისის დილა ქართველი სპორტსმენებიდან ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ გახსნა. თენგიზი შეჯიბრების ექვსკაციან ფინალში იყო გასული და მისგან მედლის მოპოვებაც არ იყო გამორიცხული, მაგრამ დასანანი შეცდომა დაუშვა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ბაქოში მძლეოსანთა შორის გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. მართალია, სპორტსმენებმა ცალკეულ დისციპლინებში შეიძლება “რიო 2016"-ის ლიცენზიები მოიპოვონ, მაგრამ პირველ ევროპულ თამაშებში მედლებისთვის ერთმანეთს მაინც გუნდები ეჯიბრებიან. 21 ივნისის შედეგების მიხედვით, საქართველო 21 დისციპლინის ჯამში მოპოვებული ქულებით. მერვე ადგილზეა.

გუშინვე, საგზატკეცილო რბოლაში, ველოსიპედისტებმა გიორგი ნარეკლიშვილმა და დიმიტრი ხოსიაურმა დისტანცია ვერ დაასრულეს, ხოლო წყალში მხტომელმა თამარ სიჭინავამ 334.10 ქულით საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 21-ე ადგილი დაიკავა. ფინალში 12 სპორტსმენი გადადიოდა.

www.geonoc.org.ge-ს ფოტოები

0.124688