“მზარდმა ირლანდიამ” თბილისის თასის დასკვნით ტურში საქართველოს მაგრად აჯობა, ექვსი ლელო გაუტანა და 45:12 დაამარცხა. ირლანდიელებმა ტურნირის სამივე თამაში პრემიალური ქულით მოიგეს და შინ თასით ხელში ბრუნდებიან.
ჯერ კიდევ თამაშამდე სტუმრებს თასი დაბევებული ჰქონდათ, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ამ თამაშს ტრიბუნიდან თვალს ადევნებდნენ ირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, რომლებიც მსოფლიო თასზე წასაყვან მორაგბეებს ეძებდნენ და რაღა გასაკვირია, რომ თავი არავინ დაზოგა. საქართველოს ნაკრებს “მზარდ იტალიასთან” მარცხის შემდეგ გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია სურდა, მაგრამ გუნდმა დაცვაში ძალიან არეულად ითამაშა და გაუმართლა ექვსზე მეტი ლელო რომ არ გაუშვა.
ტურნირის დასკვნითი დღის პირველ მატჩში “მზარდი იტალია” ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდა. სამხრეთამერიკელები არეკნით დაწინაურდნენ, იტალიელებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს და 26-ე წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. ურუგვაიმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მეორე ლელოც გაუშვა - 6:17. მეორე ტაიმი ურუგვაელთა აქტიურობით დაიწყო და მათ რამდენჯერმე შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ შემტევებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს და პასები დააგვიანეს. მათი ლელო საბოლოოდ მაინც გავიდა - 68-ე წუთზე არვოლეჟამ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ მალევე იტალიელებმა ჯერ ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა, ხოლო 73-ე წუთზე არეკნი გაიტანეს და 23:13 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილის დასაკავებლად ირლანდიის უცილობლად დამარცხება ჭირდებოდა და თამაში აქტიურად დაიწყო. აგრესიულმა თამაშმა შედეგი მე-7 წუთზე გამოიღო, როდესაც რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლაშა ლომიძემ სისწრაფეში მიიღო გადაცემა, ერთი მბოჭავი ხელით ჩამოიშორა და ხაზი გაჭრა, დანარჩენი მბოჭავები კი, ლელოში შეიყოლა. ბექა წიკლაურს გარდასახვა გაუცუდდა. მალე გუნდის კაპიტანი ლევან დათუნაშვილი დაშავდა და ის ახალგაზრდა ოთარ გიორგაძემ შეცვალა, შერკინებაში კი, გადაადგილებები მოხდა და გიორგი ჩხაიძემ მეორე ხაზში გადაინაცვლა, ხოლო ახალგაზრდა გიორგაძე ფლანკერად დადგა. ჩხაიძე ვახსენეთ და ვეტერანმა ჩვეულად თავდადებით ითამაშა, ბოჭვები მრავლად აკეთა, მაგრამ მას მხარი ყველამ ვერ აუბა და ქართველთა დაცვამაც უამრავი შეცდომა დაუშვა.
“მზარდმა ირლანდიამ” ჩამორჩენა ჯარიმით მე-17 წუთზე შეაჩერა, მერე სიჩქარეს უმატა და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლა. ქართველ მორაგბეებს ხაზის დაწყობა უჭირდათ და დაცვაში ნაპრალები მრავლად რჩებოდა. სტუმრებს შესვენებამდე სამ-ოთხჯერ შეეძლოთ ამ სიტუაციებით სარგებლობა, მაგრამ თავადაც სცოდავდნენ და შანსები გამოუყენებელი დარჩა. მათი პირველი ლელო 31-ე წუთზე გავიდა და ის გაშლილ თამაშს არ მოყოლია - სტუმართა მოლი მასპინძლებმა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ჩააქციეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. მალე ლელოს ავტორი ლომიძე დაშავდა და ამან ქართველთა შერკინებას დამატებითი პრობლემები შეუქმნა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმაკიდევ უფრო ცუდად ჩაატარა, ირლანდიამ კი, სისწრაფე და კონტრშეტევები კარგად გამოიყენა. პირველ ჯერზე რამდენიმე დარტყმის შემდეგ მეთ ჰილმა გაჭრა ხაზი და ჯონ ჰანრაჰანმა გარდასახვა გამოიყენა. შემდეგ კონტრშეტევას ალექსი ხუციშვილის სინბინი მოყვა და 50-ე წუთზე მეტოქემ ლამაზი ლელო გაიტანა. სტუმრებმა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს კონტრშეტევა, ბურთაობით ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ და ეოგან მასთერსთონმა მიზანს უწია, ხოლო ჰანრაჰანმა გარდასახვა გამოიყენა - 5:24.
საქართველომ გაიბრძოლა და 56-ე წუთზე გულშემატკივარს წარმატების იმედი დაუბრუნა. დერეფანს მოლი მოყვა, რომელმაც ლელომდე დარჩენილი მეტრები დაფარა და ოთარ გიორგაძემ, რომელიც მეორე სანაკრებო თამაშს ატარებდა, ბურთი დაამიწა, ხოლო წიკლაურმა ზუსტად გარდასახა (12:24). დასკვნით 15 წუთში ირლანდიამ კიდევ სამი ლელო გაიტანა. 68-ე წუთზე ჩვენი ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ჯონ ქუნიმ გაიტანა, შერკინებას შემოურბინა და ხაზი უპრობლემოდ გაჭრა. 74-ე წუთზე ირლანდიელებმა ბურთი გაშალეს და მარცხენა ფლანგზე ენდრიუ ქონვეი ორმა მცველმა ვერ შეაჩერა, ხოლო ორიოდე წუთში მეტოქემ საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა ხელდახელ წამოიწყო და ფინლი ბილემიმ ქართველთა რბევა დაასრულა - 12:45.
პრესკონფერენცია
ალენ კლარკი (“მზარდი ირლანდიი”ს მთავარი მწვრთნელი): “ძალიან კმაყოფილები ვართ ამ გამარჯვებით. ზოგადად ტურნირში შესანიშნავად ვიასპარეზეთ და სამივე მატჩი ბონუს ქულით მოვიგეთ, რაც ნამვილად საამაყოა. ჩვენ აქ ახალგაზრდა, ნიჭიერი გუნდით ჩამოვედით და ბიჭებიც ასეთი დასასრულით კმაყოფილები არიან. განვლილ თამაშებში პირველ ტაიმებში ვითამაშეთ კარგად, ამჯერად კი, მეორე ტაიმი ბევრად უკეთ ჩავატარეთ”.
ბილი ჰოლანდი (“მზარდი ირლანდიის” კაპიტანი): “ყველაზე ღონიერი გუნდი საქართველოს ნაკრებს ყავდა და მასთან ფიზიკურად ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. რაც შეეხება დანარჩენ მეტოქეებს, ურუგვაის თავდადება დასაფასებელია, “მზარდმა იტალიამ” კი, სარაგბო უნარჩვევები გამოავლინა”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მატჩის პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში მათმა ფიზიკურმა მომზადებამ გვაჯობა და შედეგიც სახეზეა. პირველ ნახევარში ისეთი ბოჭვები გავაკეთეთ, რომლებიც მეორე ტაიმში ვეღარ შევძელით. ტურნირმა თავისი ფუნქცია შეასრულა და მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი მოთამაშე გამოვცადეთ. ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ”.
გიორგი ბეგაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “თამაში კარგად დავიწყეთ და კარგი ლელოც გავიტანეთ, მაგრამ მერე შერკინების ორი ლიდერი დაგვემტვრა და ავირიეთ, ბურთი ვეღარ დავიჭირეთ. ირლანდიის ნაკრები ძლიერი გუნდია და მათ კონტრშეტევები კარგად გამოიყენეს, რის გამოც ასეთი სხვაობით დავმარცხდით”.
თბილისის თასი 2015. ავჭალა. III რაუნდი
21 ივნისი
ურუგვაი - მზარდი იტალია 13:23 (6:17)
საქართველო - მზარდი ირლანდია 12:45 (5:10)
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ალექსანდრე ხუციშვილი, 13. რეზო გიგაური, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი ფრუიძე (22. ირაკლი სვანიძე 59), 10. მამუკა ნინიძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 63); 1. ზურაბ ჟვანია (17. გიორგი თეთრაშვილი 74), 2. სიმონ მაისურაძე (16. ჯაბა ბრეგვაძე 48), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (18. ირაკლი მირცხულავა 48), 4. ლევან დათუნაშვილი (კაპ.) (19. ოთარ გიორგაძე 9), 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა ბიწაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ლაშა ლომიძე (20. საბა შუბითიძე 32).
არ შესულა: 23 გიორგი აფციაური.
2 ლელო: ლიმიძე, გიორგაძე
1 გარდასახვა: წიკლაური
1 სინბინი: ხუციშვილი (48)
ირლანდია: 15. თირნან ო’ჰალორანი, 14. ენდრიუ ქონვეი, 13. სთიუართ მაკ’ქლოსქი, 12. ნოელ რიდი, 11. მეთ ჰილი, 10. ჯონ ჰანრაჰანი, 9. ლუქ მაკ’გრასი; 1. ჯეიმზ ქრონინი, 2. რობ ჰერინგი, 3. სთივენ არჩერი, 4. ბენ მარშალი, 5. ბილი ჰოლანდი (კაპ.), 6. ეოგან მასთერსონი, 7. დენ ლივი, 8. ჯექ ქონანი.
სათადარიგოები: 16. დევიდ ჰეფერნანი, 17. დენის ბაქლი, 18. ენდრიუ ვორიქი, 19. ენდრიუ ბრაუნი, 20. ფრენქ თეგართი; 21. ჯონ ქუნი, 22. ეოინ გრიფინი, 23. პითერ ნელსონი.
რეფერი: მატიო რეინალი (სფრანგეთი)
კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი