ცნობილი გახდა ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების წინასაწარი შემადგენლობა. ველიმირ პერასოვიჩის მიერ შერჩეულ 24 მოთამაშეს შორის, ფაქტობრივად, ყველა კალათბურთელი მოხვდა, რომელთაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.
ხორვატთა რიგებში ყველაზე გამორჩეული მსროლელი ბოიან ბოგდანოვიჩია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ყველა შეჯიბრზე ნაკრების საუკეთესო მექულე გახლდათ. იგივე გასულ მუნდიალზე, სადაც ხორვატებმა მე-10 ადგილი დაიკავეს, ბოგდანოვიჩი საშუალოდ 21.2 ქულას აგროვებდა და ბომბარდირთა დავაში მე-2 იყო.
ბოიანმა გასული სეზონი NBA-ს ბინადარ “ბრუკლინ ნეთსში” გაატარა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 9.0 ქულა (თამაშიდან 45.5%) და 2.7 მოხსნა იყო. მათ შორის, ბოგდანოვიჩის დახმარებითაც, ბრუკლინელებმა პლეი-ოფში გასვლა მოახერხეს.
კიდევ ერთი ხორვატი კალათბურთელი, რომელსაც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჰქონდა, დამიან რუდეზია. იგი “ინდიანა პეისერზის” ღირსებას იცავდა, თუმცა, გამორჩეული არაფრით ყოფილა.
ხორვატიის ნაკრებს პრობლემები ნამდვილად არ ექნება წინა ხაზში, სადაც ლიდერი “ბარსელონელი” ანტე ტომიჩი იქნება, მას კი ფიბა-ევროპას მიერ 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელებული დარიო სარიჩი და ვეტერანი ლუკა ზორიჩი დაეხმარებიან.
უკანა ხაზში ხორვატებს კაპიტან როკო ლენი უკიჩის, კრუნოსლავ სიმონის, ახალგაზრდა მარიო ჰეზონიას, ლუკა ბაბიჩის და ნატურალიზებული ამერიკელი ოლივერ ლაფაიეტის იმედი აქვთ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ პერასოვიჩი, რომელიც ამავდროულად “ლაბორალ კუჩას” თავკაცია, ლაფაიეტის ბასკეთში წაყვანას აპირებს, ამდენად, დიდი შანსია, ოლივერი თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდეს.
ორადორი კალათბურთელი, რომელიც გასული სამუნდიალე განაცხადისგან განსხვავებით, ამჯერად, გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა, დამირ მარკოტა და ლუკსა ანდრიჩია.
მოულოდნელი იყო გუნდში ახალგაზრდების – მარკო არაპოვიჩის, დუიე დუკანის და ტონი კატიჩის მოხვედრა.
არაპოვიჩმა გასულ ზაფხულს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სადაც საშუალოდ 17.0 ქულას, 8.0 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებდა.
კატიჩმა ხორვატთა მაისურით ბოლოს 2011 წელს ითამაშა, როდესაც 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მისი საშუალო მონაგარი 15.8 ქულა, 3.7 მოხსნა და 4.5 პასი იყო.
რაც შეეხება დუკანს, მან ასევე 2011 წელს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებული მიღწევების გარეშე იასპარეზა, ბოლო პერიოდი კი, ოსტატობას ვისკონსინის უნივერსიტეტში იმაღლებს და “ბადჯერსს” NCAA-ს ფინალში გასვლაშიც კი დაეხმარა.
25 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება პირველად მიიღო ლეონ რადოშევიჩმა, რომელიც 2013 წლის შემდეგ ბერლინის “ალბას” ღირსებას იცავს. 2.08 მ სიმაღლის კალათბურთელს თამაში შეუძლია როგორც – ცენტრის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. ცნობისთვის, 2008 წელს რადოშევიჩმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდთან ერთად მე-3 ადგილს უწია, მომდევნო წელს კი ბრინჯაო უკვე 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაისაკუთრა.
ეროვნულ გუნდს უბრუნდება 2.17 მ. სიმაღლის ცენტრი სტანკო ბარაჩი, რომელიც ახალგაზრდობაში დიდ იმედებს იძლეოდა, თუმცა, შესაბამისი განვითარება აღარ ჰქონია. გიგანტმა, რომელიც აგვისტოში 29 წლის ხდება, ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში ითამაშა, თუმცა, ქვეყნის მთავარ გუნდში 2011 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე შინაურ კედლებში ითამაშებს და ეცდება გასულ ტურნირზე ნაჩვენები შედეგი გაააუმჯობესოს. შეგახსენებთ, რომ მაშინ გუნდმა ნახევარფინალს უწია.
ხორვატია და საქართველო ევრობასკეტ-2013-ის ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ, ამჯერად კი, ზაგრებში განაწილებულ C ჯგუფში მეტოქეებად კიდევ ერთი ნაცნობი სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ეყოლებათ. ხორვატულ-ქართული დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 10 სექტემბერს შედგება.
ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
ტონი კატიჩი (“შიროკი”), ოლივერ ლაფაიეტი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), როკ სტიპჩევიჩი (“რომა”, იტალია), როკო ლენი უკიჩი, ლუკა ბაბიჩი, ფრან პილეპიჩი, ივან რამლიაკი, მარკო არაპოვიჩი, სტანკო ბარაჩი, მირო ბილანი, ტომისლავ ზუბჩიჩი (ყველა – “ცედევიტა”), ბოიან ბოგდანოვიჩი (“ბრუკლინი”, NBA), მარიო ჰეზონია, ანტე ტომიჩი (ორივე – “ბარსელონა”, ესპანეთი), მარკო რამლიაკი, იოსეპ სობინი (ორივე – “ზადარი”), დამიან რუდეზი (“ინდიანა”, NBA), კრუნოსლავ სიმონი (“ლოკომოტივ ყუბანი”, რუსეთი), ივან სირიშჩევიჩი (“ციბონა”), დუეი დუკანი (ვისკონსინის უნივერსიტეტი, NCAA), ჰრვოიე პერიჩი (“ვენეცია”, იტალია), ლეონ რადოშევიჩი (“ალბა”, გერმანია), დარიო სარიჩი (“ანადოლუ ეფესი”, თურქეთი), ლუკა ჟორიჩი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი).