რაგბი

11:46 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

თასი კუნძულელების გარეშე

20-წლამდელთა მსოფლიო თასის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა, ხოლო ტურნირს სამოა გამოაკლდა, რომლის ნაცვლად გაისად 12-გუნდა ელიტაში “ალაფის” გამარჯვებული საქართველო ითამაშებს.

დასკვნით დღეს ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ პირველი და მე-11 ადგილებისთვის მატჩებს ჰქონდა. ბოლოადგილოსანი ელიტას ემშვიდობებოდა და მასპინძელ იტალიასა და სამოას შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. პირველ ტაიმში კუნძულელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და 13:6 დაწინაურდნენ. სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, მაგრამ სამოელთა გარემარბმა სამი ჯარიმა ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის მიწურულს ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, იტალიელებმა ლელო გაიტანეს, მაგრამ რეფერი გვერდით მსაჯს გაესაუბრა და ლელო გააუქმა, მასპინძელთა შერკინების შემკვრელი კი, რომელმაც მანამდე წესები დაარღვია, სინბინში გაუშვა.

თამაში რომ განახლდა კუნძულელებმა ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ მერე ორჯერ დარჩნენ 10-10-წუთიან ნაკლებობაში და იტალიელებმაც ტაიმის შუაში ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს. სამოამ მალევე შეძლო ჯარიმის გატანა და იტალიელები ლელოზე თამაში აიძულა, თუმცა, რეფერიმ 70-ე წუთზე კიდევ ერთი სამოელი გააყვითლა და 74-ე წუთზე იტალიამ ლელო-გარდასახვით წინ გასვლა მოახერხა - 20:19. სამოას შანსი დამატებულ წუთებზე მიეცა, მაგრამ დამრტყმელს მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა და იტალიამ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

მე-9 ადგილისთვის იაპონია არგენტინას მთელი საათი მაგრად ეომა და სამი ლელოთი სამჯერ დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ უფრო ძლიერმა მაინც იმარჯვა. დაძაბული გამოდგა მე-7 ადგილისთვის ჯახი ირლანდიასა და შოტლანდიას შორის. შოტლანდიელები ბოლომდე ინარჩუნებდნენ მოგების შანსს, თუმცა 73-ე წუთზე მეორე ლელო გაუშვა, გარდასახვის შემდეგ 9:17 ჩამორჩა და საპასუხო ლელოს გატანა ვეღარ მოახერხა. უელსთან ავსტრალია თავიდანვე დაწინაურდა და ტაიმი 14:5 მოიგო, მერე უელსმა ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ კიდევ ორი ლელო გაუშვა და 11:28 ჩამორჩა. უელსმა მალევე შეძლო ერთი ლელოს გაქვითა და წინ კიდევ 12 წუთი ჰქონდა, მაგრამ შემდეგი ლელო მხოლოდ ბოლო წუთზე გაიტანა და ერთი ლელოს სხვაობით დამარცხდა - 23:28.

მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთი 12 წუთის შემდეგ 8:0 იგებდა, თუმცა 20 წუთის შემდეგ აფრიკამ აიწყვიტა და შესვენებამდე 4 უპასუხო ლელო გაიტანა - 28:8. მეორე ტაიმის 10 წუთი კვლავ ფრანგების იყო და ორმა ლელომ მათ მოგების იმედი დაუბრუნა, თუმცა გარდასახვები არაზუსტი იყო, 66-ე წუთზე აფრიკამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ 31:18 იმარჯვა.

ფინალში ინგლისსა და ახალ ზელანდიას შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისი სწრაფი ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი 10:11 დათმო. შეხვედრა რომ განახლდა “ოლ ბლექსი” ლელო-გარდასახვით კიდევ უფრო წინ გაიჭრა. ინგლისმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა - 16:18 56-ე წუთისთვის. ზელანდიამ ორ წუთში ჯარიმით უპირატესობა 5-ქულიანი გახადა, რამაც დასკვნით წუთებში ინგლისს ლელოზე თამაში აიძულა, მაგრამ ზელანდიამ თავი დაიცვა და 2011 წლის შემდეგ, თასი პირველად, სულ კი, მეხუთედ შემართა.

მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეებს შორის. იტალიაში

20 ივნისი

XI ადგილი

იტალია - სამოა 20:19

IX ადგილი

არგენტინა - იაპონია 38:21

VII ადგილი

ირლანდია - შოტლანდია 17:9

V ადგილი

უელსი - ავსტრალია 23:28

III ადგილი

საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 18:31

ფინალი

ახალი ზელანდია - ინგლისი 21:16

0.124937