ფეხბურთი

17:48 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: “მსურდა ლეგიონერის ცხოვრებით მეცხოვრა”

გორის “დილას” ყოფილმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს, ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ კლუბში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ნიკა კვეკვესკირი: “ინტერთან” კონტრაქტის გაფორმება მახარებს. ვფიქრობ, სწორად გადავწყვიტე”.

- “ინტერის” შესახებ რა იცით?

- ვიცი, რომ “ინტერი” ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ასე ვიცი, რომ ამ კლუბში ბევრ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია.

- ალბათ, ზაურ სვანაძეს უკვე ესაუბრეთ?

- ზაურ სვანაძის მსგავს ძლიერ სპეციალისტთან მუშაობა მახარებს. ის მართლაც მაღალი დონის მწვრთნელია.

- “ინტერში” გადასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- მსურდა ლეგიონერის ცხოვრებით მეცხოვრა. იმედია, გუნდს გამოვადგები. მაქსიმალურად შევეცდები, რომ “ინტერმა” გასულ სეზონზე არანაკლები წარმატებით იასპარეზოს.

- ალბათ, თქვენ არჩევნაზე იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ გუნდი ბაქოდანაა?

- ბაქო ძალიან მომეწონა. მართლაც, ლამაზი ქალაქია.

- კლუბთან კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?

- ერთი წლით.

- “ინტერში” ერთადერთი ლეგიონერი არ იქნებით. წესით ადაპტაციის პრობლემა არ უნდა გქონდეთ.

- აქ ისეთი მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომ მათ შორის ქართველიც რომ არ ყოფილიყო, ადაპტაციის პრობლემა არ შემექმნებოდა. თუმცა, ბუნებრივია გუნდში ისეთი პროფესიონალების ხილვა, როგორიც ზაურ სვანაძე და გიორგი ლომაიაა სასიამოვნოა.

- “ინტერში” რომ გადადიოდით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ იცოდით?

- ეს ჩემი საქმე არაა. ამის შესახებ საუბარი არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველაფერი კარგად იქნება. ეს ნამდვილად ვიცი.

- “დილადან” რომ მიდიოდით, თქვენით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ?

- ამჟამად, “ინტერის” ფეხბურთელი ვარ და არაეთიკურად მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ რომელი გუნდები მეპატიჟებოდნენ. სხვა კლუბები არ მაინტერესებს. თუმცა, “დილას” ყოველთვის ვუგულშემატკივრებ.

0.112495