რაგბი

13:46 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნამიბია მსოფლიოსთვის სამხრეთაფრიკელებით გაძლიერდება და ისტორიის შეცვლას ეცდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე 2015 წლის მსოფლიო თასზე ნამიბია, ინგლისში მინიმუმ ერთი თამაშის მოგებას გეგმავს და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოსა და ნამიბიის გარდა ჯგუფში ახალი ზელანდია, არგენტინა და ტონგა არიან, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს აქცენტი ვისზე კეთდება.

ნამიბია 1999 წლიდან მსოფლიო თასის მუდმივი მონაწილეა (5), მაგრამ ჯერჯერობით მის ანგარიშზე ერთი მოგებაც არაა. 2007 წელს აფრიკელებს საქართველომ 30:0 მოუგო და ახლა “ბორჯღალოსნები” ნამიბიასთან მოგება-წაგების საკითხს არც განიხილავენ და მიზნად ორი შეხვედრის მოგებას ისახავენ. აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ამჯერად რუმინეთშია და ბუქარესტის თასზე თამაშობს, გუნდის მთავარი მწვრთნელი დენი ვერმულენი კი, ტურნირს მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

“ამ ერთა თასს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავთ და იქ პირველად ნამიბიის რაგბის ისტორიაში, ერთი თამაშის მოგებას ვგეგმავთ. ეს ჩვენთვის მსოფლიო თასის მოგების ტოლფასი იქნება. დღეში სამჯერ იმიტომ ვვარჯიშობთ, რომ უკეთ შევთამაშდეთ, განვვითარდეთ და ავამაღლოთ ჩვენი საბრძოლო განწყობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის თითქმის ნახევარი მოყვარულები არიან და მათ აქვთ იმის დრო, რომ გამუდმებით ივარჯიშონ.

ამ კუთხით ბუქარესტის ტურნირი უმნიშვნელოვანესია. აქ უნდა აღმოვაჩინოთ ის სუსტი პოზიციები, რომელთა გამოსწორებაც ვინდჰუკში დაბრუნების შემდეგ მოგვიწევს. რუმინეთთან, ესპანეთთან და “იაგუარებთან” თამაში დაგვეხმარება როგორც სელექციაში, ასევე მოთამაშეების განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი სულ სხვა რამაა.

2015 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვების მოპოვება, ჩვენი უმთავრესი მიზანია. ბევრმა ჩვენმა მორაგბემ თამაში სწორედ ამ ოცნებით დაიწყო და ისინი ტურნირიდან ტურნირამდე ვითარდებიან. ახლა ოცნების ახდენის დრო დადგა და ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

ერთა თასის დასრულების შემდეგ შინ დავბრუნდებით და ორი ტესტი გვექნება რუსეთის ნაკრებთან, რის შემდეგაც აფრიკის თასზე ზიმბაბვეს და კენიას ვეთამაშებით. მზადების ბოლო ეტაპზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს ჩავატარებთ და ეს იქნება დიდი სარგებლის მომტანი შეკრება.

რამდენიმე პოზიციაზე მოთამაშეები ჯერაც არ გვყოფნის და მათ მოძიებას სამხრეთ აფრიკის პროვინციებში ვეცდებით. ამ ქვეყანაში მრავლად არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ჩვენთან თამაშის უფლება აქვთ და ისინი მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ. უკვე შერჩეული გვყავს ორი ისეთი მოთამაშე, რომლებმაც წელს ზე 15-ში ითამაშეს, ხოლო ერთი “ქარის თასზე” გამოდიოდა. ვიმედოვნებთ მათ დავარწმუნებთ, რომ ნამიბიის ნაკრებში თამაშით არაფერს კარგავენ და მსოფლიო თასზე გარანტირებული თამაში, ამ პროცესში უნდა დაგვეხმაროს” - ამბობს ვერმულენი.

0.113225