ფეხბურთი

13:33 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკო ფერარი: “ცალსახად დავინახე, როგორ განვითარდა ქართველი მწვრთნელების პროფესიონალიზმი”

მწვრთნელთა გადამზადების კუთხით უეფას ინსტრუქტორმა ფრანკო ფერარიმ გორის “დილას” ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში ადგილობრივი მწვრთნელების პროფესიონალიზმი გაიზარდა. ამჟამად, ფერარი გორშია, სადაც მწვრთნელთა A კატეგორიის ლიცენზირების კურსები ტარდება, რომელსაც გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობს, ხოლო იტალიელი სპეციალისტი ტრადიციულად ქართველ მწვრთნელებს თავის ცოდნას უზიარებს.

- უეფაში მწვრთნელთა გადამზადების მიმართულებით თქვენი ინსტრუქტორად მუშაობა რას მოიცავს?

- 20 წელიწადზე მეტია, რაც ამ საქმეს თავდაუზოგავად ვემსახურები. ჩემი სამუშაო მოიცავს ბევრ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც მწვრთნელების ლექტორი ადგილობრივ მწვრთნელებს სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ვეხმარები.

- შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება თქვენი საქართველოში ვიზიტი?

- ფაქტობრივად, გამოდის რომ საქართველოში მწვრთნელების სკოლის დამაარსებელი მე ვარ, რადგან 1998 წლიდან მოყოლებული ინტენსიურად ვიყავი ჩართული მწვრთნელების სწავლებაში და ჩემი ყოველწლიური ვიზიტისას შესამჩნევ პროგრესს ვხედავდი.

- თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელთა განათლებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საკითხი უეფას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია?

- ჩემი მიზანია, რომ უეფას ხელშეწყობით მწვრთნელების მეთოდოლოგია დავხვეწო და მათ საქმიანობას მეტი ცოდნა შევმატო. გოლის გატანას და გამარჯვებას არ ვასწავლი, არამედ მეთოდოლოგიას, რომელიც დაეხმარებათ მწვრთნელებს სწრაფად აღმოაჩინონ პოტენციალი, რაც მომავალი წარმატებების ქვაკუთხედია. აქედან გამომდინარე, ეს უეფას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

- თქვენ ბევრი ცნობილი მწვრთნელის ინსტრუქტორი იყავით და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებით რომელ მწვრთნელს გამოარჩევთ?

- უკვე 25 წელია იტალიაში მწვრთნელების მომზადებაში ვარ ჩართული და ამ ხნის განმავლობაში სახელგანთქმული მწვრთნელების უმრავლესობა ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ძალიან მიჭირს რომელიმე მათგანი გამოვარჩიო, რადგან ეს ჩემთვის თითქმის იგივეა, ჩემი შვილები ერთმანეთისგან გამოვარჩიო. ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც ჩემი მოწაფეები მსოფლიოში სახელს ითქვამენ.

- ქართველი მწვრთნელების მომზადების მეთოდოლოგიას, დონესა და პოტენციალს როგორ შეაფასებდით?

- საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ცალსახად დავინახე, როგორ განვითარდა ქართველი მწვრთნელების პროფესიონალიზმი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველებმა მალე გაათვითცნობიერეს მწვრთნელის პროფესიონალიზმის მნიშვნელობა ფეხბურთში და ყურადღება დაუთმეს მწვრთნელების მომზადების მეთოდოლოგიას. ამან მცირე დროში ფეხბურთელთა პოტენციალის აღმოჩენასა და მხარდაჭერას სერიოზული საფუძველი ჩაუყარა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და ძალისხმევაზე მწვრთნელთა განათლების მიმართულებით რას იტყოდით?

- ვფიქრობ, რომ ბოლო 17-20 წლის მანძილზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, რომელიც გამოიხატა ევროპის სტანდარტების შესაბამის PRO ლიცენზიის აღებაში.

ამან საშუალება მოგვცა მოვიაზროთ საქართველოს მწვრთნელები სხვა განვითარებული ქვეყნების მწვრთნელებს შორის. თუ ადრე ჩვენ ვადარებდით საქართველოს მწვრთნელების B კატეგორიას უცხოური ქვეყნების PRO კატეგორიასთან, ახლა თავისუფლად შეიძლება ითვას, ქართველებისა და უცხოური მწვრთნელების შედარება ხდება PRO კატეგორიის ფარგლებში.

გორის “დილას” პრესსამსახური

მინაწერი:

0.116924