არსებობის საუკუნენახევრის განმავლობაში ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მრავალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა, მათ შორის ყველაზე წარმატებული დამრიგებელი კი მაინც სერ ალფ რამსეია. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ამას მხოლოდ ალბიონელთა უპირველესი გუნდის მიერ 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება გვალაპარაკებდეს. რასაკვირველია, დიდწილად ესეცაა, თუმცა, რამსეის სამწვრთნელო ტალანტზე სტატისტიკაც თვალნათლივ მეტყველებს. ის კი ინგლისელთა ეროვნული გუნდის ყველა სხვა მწვრთნელისას სჯობს - 113 მატჩი ჩაატარეს სერ ალფის წინამძღოლობით ჯვაროსნებმა და მხოლოდ 17-ში განიცადეს მარცხის სიმწარე, 70-ში კი მთელი ნისლიანი ალბიონი გაახარეს.
ალფ რამსეი დაგენჰემში დაიბადა. ფეხბურთს ბავშვობიდანვე თამაშობდა, ბრიტანულ არმიაში სამსახურისას კი “პორტსმუთის” მოყვარული გუნდის რიგებში ლონდონის საჯარისო ლიგაში მცველის პოზიციაზე ბურთაობდა. 1943 წელს რამსეი პორტსმუთის მეზობელ ქალაქ საუთჰემპტონში გადაბარგდა და პროფესიონალი მოთამაშის სტატუსითაც აღიჭურვა. ყველაზე წარმატებული კარიერა კი ჩრდილოლონდონურ “ტოტენჰემში” ჰქონდა. რამსეი “უაით ჰართ ლეინზე” 1949-ში გადაბარგდა და “მამლების” შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე 250 მატჩზე მეტი ჩაატარა. ინგლისის ნაკრებში კი სერ ალფი ჯერ კიდევ “საუთჰემპტონში” ბურთაობისას მიიწვიეს. საერთაშორისო არენაზე ინგლისის ნაკრების მომავალი დამრიგებლის დებიუტი 1948 წლის 2 დეკემბერს შედგა. ამ დღეს რამსეიმ “ტოტენჰემის” მოსისხლე მტრის “არსენალის” სარბიელ “ჰაიბერიზე” შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშა. დებიუტანტი მეთოფეთა არენაზე გამოსვლისას შებოჭილად სულაც არ გამოიყურებოდა, ინგლისელებმა კი ალპელები 6:0 გააბითურეს. მთლიანობაში ალფ რამსეიმ 32 სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად იმისა, იმ პერიოდში მცველები შეტევით ოპერაციებში, თანამედროვე უკანახაზელთაგან განსხვავებით, ნაკლებად რომ მონაწილეობდნენ, სამი გოლის გატანა მაინც მოახერხა. სამ მატჩში კი ალფ რამსეი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდს კაპიტნობდა. იგი სისწრაფით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თამაშის “წაკითხვაში” ცოტა ვინმე თუ გაუწევდა კონკურენციას, პოზიციასაც ყოველთვის უშუცდომოდ არჩევდა, ფიზიკურადაც ძლიერი იყო და აქედან გამომდინარე, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ნაკრების მომავალ დამრიგებელს ნერვებიც მტკიცე ჰქონდა, რისი წყალობითაც მოწინააღმდეგეებს ფსიქოლოგიურად ჯაბნიდა და მეტსახელად “გენერალი” შეარქვეს.
1955 წელს ალფ რამსეიმ აქტიური კარიერა შეწყვიტა და “იფსვიჩ თაუნის” მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. იმხანად იფსვიჩელები მესამე დივიზიონს ბინადრები იყვნენ, რამსეის შვიდი წლის სადამრიგებლო მუშაობის გვირგვინი კი ინგლისის ჩემპიონობა გახდა. “იფსვიჩ თაუნის” პირველობა დღემდე ნისლიანი ალბიონის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მოულოდნელ ამბად ითვლება. ტაქტიკური სქემების შემუშავების დიდოსტატმა რამსეიმ საშუალო დონის ფეხბურთელთაგან მაღალი დონის საშემსრულებლო ანსამბლი შეკრა, რომელმაც ნამდვილი სპორტული გმირობა ჩაიდინა.
60-იანი წლების დასაწყისში ინგლისის ნაკრები, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავდა, ამიტომაც მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში თავისთავად დადგა. 1963-ში კი საპასუხიმგებლო პოსტის დაკავება ალფ რამსეის შესთავაზეს. მან უმალ თანხმობა თქვა და დანიშვნისთანავე ხმამაღლაც განაცადა - ჩემი ნაკრები მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატს მოიგებსო. პირველი, რითაც რამსეიმ მუშაობა დაიწყო, გუნდში დისციპლინის გამყარება იყო. მთავარი მწვრთნელი ისეთ აღიარებულ ვარსკვლავებსაც კი, როგორებიც ჯიმი გრივზი, ბობი მური და ბობი ჩარლტონი იყვნენ, არაფერს აპატიებდა ხოლმე და თუკი რომელიმე მათგანი საგარეო მატჩის წინ შეკრებაზე დააგვიანებდა, რამსეი აღიარებული მოთამაშის ავტორიტეტს არაფრად დაგიდევდათ და ინგლისში ტოვებდა. ცხადია, მწვრთნელის სიმკაცრე მოთამაშეებს ნაკლებად სიამოვნებდათ, მაგრამ რამსეის სამართლიანი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა დამსახურებულად მოპოვებული, ამიტომაც საყოველთაო ავტორიტეტით სარგებლობდა. 1966 წლის მუნდიალის საგანაცხადო შემადგენლობის გამომზეურებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი არც ერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას რომ მიიღებდა, ბობი მურის კაპიტნად დანიშვნა კი კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რამსეი ახალგაზრდებს ნდობას რომ უცხადებდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტის წინ ალფ რამსეიმ ნაკრების სათამაშო ტაქტიკური სქემა გადაასხვაფერა. თუკი მანამდე ინგლისელები 4-3-3 განლაგებით თამაშობდნენ (ფლანგის გამოკვეთილი ფორვარდები დაცვით ოპერაციებში მონაწილეობას პრაქტიკულად არ იღებდნენ), ზედ მუნდიალის დაწყების წინ რამსეიმ აქცენტი ცენტრალურ ზონაში დაწოლაზე გააკეთა და საამისოდ გუნდი 4-2-2 განლაგებით ათამაშდა. ეს ცვლილება რევოლუციურად ჩაითვალა, ენაკვიმატმა ინგლისელმა ჟურნალისტებმა კი იგი “უფრთო სასწაულად” მონათლეს. 1966 წლის 30 ივლისს ალფ რამსეიმ საკუთარი დანაპირები პირნათლად შეასრულა, ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა, თუმცა, ფინალში ჰელმუტ შიონის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების დამარცხების შემდეგ რამსეის გარეგნული სიმშვიდე არ დარღვეულა. სერ ალფი ფეხბურთელებთან ერთად არ დახტუნავდა და მოზეიმე მოთამაშეებს გვერდიდან აკვირდებოდა.
1968 წელს ალფ რამსეის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მანამდე ინგლისელებს კონტინენტის პირველობაზე ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 1970 წელს კი მექსიკის მუნდიალზე ალბიონელები პლანეტის ექსჩემპიონები მეოთხედფინალში გახდნენ. გფრ-სთან ისინი 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ გერმანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ოთხი წლის წინ განცდილი მარცხის რევანში აიღეს. ჰელმუტ შიონის გუნდის ნახევარფინალში გასვლა კანონზომიერი კი იყო, თუმცა, საერთო აღიარებით არც ინგლისელები იმსახურებდნენ ტურნირის ესოდენ ადრეული სტადიიდან გამოთიშვას.
ნაკრებთან გამომშვიდობება კი სერ ალფ რამსეის მინორულ ნოტზე მოუხდა. მისმა გუნდმა 1974-ის მსოფლიოს პირველობის ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა (ალბიონელებს შლაგბაუმი კაზიმეჟ გურსკის პოლონეთმა ჩაუდგა) და ნაკრებსაც ახალი ხელმძღვანელობა შეურჩიეს. პენსიაზე გასვლამდე რამსეი “ბირმინგემ სიტის” წვრთნიდა, 1979-80 წლებში კი ბერძნული “პანათინაიკოსის” კონსულტანტად მუშაობდა.
საფრანგეთის 1998 წლის მუნდილის დროს სერ ალფ რამსეიმ ინსულტი გადაიტანა, მომდევნო წლის 28 აპრილს კი იფსვიჩის ერთ-ერთი კლინიკის პალატაში ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში რამსეი სნეულებასთან თანმდევი ინტელექტის დაქვეითებით და მოძრაობის დარღვეული კოორდინაციით იტანჯებოდა. გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ტრიუმფატორი მწვრთნელი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს, იფსვიჩის ერთ-ერთ ქუჩას კი ალფ რამსეის სახელი მიენიჭა. მოგვიანებით კი იქაური “თაუნის” მადლიერმა ქომაგებმა ფული შეაგროვეს და საყვარელ მწვრთნელს, მისსავე ქუჩაზე, ძეგლი დაუდგეს.