ევროპის 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ჩემპიონატი ჩეხეთში 17 ივნისს დაიწყება. ამ ტურნირზე ყოველთვის ასპარეზობდნენ ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები, რომელთაც შემდგომ დიდი ფეხბურთი ითამაშეს და გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ ჩაეწერნენ.
გთავაზობთ 2000 წლიდან დღემდე იმ მოთამაშეთა ჩამონათვალს, რომლებმაც ახალგაზრდულ ევროფორუმზე გაიბრწყინეს, ხოლო შემდგომ უკვე დიდ ასაკშიც იგივე წარმატებით ითამაშეს ან თამაშობენ...
2000 წელი, ანდრეა პირლო (იტალია)
2000 წელს ევროპის ჩემპიონატს სლოვაკეთმა უმასპინძლა. მაშინ ტურნირის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ იტალიის ახალგაზრდული ნაკრები გახდა. მარკო ტარდელის დამოძღვრილი გუნდის ნამდვილი ლიდერი კი ანდრეა პირლო იყო. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიცა და ბომბარდირიც სწორედ პირლო გახდა (3 გოლით). მათ შორის ორი, მან ფინალში ჩეხეთის ნაკრების კარში გაიტანა. თუ როგორ განვითარდა მოგვიანებით პირლოს კარიერა ყველას კარგად მოგვეხსენება.
2002 წელი, პეტერ ჩეხი (ჩეხეთი)
ორი წლის შემდეგ ტურნირს უკვე შვეიცარიამ უმასპინძლა. 2002 წლის გათამაშებაში ფურორი ჩეხეთის ნაკრების იმხანად უცნობმა კიპერმა, პეტერ ჩეხმა მოახდინა. ამჟამად "ჩელსის" კიპერი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან საკუთარი გუნდის გაჩემპიონებაში ლომის წილი დაიდო. განსაკუთრებით, გამორჩეულად მან ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც ჩეხებმა მეტოქეს მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში სწორედ ჩეხის წყალობით აჯობეს.
2004 წელი, ალბერტო ჯილარდინო (იტალია)
გერმანიაში ჩატარებულ ტურნირზე გამარჯვება იტალიელებს დარჩათ. კლაუდიო ჯენტილეს გუნდის ღირსებას სხვებთან ერთად დანიელე დე როსიც იცავდა, ვინაც ფინალში სერბების რბევას სათავე დაუდო. თუმცა, იმ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი ალბერტო ჯილარდინო შეიქნა. "ფიორენტინას" ფორვარდმა ამასთან ერთად საუკეთესო გოლეადორის პრიზიც დაისაკუთრა, ოღონდ სანახევროდ - მან და შვედმა იოჰან ელმანდერმა 4-4 გოლი გაიტანეს. ვერ ვიტყვით, რომ ჯილარდინომ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა...
2006 წელი, კლაას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია)
ორი წლის თავზე 21-წლამდელთა ევროფორუმს უკვე პორტუგალიამ უმასპინძლა. ტურნირზე გამარჯვება ჰოლანდიელმა ახალგაზრდებმა მოახერხეს. პორტუში, "ესტადიო ბესაზე" გამართულ ფინალში "ორანჯემ" უკრაინას ადვილად აჯობა. ამ მატჩში დუბლი კლაას იან ჰუნტელაარმა გაიფორმა. იმხანად ნიჭიერი ფორვარდი 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
2007 წელი, როისტონ დრენტე (ჰოლანდია)
ერთი წლის შემდგომაც ჩემპიონი ჰოლანდია შეიქნა, რომელმაც ტურნირი საკუთარ სამშობლოში მოიგო. ვინაიდან ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად როისტონ დრენტე დაასახელეს, ვინაც შემდგომ გაცემული ავანსები ნაკლებად გაამართლა, ვიტყვით, რომ ჰოლანდიაში ისეთი მოთამაშეები თამაშობდნენ, როგორებიც იტალიელები ჯუზეპე როსი, ალბერტო კავილანი და რიკარდო მონტოლივოა. ჰოლანდიელთა რიგებში დრენტესთან ერთად რაიან ბაბელი ირჯებოდა. ინგლისელების ღირსებას ეშლი იანგი და ჯეიმს მილნერი იცავდნენ. პორტუგალიელთა რიგებში გამოდიოდნენ: ჟოაო მოუტინიო, ნანი და მიგელ ველოზო...
2009 წელი, მარკუს ბერგი (შვედეთი)
2009 წელს მასპინძელი ლამაზი ქვეყანა შვედეთი იყო. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ შვედი მარკუს ბერგი გახდა. ეს გასაკვირი სულაც არ იყო. ბერგმა მოკლევადიან გათამაშებაში 7 გოლი გაიტანა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოლოდინი ნაკლებად გაამართლა. სამაგიეროდ, ამ ტურნირზე ჩემპიონი გერმანიის რიგებში სამი ხედირა, მანუელ ნოიერი, მესუტ იოზილი თამაშობდნენ. იტალიელთა რიგებში მარიო ბალოტელის ნახვაც შეგეძლოთ, ხოლო ვიცე-ჩემპიონ ინგლისელთა რიგებში ჯო ჰარტისა და ტეო უოლკოტის. ამ ტურნირზე წარუმატებლად გამოვიდა ესპანეთის ახალგაზრდული გუნდი, რომლის რიგებშიც მარიო სუარესი, რაულ გარსია, ხავი მარტინესი, ბოიან კრკიჩი, ნაჩო მონრეალი თამაშობდნენ...
2011 წელი, ხუან მატა (ესპანეთი)
დანიაში გამართული ტურნირის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ხუან მატა. "ფურიე როხას" რიგები სავსე იყო გამორჩეული ფეხბურთელებით - დავიდ დე ხეა, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ადრიანი, ხუან მატა - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა ამოცნობაც ჩვენთვის ძალზე მარტივია. მათ გარდა, გამოსაყოფია ინგლისელი დანიელ სტარიჯი და შვეიცარიელი ქსერდან შაქირი...
2013 წელი, ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)
ბოლოს 21-წლამდე ასაკის ფორუმს ორი წლის წინ ისრაელმა უმასპინძლა. გამარჯვებული აქაც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები გამოვიდა. საუკეთესო ფეხბურთელიცა და ბომბარდირიც მათი შემადგენლობიდან შეირჩა - ტიაგო ალკანტარა და ალვარო მორატა. მათ გარდა, ტურნირზე გამორჩეულად კარგად კოკემ, ისკომ და დავიდ დე ხეამ ითამაშეს. ესპანელებმა ფინალში იტალიელ თანატოლებს მოუგეს, რომელთა რიგებში მარკო ვერატი, მანოლო გაბიადინი, ჩირო იმობილე, ალესანდრო ფლორენცი და ლორენცო ინსინიე ირჯებოდნენ.
2015 წელი...
ამ ტურნირზე მრავალად არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაგანაც სპეციალისტები მომავალში გაბრწყინებას ელიან - იგივე იტალიელთა რიგებში დანიელე რუგანის, ალესიო რომანიოლის, სტეფანო სტურაროს, დანილო კატალდის, დანიელე ბაზელის, დომენიკო ბერარდის, ფედერიკო ბერნარდესკისა და მარკო ბელოტის გვარებს ამოიკითხავთ, რომლებზეც აპენინზე უდიდეს იმედს ამყარებენ. ნიჭიერ ფეხბურთელთა სიმრავლეს არც გერმანიის ნაკრები უჩივის - ბერნდ ლენო და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საფეხბურთო სამყაროში უკვე სახელგანთქმული მეკარეები არიან. მაქსიმილიან არნოლდი, მაქს მეიერი, მატიას გინტერი... ჰარი კეინი, საიდო ბერანიო - ეს უკვე ინგლისელთა ყველაზე ცნობადი სახეები არიან, პორტუგალიელთაგან ყველაზე გამოსარჩევი "მონაკოს" შემტევი ბერნარდო სილვაა...
მოკლედ, ჩეხეთში გასამართი ტურნირი დიდი ინტერესს იწვევს და ბევრ საინტერესო, უკვე კარგად ნაცნობ ფეხბურთელთან ერთად, საფეხბურთო სამყაროში ბევრი ახალი სახეც გამოჩნდება...