ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო, რომელსაც აქტიური საფეხბურთო კარიერა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა "გაძეტა დელო სპორტს" განუცხადა.
"მწვრთნელობა მინდა. თავიდან, ალბათ, შეერთებულ შტატებში ბავშვების გაწვრთნით დავიწყებ", - თქვა დელ პეირომ.
40 წლის მოთამაშემ თავისი მოსაზრება, ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც დააფიქსირა:
"ბერლინში ვიყავი და ბიჭები ახლოდან ვნახე. დიდი ნოსტალგია დამეუფლა, რადგან ფინალი მეც მაქვს ნათამაშები. გუნდის წარმატება მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა, ყოჩაღ ალეგრი", - ამბობს "იუვეს" ექს კაპიტანი.
ალესანდრო დელ პიერომ "იუვენტუსი" 2012 წელს დატოვა. მას შემდეგ მან თამაში "სიდნეისა" და "დინამო დელიში" მოასწრო, ხოლო ინდოეთიდან წამოსვლის შემდგომ უგუნდოდაა.