კალათბურთი

23:37 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორან დრაგიჩი სლოვენიას ვერ დაეხმარება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიამ იმ 11 მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომლებიც გუნდში ითამაშებენ. აქ ლაპარაკია არა კანდიდატებზე, არამედ გუნდის წამყვან მოთამაშეებზე, რომელთაგან უმეტესობას ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს.

შემადგენლობაში არაა სლოვენიელთა უპირველესი ლიდერი, მაიამი ჰითის ძირითადი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი. ”გორანს ძალიან სურს ევრობის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო, ამას ვერ აკეთებს. თუკი ოჯახური სიტუაცია შესაძლებლობას მისცემს, ის სლოვენიას ევრობასკეტზე დაეხმარება“ - ასეთი განცხადება გააკეთა სლოვენიის კალათბურთის ფედერაციამ.

საქმე იმაშია, რომ გორან დრაგიჩის მეუღლე სახელგანთქმული კალათბურთელისგან შვილს ელოდება და ექიმებს სავარაუდო მშობიარობის თრიღად ევრობასკეტის დაწყების წინა დღე, 4 სექტებერი აქვთ ნათქვამი. ცხადია, გორან დრაგიჩს მისი ოჯახისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში მეუღლესთან სურს ყოფნა.

ამასთან ერთად, 1 ივლისიდან დრაგიჩი თავისუფალი აგენტი ხდება და ან მაიამიში დარჩება, ან სხვა გუნდში გადავა და სავარაუდოდ, ახალი კონტრაქტის ღირებულება მისი კარიერული მაქსიმუმი იქნება. სლოვენიის ნაკრების მწვრთნელმა იურე ზდოვცმა ნაკრებში უხმო გორანის უფროს ძმა ზორანს, რომელიც ასევე “მაიამის” წევრია, თუმცა ფლორიდულ გუნდში მესამეხარისხოვანი როლი აკისრია.

ნაკრებში არიან გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიელთა წამყვანი მოთამაშეები – ედო მურიჩი და დომენ ლორბეკი. სლოვენიის მოქალაქეობა ჯერ არ მიუღია, თუმცა ნაკრებში უხმეს და ევრობასკეტისთვის ემზადება ოლიმპიაკოსის მეფარე, ამერიკელი ბრაიან დანსტონი.

ზდოვცის მიერ გამოძახებულ 11 მოთამაშეს 18 ივლისს დაახლოებით 5 კალათბურთელი დაემატება, რომლებიც სლოვენიის ასაკობრივ ნაკრებებში არიან და ქვეყნის ღირსებას ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე დაიცავენ.

სლოვენია პირველ სპარინგ-მატჩს 30 ივლისს, ახალ ზელანდიასთან გამართავს. ევროპის ჩემპიონატზე კი სლავთა მეტოქეები საქართველოსთან ერთად იქნებიან მასპინძელი ხორვატია, ჰოლანდია, საბერძნეთი და მაკედონია. სლოვენია და საქართველო ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 6 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

ეს კი ის 11 კალათბურთელი, რომელიც ზდოვცმა სლოვენიის ნაკრებში გამოიძახა: ზორან დრაგიჩი (მაიამი), იურე ბალაჟიჩი (ბუიუქი, თურქეთი), იაკა ბლაჟიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჟიგა დიმეჩი (როგასკა, სლოვენია), ნებოისა იოკსიმოვიჩი (კრკა, სლოვენია), ბრაიანტ დანსტონი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), იაკა კლობუჩარი (ულმი, გერმანია), ალენ ომიჩი (ოლიმპია, სლოვენია), კლემენ პრეპელიჩი (ოლიმპია), უროშ სლოკარი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), გასპერ ვიდმარი (დარუშაფაკა, თურქეთი).

www.gbf.ge

0.13105