ფეხბურთი

23:01 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მალე, 25 ივლისს: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა  
საქართველო ბოლო კალათაში იქნება

წლეულს 25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართება. რატომ ასე ადრე? ფიფამ გადაწყვიტა, რომ დროულად დაიჭიროს თადარიგი. როგორც წესი, მსგავსი წილისყრები მუნდიალის დაწყებამდე ორწელიწადნახევრით ადრე ტარდებოდა (დეკემბერში, იანვარში, ან თებერვალში).

მუნდიალი, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, 2018 წლის 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება. კონტინენტებიდან ნაკრებების რაოდენობა შემდეგია: ევროპა – 13 პლუს რუსეთი (ანუ 14). აფრიკა – 5, აზია 4,5, სამხრეთ ამერიკა – 4,5, ჩრდილოეთ ამერიკა – 3,5, ოკეანეთი – 0,5.

ჩვენთვის უპირველესად ევროპის ზონაა საინტერესო. 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში (შვიდი ექვსგუნდიანი და ორი ხუთგუნდიანი). საუკეთესონი პირდაპირ გავლენ მუნდიალზე, რვა მეორეადგილოსანი ფლეი-ოფში შექმნის ოთხ წყვილს და ოთხნი კიდევ დაემატებიან იმ ცხრას. ყველაზე უარესი მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსანი კი უშანსოდ დარჩება.

შესარჩევი ციკლი გაისად 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბრამდე გასტანს. ნოემბრის თვეში კი ფლეი-ოფები იქნება.

ანუ, ევროპის ზონაში წილისყრაში ექვსი კალათა იქნება და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ბოლო, მეექვსე კალათაში იქნება. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა.

25 ივლისს წილისყრაა და კალათები 9 ივლისს გამოქვეყნებული ფიფას რეიტინგის მიხედვით შედგება. 9 ივლისს კი ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ: ერთადერთი, იტალიის ნაკრების ამბავია გადასაწყვეტი – ან პირველში მოხვდება, ან მეორეში.

სიურპრიზია უელსის პირველ კალათაში მოხვედრა, მაგრამ ფაქტია, მშვენივრად ატარებენ ამ შესარჩევს და რამდენიმე დღის წინ ბელგიასთან მოგებამ დიდად ასწიათ რეიტინგში.

პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, იტალია (ან ხორვატია)

მეორე: ხორვატია (ან იტალია), ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, სილანდია, დანია, ბოსნია

მესამე: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი

მეოთხე: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი

მეხუთე: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა

მეექვსე: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა

გიორგი იმერლიშვილი

0.123673