რაგბი

22:25 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ათი ცვლილება “ბორჯღალოსნებში”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა “თბილისის თასის” პირველ ტურში ურუგვაისთან 19:10 მოგებული შეხვედრის შემდეგ, “მზარდ იტალიასთან” სათამაშოდ სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა.

“ურუგვაისთან ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ, გარკვეულ მომენტებში შეცდომები დავუშვით. შეტევების დაბოლოვებისას უფრო თანმიმდევრულნი რომ ვყოფილიყავით, ერთ-ორ ლელოს კიდევ გავიტანდით. ამაზე განხილვის დროსაც ბევრი ვისაუბრეთ. მომავალ მატჩში დიდი ყურადღება სწორედ თანმიმდევრულ თამაშს უნდა მივაქციოთ. ეს უფრო ხანგრძლივი დროით უნდა გამოგვივიდეს და შესრულების დონემაც უნდა დაგვაკმაყოფილოს. იტალიელებს საკმაოდ აგრესიული შერკინება ჰყავთ, რომელიც შეტევებისთვის კარგ პლათფორმას ქმნის. ჩვენ ვეცდებით, რომ სწრაფად ვითამაშოთ და შევინარჩუნოთ დისციპლინა” - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

შეიცვალა თითქმის მთელი უკანა ხაზი. შუამარბებად თამაშს რევაზ გიგაურისა და მერაბ შარიქაძის ნაცვლად გიორგი ტალახაძე და თამაზ მჭედლიძე იწყებენ, ხოლო გარემარბებად მურაზ გიორგაძე და ალექსი ხუციშვილი დადგებიან, რომლებმაც გიორგი ფრუიძე (თადარიგში გადაინაცვლა) და გიორგი აფციაური შეცვალეს. ამ უკანასკნელმა ფულბეკის პოზიციაზე ბექა წიკლაური შეცვალა. პირველი მატჩის მსგავსად მგეზავი ლაშა მალაღურაძე იქნება, ხოლო 9 ნომერის პოზიციაზე ამჯერად თამაშს ვაჟა ხუციშვილი იწყებს, გიორგი ბეგაძემ კი, თადარიგში გადაინაცვლა.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი - გიორგი თეთრაშვილის, ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკა ხატიაშვილის ნაცვლად, თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი, სიმონ მაისურაძე და ირაკლი მირცხულავა დაიწყებენ, რომელთაგან ერთმა (მირცხულავა), ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშა. ხატიაშვილი და ბრეგვაძე თადარიგში არიან. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან ლევან დათუნაშვილს გამოცდილი გიორგი ჩხაიძე შეუწყვილდება, ურუგვაისთან გატანილი ერთადერთი ლელოს ავტორი კოტე მიქაუტაძე კი თადარიგშია. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზშიც - ლაშა ლომიძის ნაცვლად, თამაშს ახალგაზრდა ბექა გორგაძე იწყებს, რომელსაც “ბორჯღალოსნებში” დებუტი ურუგვაისთან ჰქონდა. კიდევ ერთი სიახლეა თადარიგში და “მზარდ იტალიასთან” ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება ოთარ გიორგაძეს, რომელმაც თავი 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას გამოიჩინა.

“მზარდი იტალია” პირველ ტურში “მზარდ ირლანდიასთან” 0:25 დამარცხდა. ირლანდიელებმა პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 20:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში იტალიამ მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და მეოთხე, პრემიალური ლელო, მეტოქისგან ბოლოსღა გაუშვა. იტალიელთა მენეჯერი ანდრეა დოუდო ბიჭებისგან ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაშიც იგივეს მოელის:

“კმაყოფილი ვარ იმ თავდაუზოგავი თამაშით, რომელიც ბიჭებმა შაბათს ანახეს. განსაკუთრებით კარგი მეორე ტაიმი იყო. საქართველო ძლიერი გუნდია, რომელსაც თასის მოგების დიდი შანსი აქვს და შესაბამისად, ჩვენ წინააღმდეგ ძალზე მოტივირებულნი იქნებიან. მომავალი მატჩი ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მწვრთნელებს დაუმტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ”.

მეორე მატჩში ურუგვაი “მზარდ ირლანდიას” ეთამაშება და ურუგვაელთა თავკაცმა პაბლო ლემოინემ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ გუნდში 12 კაცი შეცვალა:

“რთული თამაში გველის. ირლანდიელები ქართველებზე უფრო სწრაფები არიან, ამიტომ დიდი ყურადღება დაცვას უნდა მივაქციოთ. ვინაიდან ჩვენ მსოფლიო თასისთვის ვემზადებით, ასეთი კარგი მოთამაშეების წინააღმდეგ ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას დააგროვებენ. მორაგბეები როტაციის პრინციპით შევცვალეთ, რათა ყველას მიეცეს თამაშის შესაძლებლობა და სცადონ მსოფლიო თასისთვის გუნდში ადგილის დამკვიდრება”.

როტაციის პრინციპითაა გამოწვეული “მზარდი ირლანდიის” შემადგენლობაში” განხორციელებული ცვლილებებიც:

“შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რათა უფრო მეტ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა და გუნდიც გადავახალისოთ. ძლიერი, გამოცდილი გუნდით ვითამაშებთ. ურუგვაელები კარგად არიან შეთამაშებულნი, ერთად საკმაოდ დიდი დრო გაატარეს და მიმაჩნია, რომ საქართველოსთან არ გაუმართლათ. “საშინაო დავალება” კარგად შევასრულეთ და ვფიქრობ, მოედანზე კარგად მომზადებულები გავალთ” - თქვა “მზარდი ირლანდიის” მთავარმა მწვრთნელმა ალან კლარკმა.

17 ივნისს გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთები “ავჭალის” სალაროებში უკვე იყიდება და მათი ფასი 5 ლარია, მთლიანი შემოსული თანხა კი, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ. თამაშები გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.

2015 წლის თბილისის თასი

II რაუნდი. 17 ივნისი

თბილისი. “ავჭალა”

მზარდი ირლანდია - ურუგვაი (17:00 საათი)

ირლანდია: 15. პითერ ნელსონი, 14. ქიან ქელეჰერი, 13. ეოინ გრიფინი, 12. ნოელ რიდი, 11. მეთ ჰილი, 10. რორი სქენელი, 9. ჯონ ქუნი; 1. ჯეიმზ ქრონინი, 2. დევიდ ჰეფერნანი, 3. სთივენ არჩერი, 4. ენდრიუ ბრაუნი, 5. ბილი ჰოლანდი, 6. რის რადოქი (კაპ.), 7. ფრენქ თეგართი, 8. ეოგან მასთერსონი.

სათადარიგოები: 16. რობ ჰერინგი, 17. დენის ბაქლი, 18. ენდრიუ ვორიქი, 19. ბენ მარშალი, 20. დენ ლივი, 21. ჯექ ქონანი; 22. ლუქ მაკ’გრასი, 23. ჯონ ჰანრაჰანი.

ურუგვაი: 15. ხერონიმო ეჩევერი, 14. ლეანდრო ლეივასი (კაპ.), 13. ხოაკინ პრადა, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. სანტიაგო ჟივერნო, 10. ალეხო დურანი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. მატეო სანგინეტი, 2. ხერმან კესლერი, 3. კარლოს არვოლეჟა, 4. ფრანკო ლამანა, 5. მატიას პალომეკე, 6. აგუსტინ ალონსო, 7. დიეგო მანიო, 8. ალეხანდრო ნიეტო.

სათადარიგოები: 16. ნიკოლას კლაპენბახი, 17. მარიო საგარიო, 18. ალეხო კორალი, 19. სანტიაგო ვილასეკა, 20. ფერნანდო ბასკუ, 21. მატიას ბრაუნი, 22. მანუელ ბლენხიო, 23. ალბერტო რომანი.

რეფერი: მარიუს მიტრეა (იტა)

კიდეებზე: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე

საქართველო - მზარდი იტალია (19:00 საათი)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ლევან დათუნაშვილი (კაპ.), 5. გიორგი ჩხაიძე, 6. საბა შუბითიძე, 7. ბექა გორგაძე, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. არჩილ ბეჟიაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ბექა წიკლაური.

იტალია: 15. ალბერტო კიეზა (კაპ.), 14. ფილიპო გვარდუჩი, 13. ჯოვანი ბენვენუტი, 12. რობერტო კვარტაროლი, 11. გაბრიელე დი’ჯულიო, 10. კარლო კანა, 9. სიმონე მარინარო, 1. ფედერიკო ძანი, 2. ოლივიერო ფაბიანი, 3. ჯუზეპე დი’სტეფანო, 4. ფედერიკო რუძა, 5. ფილიპო ჯეროზა, 6. სებასტიან ნეგრი, 7. ემილიანო კაფინი, 8. მაკსიმე მბანდა.

სათადარიგოები: 16. ლუკა ბიჯი, 17. ლაერტ ნაკა, 18. პიეტრო ჩეკარელი, 19. ალესიო ზდრილიჩი, 20. მირკო ამენტა, 25. მატეო კორაძი; 21. სიმონე პარიზოტო, 22. კრისტიან ბეჩერა.

რეფერი: მორის ფან’დერ ვესტ’ჰეიზენი (სამხრეთ აფრიკა)

კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი

1 მზარდი ირლანდია 1 1 0 0 25-0 5
2 საქართველო 1 1 0 0 19-10 4
3 ურუგვაი 1 0 0 1 10-19 0
4 მზარდი იტალია 1 0 0 1 0-25 0

1.588056