23 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გორის “დილადან” ბაქოს “ინტერში” გადავიდა. მოთამაშემ ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვეკვესკირს საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და აზერბაიჯანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
როგორც “მსოფლიო სპორტმა” სანდო წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, ნიკა ბაქოში იმყოფება და “ინტერთან” ერთად დღეს პირველად ივარჯიშა. კვეკვესკირის გარდა ზაურ სვანაძის გუნდში ვეტერანმა ქართველმა მეკარე გიორგი ლომაიამ ივარჯიშა.
ნიკა კვეკვესკირს “ბაიაში”, “დინამო თბილისსა” და “ცხინვალში” უთამაშია, გასული სეზონი კი გორის “დილაში” გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლეს ლიგის 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
2010 წელს თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე 18 წლის ნიკა კვეკვესკირი იხმო, თუმცა სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია, ასაკობრივ ნაკრებებში კი რეგულარულად თამაშობდა.