ფეხბურთი

10:50 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ნაკრები ძველი შედეგით...

მორიგმა სანაკრებო ბატალიებმა ჩაიარა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში, ხოლო პოლონეთთან ოფიციალურ მატჩში უკვე ნაჩვევი მარცხი იგემა. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ამით ახალი არაფერი მომხდარა.

რა დავანახეთ უპირველეს ყოვლისა ამ ორ მატჩში, განსაკუთრებით, ვარშავაში გამართულ დაპირისპირებაში?

უკრაინასთან და პოლონეთთან მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული თამაში აჩვენა. ლინცში ჩატარებული მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და შესაძლოა, ისიც იყოს, რომ უკრაინამ თავისი თამაშის მაქსიმუმის ჩვენებაზე მეტად აქცენტი სხვა ღირებულებებზე გააკეთა, თუმცა ფაქტია, რომ მოსაგებად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. კახა ცხადაძის გუნდმა სლავებს მომენტები მრავლად შეუქმნა, რასაც ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისგან ერთობ მოკლებულნი ვართ. თამაშის მხრივაც უფრო მეტი ჟინი, ბრძოლა იგრძნობოდა. არც კომბინაციიისა და მოკლე პასებით შეტევის დაწყება დავიწყებია “ჯვაროსანთა” გუნდს, მაგრამ... მაგრამ ისე, როგორ იქნებოდა, რომ გოლი უწყინარ სიტუაციაში, არაფრისგან მოგვეგონებინა. დაჩვეულ სენს, როგორც ჩანს ვერც ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში ვიშორებთ...

რაც შეეხება ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ოფიციალურ მატჩს – ძნელია აღწერო ის, რაც ამ თამაშის ბოლო 3-4 წუთში ჩვენს თავს დატრიალდა. თუმცა მომხდარი მაინც იმ მოვლენების ლოგიკური დასასრული იყო, რაც პირველ ტაიმში ხდებოდა. ჩვენი ნაკრების უკანა ხაზი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ იყო. ქართველ მცველებს განსაკუთრებით რობერტ ლევანდოვსკის შეჩერება უჭირდათ, ვინაც საჯარიმოში ლამის ყველა ბურთი უპრობლემოდ მიიღო და დაამუშავა, შეტევა განავითარა ან კარში დარტყმით დაასრულა. გასაგებია, რომ ლევანდოვსკი ტოპ კლასის ფორვარდია, მაგრამ... ძალიან დიდი მაგრამ! საპირისპიროდ ჩვენს თამაშში უხვად იყო მეტოქის და რაც მთავარია ჩვენსავე ნახევარზე დაკარგული ბურთები, რაც მოწინააღმდეგეს შეტევის დაწყების საშუალებას აძლევდა. ამის ფონზე გასაკვირი არაა ის, რომ კარში პირველად მხოლოდ 43(!)-ე წუთზე დავარტყით. ისიც, იმდენად სუსტად, მხოლოდ გასახსენებლად თუ გამოდგება. პოლონეთის დედაქალაქში გამართული მატჩიდან თვალშისაცემი კიდევ ერთი რამ იყო, თუმცა არა ახალი, არამედ ძველი სენი – ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთაგან განსაკუთრებით პირველ ნახევარში გაუთავებლად ვხედავდით უკან პასებს, ყველაზე მეტად გიორგი ლორიას მისამართით. თანაც, ისეთ მარტივ სიტუაციებში, როცა ამის აუცილებლობა აშკარად არ იყო. არადა, ლინცში ამ ე.წ. უკან პასებმა რაც მოგვიტანა ყველას კარგად მოგვეხსენება. ცხადაძის ნაკრებს ამ მხრივ ბევრი შრომა მოუწევს...

პირველ ტაიმთან შედარებით, კარგი იყო მეორეს დასაწყისი – ვერაფერს იტყვი, ქართველმა ფეხბურთელებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს, უკანაც უფრო ყურადღებით განლაგდნენ და მეტოქის კარსაც ერთი-ორჯერ “უკბინეს” (კაშიას თავური და ყაზაიშვილის შორეული დარტყმა). თუმცა, თუმცა ეს ხომ საქართველოს ნაკრებია – ჰოდა, ზუსტად ამ დროს, როცა თითქოს თამაში დავალაგეთ გოლი კვლავაც არაფრისგან მივიღეთ! ფეხბურთი თითოეული პატარა დეტალისგან შედგება და მაღალი დონის მეტოქე ოდნავ უყურადღებობასაც არ პატიობს. ასე მოგვექცა პოლონეთი.

არკადიუშ მილიკმა კუთხური თავადვე მოაწოდა, მოაწოდა რა, გაითამაშა, თანაც ორ თანაგუნდელთან! ამ დროს კი საჯარიმო მოედანში განლაგებულ სტუმრებს დასარტყმელი პოზიციის გადაკეტვა გამორჩათ, მეტადრე, საყრდენ ნახევარმცველებს და “აიაქსის” შემტევმაც ცხადჰყო, რომ მაღალი კლასის მოთამაშეა... ასეთნაირად ჩამოვრჩით ვარშავის ლამაზ სტადიონზე, როცა ამას არაფერი მოასწავებდა. ერთი სასიხარულო (უკვე ესეც სასიხარულო უნდა იყოს ჩვენთვის) მაინც მოხდა – თამაშის გადარჩენა შეგვეძლო! ვინ თუ არა გიორგი ნავალოვსკი? – საერთოდ, ეს ბიჭი ამ ფორმაციის ნაკრებში აშკარად გამორჩეულია. მას ვერც მონდომებას დავუკარგავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას. თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ საქართველო გაწირა. არადა, ბურთი, რომ ოდნავ დაბლა გაფრენილიყო...

აი, რაც ბოლო 4 წუთში მოხდა ეს კი შეიძლება მხოლოდ ჩვენს ნაკრებს დაემართოს... პოლონეთის ნაკრებმა სამი გოლი უმარტივესად გავიტანა. სამივე კომბინაციის დროს ბურთთან თითო შეხებით. ლევანდოვსკი კი მაღალი დონის ფორვარდია რომაა, აქამდეც ვიცოდით...

მოკლედ, უკრაინასთან და პოლონეთთან თითქმის ერთიდაიგივე ფეხბურთელებით მოთამაშე ორი განსხვავებული გუნდი ვიხილეთ. თამაშის სტილი ოდნავ შეიცვალა, შედეგი უცვლელი დარჩა. კახა ცხადაძეს სამუშაო თავზესაყრელად აქვს, შესაბამისად, არც საფიქრალი აკლია. ამისთვის კი მას დრო ჯერ კიდევ აქვს, მომდევნო სანაკრებო ბატალიებმდე ლამის სამი თვეა დარჩენილი. რა იქნება ხვალ, ამის განჭვრეტა ძალიან რთულია.

0.117795