საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მეორე დღეს ორივე შეხვედრა მოიგო, პირველი, მოსკოვის ეტაპის მსგავსად მე-9 ადგილი დაიკავა და ერთ კვირაში მეორე ფიალა შემართა.
რუმინეთის 12:7 დამარცხების შემდეგ კახა ალანიას შეგირდები ლიტვის ნაკრებს დაუპრისპირდნენ, რომელმაც ნახევარფინალში უელსი დაამარცხა. ანგარიში პირველსავე წუთზე იოსებ კიკვაძის ლელოთი გაიხსნა, მეოთხე წუთზე კი, ლელო 20-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთმა გარემარბმა ანზორ სიჭინავამ გაიტანა - 10:0. მე-6 წუთზე სიჭინავამ მეტოქეს ჯარიმის სწრაფად გათამაშება არ დაანება, 10-მეტრიანი წესის დარღვევისთვის სინბინით დაისაჯა და ლიტვამ 1 წუთში უპირატესობა ორ ლელოდ აქცია - 10:10.
მეორე ტაიმში შემადგენლობა რომ შეივსო ქართველებმა სათამაშო უპირატესობა დაუბრუნეს და ლევან გოგოლაშვილმა ის ლელოში ასახა, ხოლო მე-11 წუთზე კადო მიმინოშვილმა ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა - 20:10. ლიტვა მე-13 წუთზე ერთი ლელო გაქვითა და რადგან გარდასახვაც გამოიყენა (20:17), მატჩის მოგების იმედი გაუჩნდა. მაგრამ საქართველომ თავი კარგად დაიცვა და 20:17 მოგებით ფიალა შემართა.
დასკვნითი მატჩი ლიტვასთან ჩაატარა საქართველოს 7-ქალა ნაკრებმაც, მაგრამ ის მხოლოდ მე-11 ადგილისთვის იბრძოდა. გოგონებს წინა ოთხი თამაში წაგებული ჰქონდათ, ამჯერად მასპინძლებთან მეტად მოინდომეს, ერთი ლელო გაუშვეს, თავად 4 გაიტანეს და 24:5 იმარჯვეს.