საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი, რიგით მე-6 მატჩი ვარშავაში “სტადიონ ნაროდოვიზე” ჩაატარა.
უკრაინასთან გამართულ ამხანაგურ მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება ვიხილეთ – ბაჩანა ცხადაძის ადგილი მათე ვაწაძემ დაიკავა. კახა ცხადაძემ ნაცად ტაქტიკურ სქემას მიმართა. დაცვაში ფლანგებზე უჩა ლობჟანიძე და გიორგი ნავალოვსკი თამაშობდნენ, ხოლო ცენტრალური ზონის კონტროლი გურამ კაშიას, ალექსანდრე ამისულაშვილსა და ლაშა დვალს დაევალათ. ნახევარდაცვის ხაზში ცენტრალურ ზონაში სანდრო კობახიძესთან ერთად ჯანო ანანიძე იქნა გამწესებული, ხოლო შეტევების ორგანიზება უფრო მეტად თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის მოვალეობა იყო. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად კი ცხადაძემ მათე ვაწაძე გაამწესა.
ვარშავის სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, რაც დიდწილად მასპინძელთა აქტიურობით იყო გამოწვეული. პირველი 45 წუთის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურობდნენ რობერტ ლევანდოვსკი, კამილ გროსიცკი და არკადიუშ მილიკი. მასპინძლებს გატანა ანტრაქტამდე არაერთხელ შეეძლოთ – ლუკაშ პიშჩეკის ფლანგური გადაცემა გროსიჩკიმ ვერ დააგვირგვინა, ხოლო ცოტა ხანში ფრანგული “რენის” შემტევს ლორიამ აჯობა. ამის შემდეგ ქართველთა კართან სახიფათო მომენტებს ძირითადად ლევანდოვსკი ჰქმნიდა. მიუნხენის “ბაიერნის” ვარსკვლავს გიორგი ლორიამ სამ ეპიზოდში საოცარი ბურთი აუღო, ხოლო ერთხელ ალექსანდრე ამისულაშვილმა მისი დარტყმული ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდის დასაწყისში ბურთი უწყინარ სიტუაციაში სწორედ “ჯვაროსანთა” ქართველმა კაპიტანმა დაკარგა, თუმცა საბოლოოდ, შეცდომა თავადვე გამოასწორა. ტაიმის ბოლოს მეტოქის ნახევარზე ბურთი ოქრიაშვილმა დაკარგა, კონტრშეტევას კი სტუმართა ფორვარდი არკადიუშ მილიკი შორეული დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ქართველთა საბედნიეროდ, ლორიამ ლამაზ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველ ნახევარში ქართველებმა მეტოქის კარში ერთადერთხელ დაარტყეს – 43-ე წუთზე სანდრო კობახიძის შორეული დარტყმა მეტისმეტად სუსტი გამოდგა.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო. ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე მურთაზ დაუშვილი გამოვიდა, რომელმაც ადგილი მოედნის ცენტრში დაიკავა, ხოლო ოქრიაშვილის პოზიციაზე ჯანო ანანიძე დადგა. მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა უკეთ დაიწყეს და უფრო მეტად ბურთს სწორედ ცხადაძის შეგირდები აკონტროლებდნენ. ამან მცირე შედეგიც გამოიღო და ორჯერ ლუკაშ ფაბიანსკის კარს დაემუქრნენ. ჯერ ანანიძის კუთხურის შემდეგ გურამ კაშიამ ბურთს თავი კარგად ვერ მოარტყა, ხოლო შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან გატანას ყაზაიშვილი ერთი შეხებით ცდილობდა, მაგრამ ფაბიანსკიმ დამაჯერებლად ითამაშა. ასეთი თამაშის ფონზე ქართველთათვის ცუდს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ... 62-ე წუთზე მილიკმა კუთხური ორ თანაგუდელთან გაითამაშა, სტუმარმა ფეხბურთელებმა მას ხელი ვერ შეუშალეს და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა “აიაქსის” ფორვარდმა ლორიას მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა. ცხადაძემ სიტუაციის გამოსწორება მოედანზე გიორგი ჭანტურიასა და ბაჩანა ცხადაძის გამოყვანით სცადა, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია. პოლონელებმა მეთოდურად საკუთარ ნახევარზე დაიწიეს და თამაში მეორედ ნომრად განაგრძეს. ერთ ეპიზოდში ადამ ნავალკას გუნდს ანგარიშის გაზრდა შეეძლო. კუბა ბლასშიკოვსკის კარგი გადაცემის შემდეგ თავით ახლო მანძილიდან გროსიცკი ურტყამდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ცხადაძის გუნდს გატანის ყველაზე რეალური შანსი 82-ე წუთზე მიეცა. ანანიძის გადაცემის შემდეგ მახვილი კუთხიდან ძლიერად გიორგი ნავალოვსკი ურტყამდა, თუმცა მათდა სამწუხაროდ, ბურთი მხოლოდ ხარიხას მოხვდა და პოლონეთი გაშვებულ გოლს ბეწვზე გადაურჩა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და, მასპინძლებმა თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე, ანგარიშის სხვაობა გაზარდეს. მილიკმა ლორიასთან პირისპირ ლევანდოვსკი დატოვა, ვისაც გატანა არ გასჭირვებია. ამ ეპიზოდში სტუმრები ხელოვნური თამაშგარის შექმნას ცდილობდნენ, თუმცა ფორვარდის უკან ლობჟანიძე ჩარჩა. დარჩენილ დროში კი დემორალიზებულმა ქართველებმა კიდევ ორი გოლი გაუშვეს – ორივე ლევანდოვსკისგან. პირველ ჯერზე, პიშჩეკის დაწყებული შეტევა ერთი შეხებით ბლასშიკოვსკიმ განაგრძო და ერთი შეხებითვე ლევანდოვსკიმ დაასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიშიც ისევ “ბაიერნის” გოლეადორმა დააფიქსირა. მცველთა უყურადღებო თამაში კი ამჯერადაც გამოსარჩევი გახლდათ – მილიკის გრძელი გადაცემის შემდეგ საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი ჩავარდა, შეტევა ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. პოლონელებმა საქართველოს იგივე ანგარიშით მოუგეს, რა შედეგითაც გასული წლის ნოემბერში “დინამო არენაზე”. პოლონეთი 14 ქულით ისევ ლიდერია. საქართველოს ნაკრებს კი 6 ტურის შემდგომ სამი ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი უკავია და მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს.
პოლონეთი – საქართველო 4:0 (0:0)
ვარშავა, “სტადიონი ნაროდოვი”
პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი; პიშჩეკი, სჟუკალა, პაზდანი (კომოროვსკი 90), რიბუსი; გროსიცკი (იოდლოვიეცი 80), მაჩჟინსკი, კრიხოვიაკი, პესჟკო (ბლასშიკოვსკი 64); მილიკი, ლევანდოვსკი (კაპ)
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
საქართველო (5-4-1): ლორია; ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი (კაპ), დვალი, ნავალოვსკი; ოქრიაშვილი (დაუშვილი 46), ანანიძე, კობახიძე (ცხადაძე 76), ყაზაიშვილი; ვაწაძე (ჭანტურია 63)
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გოლები: 1:0 მილიკი (62), 2:0 ლევანდოვსკი (89), 3:0 ლევანდოვსკი (90+1), 4:0 ლევანდოვსკი (90+3)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 7 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 10:4 ჯარიმა: 9:10 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ალექსეი კუბლაკოვი (ბელარუსი)
1. | პოლონეთი | 6 | 4 | 2 | 0 | 20:3 | 14 | |
2. | გერმანია | 6 | 4 | 1 | 1 | 16:4 | 13 | |
3. | შოტლანდია | 6 | 3 | 2 | 1 | 12:6 | 11 | |
4. | ირლანდია | 6 | 2 | 3 | 1 | 12:5 | 9 | |
5. | საქართველო | 6 | 1 | 0 | 5 | 4:13 | 3 | |
6. | გიბრალტარი | 6 | 0 | 0 | 6 | 1:34 | 0 |