ფეხბურთი

17:19 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალერიან გვილია: “თავს უკრაინის სრულფასოვან მოქალაქედ ვგრძნობ”

ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს, მაგრამ არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა.

- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევამ რა ემოცია გამოიწვია?

- ძალიან მესიამოვნა, რადგან ნაკრებში ძალების მოსინჯვა მსურდა. მადლობა ღმერთს გამომივიდა.

- ნაკრებში როგორ მიგიღეს?

- კარგად მიმიღეს. სერგეი კოვალეცის მიერ გაწვრთნილ გუნდში საუცხოო კოლექტივია. თუმცა, თავდაპირველად ბიჭები მეხუმრებოდნენ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები ხომ არ ამერია.

- შენ ხომ საქართველოში დაიბადე?

- დიახ, ქალაქ ზუგდიდში. საქართველო მიყვარს და ვაღმერთებ, მაგრამ უკვე დიდი ხანია უკრაინაში ვცხოვრობ. თავდაპირველად წელიწადნახევარი ხარკოვის “მეტალისტში” გავატარე, ხოლო შემდეგ ზაპოროჟიეში გადავედი. ამ ქალაქში 2012 წლიდან ვცხოვრობ და ის ჩემთვის მშობლიური გახდა.

- საქართველოს ნაკრებში არ მიუწვევიხართ?

- ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ. თუმცა, მე უკრაინის ნაკრები ავირჩიე, რადგან თავის გამოვლენა აქ მსურს.

- უკრაინის ჰიმნსაც მღერი?

- მოლდოვასთან სადებიუტო მატჩის წინ ვიმღერე. თავს უკრაინის სრულფასოვან მოქალაქედ ვგრძნობ.

- მშობლები უკრაინის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას როგორ შეხვდნენ?

- ისინი ჩემს არჩევანს მხარს უჭერენ. მშობლები ჩემს კარიერას თვალს ადევნებენ და ძალიან კმაყოფილნი არიან. მართალია, ზუგდიდში ცხოვრობენ, მაგრამ ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ყველა თამაშს თვალს ადევნებენ.

- მათ რა ჰქვიათ?

- დედას მზია, ხოლო მამას - იაროსლავი.

- შემთხვევით მამა უკრაინელი ხომ არაა?

- არა, ქართველია. უბრალოდ, მშობლებს ეს სახელი მოეწონათ და მას იაროსლავი დაარქვეს.

- ნაკრების განკარგულებაში პრაქტიკულად მთელი შვებულება გაატარეთ. გული არ დაგწყდათ, რომ ნორმალურად ვერ დაისვენეთ?

- არა, რადგან ნაკრებში გამოსვლა გაცილებით მნიშვნელოვანია. ამ მოვლენამ გამაბედნიერა, ხოლო მშობლები გაახარა. ფეხბურთელის კარიერას რომ დავასრულებ შემდეგ დავისვენებ. ახლა უნდა ვივარჯიშო, გავნვითარდე და ჩემს მიზანს მივაღწიო.

- ფეხბურთელ ვალერიან გვილიას რა მიზანი აქვს?

- უახლოესი მიზანია ახალ სეზონს კარგ კონდიციებში შევხვდე. თუ ღმერთმა ინება ევროთასებზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ზაპოროჟიეში ხომ ევროთასების მატჩი დიდი ხანია არ ჩატარებულა. დროა დავაბრუნოთ! გლობალური ოცნება კი ისეთივეა, როგორც ფეხბურთელების უმრავლესობის – ჩემპიონთა ლიგის მოგება. “იუვენტუსში” თამაში მსურს. ეს ჩემი საყვარელი გუნდია.

- ალბათ, “იუვენტუსის” რომელიმე ფეხბურთელი შენი კერპია?

- დელ პიერო. მისი დამსახურებაა, რომ “იუვეს” ვგულშემატკივრობ. ასევე, პირლო და პოგბა მომწონს. ადრე რონალდინიო მომწონდა.

- “მეტალურგის” ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდებს ენდობა. ეს ძალას გმატებს?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომა გვეხმარება და ძალას გვმატებს. მწვრთნელის ნდობა იგრძნობა და მოედანზე გასულები მაქსიმალურად ვიხარჯებით. იმ დროსაც კი, როდესაც გეჩვენება ძალა არ გაქვს, ის საიდანღაც მაინც მოდის.

- უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შტაბი “მეტალურგის” ფეხბურთელებით კმაყოფილია?

- ალბათ, კმაყოფილნი არიან. ამბობენ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ახალგაზრდული ნაკრების ბირთვი ახლა ყალიბდება. იმედია, ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით.

- შესამჩნევია, რომ “მეტალურგის” გულშემატკივრებს ძალიან პატივისცემით ეპყრობი...

- მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით, განსაკუთრებით განვლილი სეზონის ბოლო მატჩებში. ამისთვის ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს ვემადლიერები. მსურს, რომ ჩვენ მხარდასაჭერად რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს. მახსოვს, ორი-სამი წლის წინ ზოგიერთ მატჩზე ტრიბუნები სავსე იყო და ფანების სექტორში ბევრი ლამაზი პერფომანსი იყო. ეს თამაშში გეხმარება. ტრიბუნებზე ამ დღესასწაულის დაბრუნება ძალიან მსურს.

- გასულ სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა რა იყო?

- რა თქმა უნდა, პრემიელიგაში დებიუტი. ზღვა ემოცია მქონდა. ეს “დნიპროსთან” საშინაო მატჩში მოხდა და სტადიონზე 10000 გულშემატკივარი შეიკრიბა. ასევე, დაუვიწყარი მოვლენა ქვეყნის ჩემპიონთან ბოლო ტურში ფრედ დასრულებული შეხვედრა იყო. კიევის “დინამოსთან” სტუმრად ჩატარებულ მატჩებში “მეტალურგს” 10 წელი ქულა არ აეღო. თუმცა, ჩვენ ფრეს მივაღწიეთ და ეს არცთუ ცუდ შედეგად მიმაჩნია.

- შვებულების დასრულებამდე რამდენიმე დღე დაგრჩა. რა გეგმა გაქვს?

-თუ გამომივა და მწვრთნელები ნებას დამრთავენ რამდენიმე დღე საქართველოში ჩავალ. თუ არა, მაშინ დარჩენილი სამი დღე დავისვენებ და ვარჯიშს ახალი ძალებით განვაახლებ.

0.150688