საქართველოს და პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები არსებობის განმავლობაში ერთმანეთს მეხუთედ, 13 ივნისს ვარშავაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდებიან.
აქამდე, ქართველები და პოლონელები ორჯერ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრიან, ერთხელ ევროპირველობის და ერთხელაც ამხანაგური შეხვედრა ჩაუტარებიათ. პოლონელებმა სამჯერ მოიგეს და ერთხელ დამარცხდნენ.
ყველაზე მწარე მარცხი პოლონეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრებს შარშან ნოემბერში აგემა, როდესაც თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 4:0 აჯობა. მანამდე, საქართველოს ნაკრებს ამხელა სხვაობით შინ არც შესარჩევ ციკლებში და არც ამხანაგურ შეხვედრებში წაუგია. ის მატჩი თემურ ქეცბაიასთვის ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში ბოლო აღმოჩნდა.
კახა ცხადაძე ფეხბურთელობისას პოლონელებს საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლავურით ორჯერ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შეხვედრია. პირველი მატჩი მისთვის და მთლიანად ქართველებისთვის რბილად რომ ვთქვათ სასიამოვნო არ აღმოჩნდა, რადგან პოლონელებმა სახლში 4:1 გაიმარჯვეს. თუმცა, საპასუხო თამაშში თბილისში ქართველებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და მეტოქეს 3:0 სძლიეს, ხოლო ცხადაძემ 70-ე წუთზე თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
ამჯერად, ცხადაძეს D ჯგუფის ლიდერ პოლონეთთან დაპირისპირება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მოუწევს. მომავალი მატჩი ვარშავაში “სტადიონ ნაროდოვიზე” (ეროვნული სტადიონი) შედგება, რომელიც 58145 მაყურებელს იტევს. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყეს და ექსპლუატაციაში 2011 წლის 16 დეკემბერს შევიდა.
ამ არენაზე ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისა, 1/4-ფინალისა და 1/2-ფინალის მატჩები ჩატარდა. 2015 წლის 27 მაისს “სტადიონ ნაროდოვიმ” უეფას ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლა.
მომავალი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პოლონეთი-საქართველოს შეხვედრას ბელარუსი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ალექსეი კულბაკოვი იქნება, რომელსაც ვიტალი მალიუტინი და ოლეგ მასლიანკო დაეხმარებიან. შეხვედრას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” პირდაპირ ეთერში გადასცემს.
D ჯგუფი
1. | პოლონეთი | 5 | 3 | 2 | 0 | 16:3 | 11 | |
2. | გერმანია | 5 | 3 | 1 | 1 | 9:4 | 10 | |
3. | შოტლანდია | 5 | 3 | 1 | 1 | 11:5 | 10 | |
4. | ირლანდია | 5 | 2 | 2 | 1 | 11:4 | 8 | |
5. | საქართველო | 5 | 1 | 0 | 4 | 4:9 | 3 | |
6. | გიბრალტარი | 5 | 0 | 0 | 5 | 1:27 | 0 |
საქართველო-პოლონეთის განვლილი მატჩების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
პოლონეთი – საქართველო 4:1 (2:0)
1997 წელი. 14 ივნისი. კატოვიცე. სტადიონი გკს. 1000 მაყურებელი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
პოლონეთი: შამოტულსკი, სკჟიპეკი, კუკიელკა, მიხალსკი, კალუჟნი, სოკოლოვსკი, ბუკალსკი, ლედვონი, დემბინსკი (ადამჩიკი, 86), კშიშტოფ ნოვაკი, ტჟეჩაკი (კუხარსკი, 60).
მთავარი მწვრთნელი: კშიშტოფ პავლაკი.
საქართველო: ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ცხადაძე (კ), კობიაშვილი (ყაველაშვილი, 72), კალაძე, გოგიჩაიშვილი (არჩილ არველაძე, 46), ნემსაძე, ჯამარაული (კიკნაძე, 46), ქეცბაია, ქინქლაძე, შოთა არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
გოლები: 0:1 შოთა არველაძე (25), 1:1 ლედვონი (38), 2:1 ტჟეჩაკი (45), 3:1 ბუკალსკი (70), 4:1 ნოვაკი (90).
გაფრთხილებები: ლედვონი (18), კობიაშვილი (43), ლობჟანიძე (58), ნემსაძე (64).
მთავარი მსაჯი: გიუნტერ ბენკო (ავსტრია)
საქართველო – პოლონეთი 3:0 (0:0)
1997 წელი. 11 ოქტომბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 12000 მაყურებელი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
საქართველო: ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ცხადაძე (კ), შელია, ჩიხრაძე, გახოკიძე (ჯამარაული, 63), ნემსაძე, არჩილ არველაძე (გოგიჩაიშვილი, 82), ქეცბაია (კიკნაძე, 88), ყაველაშვილი, შოთა არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
პოლონეთი: კლაკი, ვალდოხი, ლაპინსკი, იუჟვიაკი, კოზმინსკი, მაიაკი, სვერჩევსკი (ლედვონი, 61), ივანი, იუსკოვიაკი (კუხარსკი, 83), ბჟეჩეკი, გილევიჩი (ბუკალსკი, 73).
მთავარი მწვრთნელი: იანუშ ვოიციკი.
გოლები: 1:0 არჩილ არველაძე (55), 2:0 ცხადაძე (70), 3:0 ქეცბაია (75).
გაფრთხილებები: ივანი, ლობჟანიძე, ყაველაშვილი, ბჟეჩეკი, მაიაკი, გახოკიძე, ნემსაძე, ლაპინსკი.
მთავარი მსაჯი: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი).
ამხანაგური მატჩი
პოლონეთი – საქართველო 1:0 (1:0)
2011 წელი. ლუბინი. 10 აგვისტო. “დიალოგ არენა”. 7000 მაყურებელი.
პოლონეთი: შჩესნი, ვოიტკოვიაკი, იოდლოვიეცი, გლოვაცკი, ვავრჟინიაკი, პოლანსკი (დუდკა, 76), მურავსკი (მატუშჩიკი, 85), ბლაშჩიკოვსკი (კ) (რიბუსი, 90+2), მიერჟიევსკი (პეშკო, 60), ობრანიაკი (პავლოვსკი, 79), ლევანდოვსკი (პაველ ბროჟეკი, 60).
მთავარი მწვრთნელი: ფრანტიშეკ სმუდა.
საქართველო: ლორია, უჩა ლობჟანიძე, ხუბუტია, ამისულაშვილი (გრიგალავა, 46), კალაძე (კ), კანკავა (დაუშვილი, 73), კობიაშვილი (დავით კვირკველია, 80), შოთა გრიგალაშვილი (გურამ კაშია, 62), თარგამაძე, მარცვალაძე (ვაწაძე, 62), დვალიშვილი (სანდრო გურული, 46).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გოლი: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (36).
გაფრთხილებები: თარგამაძე (3), კობიაშვილი (73), ბლაშჩიკოვსკი (90).
მთავარი მსაჯი: ანდრი შანდორი (უკრაინა).
საქართველო – პოლონეთი 0:4 (0:0)
2014 წელი. 14 ნოემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, კაშია, გრიგალავა, ხუბუტია, კანკავა (კ), დაუშვილი, ანანიძე (ოქრიაშვილი, 59), კობახიძე (ძალამიძე, 88), მჭედლიძე (ჭანტურია, 68).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
პოლონეთი: შჩესნი, იედრჟეიჩიკი, შუკალა, მილიკი, კრუშოვიაკი, ლევანდოვსკი (კ), გროსიცკი (რიბუსი, 69), გლიკი, მაჩინსკი (იედლოვიეცი, 65), მილა (ლინეტი, 87), პიშჩეკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.
გოლები: 0:1 გლიკი (51), 0:2 კრიხოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90+2)
გაფრთხილება: კანკავა (52), ლობჟანიძე (56), იედრჟეიჩიკი (79), იედლოვიეცი (83), ლინეტი (90+1)
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)