ბაქოში დაგეგმილი პირველი ევროპული თამაშები საღამოს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება, თუმცა კი, ტურნირს წინ უსიამოვნო ინციდენტი უძღოდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში ფეხით მიმავალ ავსტრიელ სპორტსმენთა ჯგუფს ავტობუსი დაეჯახა და რამდენიმე მათგანი მძიმედ დააშავა.
ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტ-სივრცეში უკვე გამოქვეყნდა და კადრები მართლაც მძიმე სანახავია. რა დაემართა ავტობუსის მძღოლს, რომელმაც ახალგაზრდებს საკმაოდ დიდი სიჩქარით გადაუარა, აქამდე უცნობია.
ინციდენტის შედეგად, ყველაზე მძიმედ 15 წლის ვანესა საჰინოვიჩი დაზარალდა, რომელსაც სინქრონულ ხტომებში უნდა მიეღო მონაწილეობა. ავსტრიელ გოგონა ადგილობრივ კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით იქნა გადაყვანილი და მას საკმაო მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი, ხელოვნურ კომაში იმყოფება.