ტურინის "იუვენტუსმა" "ნაპოლის" 20 წლის მცველ დანიელე რუგანის იჯარით დათმობაზე უარი განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რუგანიმ გასული სეზონი "ემპოლიში" გაატარა, რომელსაც ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი წვრთნიდა.
გარდა "ნაპოლისა", იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერით დაინტერესებას გენუური გუნდები - "სამპდორია" და "ჯენოაც" იჩენენ, თუმცა, როგორც ჩანს "იუვე" რუგანის თავისთან დაიტოვებს.
თავის მხრივ, "ბებერ ქალბატონში" თამაშის სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს:
"მზად ვარ "იუვენტუსში" სათამაშოდ, მაგრამ ჩემს მომავალს პირველ ყოვლისა თვითონ "იუვე" გადაწყვეტს", - თქვა რუგანიმ, რომელიც ამჟამად ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.
დანიელე რუგანიმ გასულ სეზონში სერია A-ში 38 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო მთელ ჩემპიონატში, ვინაც მოედანზე უკლებლივ ყველა სათამაშო წუთი გაატარა და ყვითელი ბარათიც არ მიუღია.