ფეხბურთი

16:50 | 11.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მორატა: “ბენიტესს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მისაუბრია”

ტურინის “იუვენტუსის” 22 წლის ფორვარდ ალვარო მორატას წარმატებული სეზონი ჰქონდა. ესპანელმა ფეხბურთელმა გამოცემა el partido de las 12-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, რაფაელ ბენიტესს იცნობს, თუმცა ტურინიდან წასვლას არ გეგმავს, რადგან იქ თავს კარგად გრძნობს.

ბერლინის ფინალზე – “დამწუხრებული ვარ “ბარსელონასთან” წაგებით. ვიცე-ჩემპიონები ისტორიაში ვერ შედიან. ეს დიდი შანსი იყო, მაგრამ ჩვენ წინ ვიყურებით და იმედია, კიდევ ვითამაშებთ ფინალში, რომელსაც მოვიგებთ”.

განვლილ სეზონზე – “ეს არ ყოფილა ჩემი სეზონი, ეს გუნდის გახლდათ. ზედიზედ მეოთხედ მოვიგეთ სკუდეტო, ჩამოვყალიბდით შესანიშნავ ჯგუფად. ჩემი თანაგუნდელები კარგად მიგებდნენ, თითქოს 5 წელი ერთად გვეთამაშოს. გასულ სეზონში ფიზიკურად უფრო გავიზარდე”.

“იუვენტუსში” გადასვლაზე – “ტურინში გადასვლა მინდოდა. ერთი წლის წინ “დორტმუნდიც” მთავაზობდა კონტრაქტს, თუმცა “იუვენტუსში” თამაში მინდოდა”.

სამი ხედირას ტრანსფერზე – “კმაყოფილი ვარ მისი შეძენით. იგი დიდებული ფეხბურთელია”.

თანაგუნდელებზე – “პოგბა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან დარჩება. ლორენტე კი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. მის შემთხვევაშიც იმედია, რომ ისევ ერთად ვითამაშებთ”.

ბენიტესზე და “რეალში” შესაძლო დაბრუნებაზე – “ბენიტესს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მისაუბრია. ტურინში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”.

ალვარო მორატა “იუვენტუსში” ერთი წლის წინ გადავიდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ტურინული გუნდის მაისურით ჯამში 14 გოლი გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063654