როგორც “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის 19-წლამდე შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდე ტურნირზე ითამაშებს.
ევროპული ფეხბურთის მართველი ორგანოს გადაწყვეტილებით შემდეგ სეზონში ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება, გათამაშებაში 34 ქვეყნის 64 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. 34 ქვეყანა ევროპული საკლუბო რეიტინგით შეირჩა, რეიტინგში საქართველო 33-ე ადგილზეა.
“საბურთალოს” დაშვება ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე “პორტოს” ჩემპიონობამ განაპირობა. “პორტო” პორტუგალიის 19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ტურნირში მონაწილეობის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მიეცა.
უეფას გადაწყვეტილების მიხედვით გუნდებს განაცხადში მხოლოდ სამი 20-წლამდე ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 19-წლამდე ჩემპიონატი არ იმართება, საქართველოს 1997-98 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის 2014-15 წლების საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული “საბურთალო” წარადგენს.
“საბურთალოს” 1997-98 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდს დავით კევლიშვილი წვრთნის. გუნდი ჭაბუკთა ლიგის გათამაშების გასულ სეზონში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და დამაჯერებლად გახდა ტურნირის გამარჯვებული.