ფეხბურთი

19:48 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: "ნაკრებს პროგრესი აქვს"
"უკრაინასთან წაგებას არ ვიმსახურებდით, პოლონეთთან კი უშანსოდ არ ვართ"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ კალენდარულ მატჩამდე, რომელსაც "ჯვაროსნები" 13 ივნისს, პოლონეთში გამართავენ, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ავსტრიის ქალაქ ლინცში ქართველი ფეხბურთელები უკრაინის ნაკრებს გაეჯიბრნენ და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდნენ. აღნიშნულ მატჩში ქართველთაგან ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს მათე ვაწაძემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა პრაღის "სლავიას" ნახევარმცველმა ლევან ყენიამ გაუწია.

"მსოფლიო სპორტი" ყენიას დაუკავშირდა და გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით ესაუბრა. ყენიას თქმით, ეროვნული ნაკრების პროგრესი თვალშისაცემია და გუნდს პოლონეთის ნაკრებთან წარმატების შანსიც ექნება.

- რა მდგომარეობაა ნაკრებში უკრაინასთან თამაშის შემდეგ და პოლონეთთან მატჩამდე?

- ნორმალური მდგომარეობაა. უკრაინასთან სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ჩემი აზრით, წაგებას ამ თამაშში არ ვიმსახურებდით.

- როგორ შეაფასებდით ლინცში გამართულ შეხვედრას?

- ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პირველი ტაიმი სტაბილურად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი მოგებაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, როცა ანგარიში 0:0 იყო, ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე და შემდეგ გოლი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. თუმცა გოლის გატანა მაინც მოვახერხეთ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ შეაფასებდით ეროვნული ნაკრების შეკრებას მარტის თვეში და ახლა?

- მაშინდელ შეკრებაზე დრო საერთოდ არ გვქონდა. ახლა მთელი ერთი კვირაა ერთად ვართ და ვთვლი, რომ პროგრესი შესამჩნევია.

- 13 ივნისს, პოლონეთის ნაკრებს ეთამაშებით. რამდენად აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომავალ მატჩში წარმატების მიღწევსი შანსი და თუ აქვს რაში მდგომარეობს ის?

- რა თქმა უნდა აქვს. წარმატების მიღწევის საიდუმლო გუნდურ თამაშში და მოედანზე ერთმანეთის გვერდში დგომაში მდგომარეობს.

- თავად მზად ხართ 90 წუთის სათამაშოდ?

- დიახ. 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ.

- უკრაინასთან მატჩში თქვენმა მოედანზე გამოსვლამ ნაკრების შემტევი პოტენციალი გააძლიერა. საგოლე პასიც თქვენს აქტივში ჩაიწერა...

- ძალიან მსიამოვნებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდი. ვცდილობ მოედანზე რომ გამოვალ, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო.

- როგორ ფიქრობთ, ამაში "სლავიას" წვლილიცაა?

- კი, რა თქმა უნდა. ამ გუნდმა მოკლე ხანში ბევრი რამ მომცა. ახლა ჩემთვის მთავარია ყველა თამაში ვითამაშო, რომ ყოველთვის ტონუსში ვიყო.

- სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. ხომ არ გაქვს შემოთავაზებები სხვა გუნდებიდან?

- არა. ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ.

- შესაბამისად, გამოდის მომავალ სეზონსაც ჩეხეთში გაატარებთ...

- ვნახოთ. "სლავიასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს.

0.124458