საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ უკრაინასთან წაგებული (1:2) ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად შეცდომებისა, მის გუნდს პროგრესი ეტყობა.
“არ მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ინდივიდუალურ შეცდომებზე, რომელმაც გოლი გამოიწვია. ეს ამ წუთში ჩემთვის დიდი მნიშვნელობის არ გახლავთ. პირველ ნახევარში ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ დასკვნით ფაზაში სითამამე გვაკლდა დარტყმასა და ბოლო გადაცემაში. რაც ყველაზე მთავარია გერმანიასა და მალტასთან ჩატარებული მატჩების შემდეგ პროგრესი აშკარად ჩანს.” – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.
9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში ჩატარებულ შეხვედრაში კრავეციმ ანგარიში ქართველთა შეცდომის შემდეგ 57-ე წუთზე გახსნა. ევგენი კონოპლიანკამ 67-ზე უკრაინელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მათე ვაწაძემ კი 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფისირა.
მომდევნო მატჩს “ჯვაროსნები” პოლონეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 13 ივნისს სტუმრად ჩაატარებენ.