რაგბი

12:30 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: “ბევრი მიზეზის გამო, სასურველი შემადგენლობით ვერ ვითამაშეთ”

“მზარდი საქართველო”, რომელიც საქართველოს “ა” ნაკრების მემკვიდრეა და რომლის მიზანიც ეროვნული გუნდისთვის კადრების მომზადებაა, წელს მეორედ შეიკრიბა, რუსთავის სარაგბო სტადიონზე უელსურ “ქროშეიზთან” ორი შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა - 17:24 და 9:14.

მსაგვსი პრაქტიკა, ანუ 23-25 წლამდე მორაგბეებით თამაში მსოფლიოს მასშტაბით დანერგილი პრაქტიკაა და “თბილისის თასზეც” არგენტინის, ირლანდიის თუ იტალიის “მზარდი” ნაკრებები გვსტუმრობენ. მაგრამ წელს საქართველოს შემადგენლობაში რამდენიმე “გადაზრდილმა” მორაგბემ ითამაშე. ამან გულშემატკივრებში კითხვები გააჩინა და “მსოფლიო სპორტმა” განვლილ თამაშებზე, სელექციაზე და სხვა საინტერესო თემებზე, “მზარდი საქართველოს” მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტა:

- საზოგადოებისთვის უცნობია ზოგიერთი დეტალი, რომელიც “მზარდი საქართველოს” სელექციის პროცესს ეხება და რამაც თამაშზე და შედეგზეც იქონია გავლენა. როდესაც ამ ფორმაციის ნაკრების თამაშს ვგეგმავდით, უელსური “ქროშეიზის” გარდა სათანადო მეტოქე ვერ მოვძებნეთ. ფაქტია, რომ ყველას არა აქვს იმის სურვილი, საქართველოში ჩამოვიდეს. “ქროშეიზი” უელსის საკმაოდ ძლიერი, ჩემპიონშიპის ნაკრებია, რომლის ბირთვსაც ჩემპიონი გუნდის მორაგბეები შეადგენდნენ. ამ გუნდმა ჩემპიონობა ისე მოიგო, რომ მხოლოდ ერთი თამაში წააგო და უახლოეს მდევარს 25 ქულით აჯობა.

აქ მთავარი სხვა რამაა. როდესაც უელსელებს შევუთანხმდით, ითქვა, რომ პირველი თამაში აუცილებლად 21-წლამდელთა გუნდით უნდა ჩაგვეტარებინა და ისინიც ამ ასაკამდე მორაგბეებით აპირებდნენ ჩამოსვლას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ასაკის მორაგბეებით სრული შემადგენლობის დაკომპლექტება გაგვიჭირდებოდა, გადაწყდა, რომ გავაკეთებდით შარშანდელი და წლევანდელი მსოფლიო თასის “ალაფის” მონაწილე ნაკრებების ნაზავს. რადგან “ალაფის” ვადები ჩვენი შეხვედრების ვადებს ემთხვეოდა და გუნდი პორტუგალიაში თამაშისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, მე წინდაწინ ვარჯიშებს ვერ ჩავატარებდი. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ასაკის მეორე, სრულფასოვანი გუნდი შეგვეკრიბა და კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მე გუნდთან ჩავსულიყავი ლისაბონში და იქიდან მეწარმოებინა სელექცია. ვგეგმავდით, რომ გუნდის ბირთვი სწორედ მსოფლიო თასის “ალაფიდან” უნდა წამოგვეყვანა და მათ შევავსებდით შარშანდელი “ალაფის” მონაწილეებით - ტალახაძე, ფრუიძე, დავიმატებდით იმ მოთამაშეებს, რომლებიც შარშან გამორჩეულად აქტიურები იყვნენ და შევკრებდით გუნდს, რომელსაც ერთკვირიანი მზადების შემდეგ, შეთამაშების მხრივ პრობლემა აღარ ექნებოდა.

გუნდს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ერთად ემზადება და მას რამდენიმე მორაგბე დაემატებოდა, შეთამაშების მხრივ პრობლემა ნაკლებად შეექმნებოდა, რეალურად კი, ჩვენ სწორედ შეთამაშების პრობლემა გაგვიჩნდა. რა თქმა უნდა, ერთი კვირა ბოლომდე საკმარისი მაინც არ იქნებოდა, რადგან რეალურად ექვს დღეში უნდა დაგვემუშავებინა დაცვა, შეტევა, საწყისი ფაზები, ინდივიდუალური მუშაობა, დერეფანი და სხვა ათასი რამ, რისი სრულად განხორციელებაც გამორიცხულია. ეროვნული ნაკრების თამაშებსაც თუ გადავხედავთ, პირველი თამაშები მათაც უჭირთ და მერე შედიან ფორმაში. ეს ყველაფერი გათვლილი იყო და ლისაბონიდან “მზარდი საქართველოსთვის” 21 მოთამაშე მომყავდა. წესით, ახალგაზრდებს თანატოლებთან თამაშის პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ.

მაგრამ ჩემს ჩამოსვლამდე ზუსტად სამი დღით ადრე გაირკვა, რომ “ქროშეიზი” კაცთა გუნდით ჩამოდიოდა. უელსელებმა არასწორი საქციელი ჩაიდინეს და არც კი შეგვატყობინეს ისე, სულ შემთხვევით გავიგეთ რომ მოდიოდა გუნდი, რომლის საშუალო ასაკი იყო 29 წელი. მათ ჰყავდათ გამოცდილი ბირთვი, 35, 36, 32 წლის მოთამაშეები და მხოლოდ ერთი მორაგბე ჰყავდათ 23 წლის. ამ დროს იმ გუნდის საშუალო ასაკი, რომლითაც მათ ვეთამაშეთ, იყო 22-23 წელი. 35 წლის ბურჯს ვერაფრით დავუყენებდი 19 წლის ბიჭს. დიახ, ესენი არიან ძალიან კარგი ბიჭები და “ალაფის” მოგებაში მთელს პირველ ხაზს ლომის წილი მიუძღვის, მაგრამ მათი თამაში კარგი იქნებოდა 21, მაქსიმუმ 23 წლის მოწინააღმდეგესთან, 35 წლის კაცთან კი, მინიმუმ ტრავმას თავიდან ვერ ავიცილებდით.

ასე დადგა ჩვენი გეგმები თავდაყირა და ერთი მომენტი იმასაც კი ვფიქრობდი, საერთოდ უარი ხომ არ გვეთქვა თამაშზე. მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდით და პირადად მე, სამიზნედ დავაყენე ჩემი თავი. ერთ კვირაში ფაქტობრივად შეუძლებელი უნდა გაგვეკეთებინა და მადლობის მეტი ამ ბიჭების მიმართ არაფერი მეთქმის, რადგან დაუსვენებლივ, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმუმი აჩვენეს. ჩვენ “ქროშეიზის” წინააღმდეგ ეროვნული ჩემპიონატის ნაკრებითაც არ გვითამაშია, რადგან მორაგბეთა ნაწილი ემზადებოდა “თბილისის თასისთვის”, მეორე ნაწილი გამოძახებული იყო 7-კაცა ნაკრებში და კიდევ ერთი ნაწილი ჩემი და მილტონ ჰეიგის შეთანხმებით უბრალოდ ისვენებდა.

“მზარდი საქართველოს” ასაკობრივ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებდნენ ბიწაძე, ლომიძე, ლობჟანიძე, უფრო ასაკობრივი ხმალაძე და თოდუა, ესენი ისვენებდნენ. 7-კაცა ნაკრებიდან ჩვენ რამდენიმე ბიჭი ავიყვანეთ, მაგრამ ამ გუნდსაც ყველას ვერ გამოვაცლიდით ხელიდან. ცალკე თემაა ფრანგულ კლუბებში მოთამაშე პირველხაზელები. ნაწილს პლეი ოფის ჰქონდა ფედერალ 1-ში და პრო დ2-ში, ნაწილს ტრავმები ჰქონდა, ან გადაღლილი იყო და ვეღარ დავტვირთავდით, კიდევ ერთი ნაწილი კი, ჩვენთან თამაშზე უარს იძახის. არიან ბიჭები, რომლებსაც ჩვენ დავუძახეთ, მაგრამ მათგან უარი მივიღეთ.

-ვინ თქვა უარი საქართველოს ნაკრებში თამაშზე?

- მაგალითად, ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც შარშან დავუძახეთ და რაღაც მიზეზების გამო არ ჩამოვიდა, წელს კი აღარ გამოვიძახეთ, რადგან ზუსტად ვიცოდით არ ჩამოვიდოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სუბიექტურია თუ ობიექტური მიზეზი, მაგრამ თუ ვინმეს საქართველოს სახელით თამაში არ უნდა, მას არ უნდა ვეხვეწოთ. ყაულაშვილზე ყურადღება იმიტომ გავამხვილე, რომ მასზე გულშემატკივარს ყველაზე მეტი კითხვა ჰქონდა, თორემ მიზეზთა გამო სხვებისგან მივიღეთ უარი. გვინდოდა ანტონ ფეიქირიშვილის დახმარებაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტრავმა ჰქონდა. მოკლედ, იყვნენ ბიჭები, რომელთაც ტრავმა ჰქონდათ და მეორე კატეგორია, რომელთაც არ ისურვეს ჩვენთან თამაში. აქვე ერთსაც ვიტყვი. ზოგიერთი მორაგბე ფრანგულ გუნდებში კი ირიცხება, მაგრამ პირველი გუნდის განაცხადშიც ვერ ხვდება, წლის განმავლობაში მათი აქტივობა მცირეა და ასეთ დროს არა მგონია, რომ ისინი ქართულ კლუბებში რეგულარულად მოთამაშე ბიჭებზე წინ უნდა დავაყენო.

- ამ შემთხვევაში ზაზა ნავროზაშვილზეა საუბარი?

- ნავროზაშვილს შარშან მივეცით შანსი, თუმცა კლუბში შარშანაც არ უთამაშია ბევრი და ამ შემთხვევაში ვარჩიეთ, რომ “ლოკომოტივისა” და “ლელოს” ის პირველი ნომრები გამოგვეცადა, რომლებიც მთელი სეზონი სტაბილურად თამაშობდნენ. ვინც უყურებს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს, ის ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმება. მოდით ისიც ვთქვა, რომ მიუხედავად ერთგვარი მითისა, ჩვენ უსაშველოდ ბევრი პირველხაზელი არცა გვყავს. ჩემდა გასაკვირად, ჩვენი ტიპის ნაკრებში, თუ 9 და 10 ნომრებს არ ჩავთვლით, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ პირველი ხაზის შერჩევისას იყო. ამის პასუხად “თბილისის თასიც” კმარა, სადაც მთავარი მწვრთნელი პირველხაზელებს რომ იტყვიან სანთლით ეძებს და ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი მდგომარეობა.

- მეორე თამაშისთვის რამდენიმე მორაგბის დამატება დაგჭირდათ და ამ შემთხვევაში რა პრინციპით იხელმძღვანელეთ?

- პირველმა თამაშმა გვანახა, რომ ასაკით პატარა ბიჭებს ფიზიკურად გაუჭირდათ უელსელთა კაცთა გუნდის წინააღმდეგ თამაში. მეტოქე უხეშადაც თამაშობდა და მესამე ხაზში დაგვემტვრა გივი ბერიშვილი, ჯერ კიდევ პირველ თამაშამდე გამოგვაკლდა მეორეხაზელი ოთარ გიორგაძე, ამავე პოზიციაზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ნოდარ ჭეიშვილის თამაში, რომელიც მოედანზე ტრავმის ფონზე გავიდა და თავიდანვე ვიცოდით მთელ 80 წუთს ვერ ჩაატარებდა, ტრავმები მიიღეს შენგელიამ და ჯინჭველაშვილმა და დადგა საკითხი ვინ დაგვემატებინა.

პირველი რაც გავაკეთეთ დავეკითხეთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელს თუ შეიძლებოდა მათგან ვინმეს წამოყვანა და უარი მივიღეთ, მერე გვინდოდა გიორგი მჭედლიშვილის დამატება, რომელიც ვარჯიშობს განვითარების ჯგუფში და თავიდან იმიტომ არ ვიხმეთ, რომ ეს სეზონი თითქმის სრულად გაუცდა, მეორე იყო აზალაძე, რომელიც გამოირჩევა კარგი დგომით და სტაბილურია შეტევასა და დაცვაში. ის ასაკით დიდია, მაგრამ რადგან კაცთა გუნდს ვეთამაშებოდით გამოგვადგებოდა. 9 ნომერი, რომლის გასინჯვაც შეიძლებოდა, უბრალოდ არ არის! ვიფიქრეთ აფრასიძის გასინჯვა, მაგრამ იმდენად პატარაა ასაკით, რომ შეგვეშინდა არ დამტვრეულიყო და არჩევანი აღარ გვრჩებოდა. მილტონს ვთხოვეთ, რომ რადგან ვასილ ლობჟანიძეს ასვენებდნენ, ორიდან ერთი 9 ნომერი ეთხოვებინა და უარი რომ მიგვეღო არც კი ვიცით რა უნდა გვექნა. აქედან დასკვნა, კლუბები ვერ ვმუშაობთ კარგად სათანადო 9 ნომრიდ აღსაზრდელად.

პრობლემატურია 10 ნომერიც, სადაც მამუკა ნინიძე და რეზი ჯინჭველაშვილი გვყავდა, მაგრამ ეს უკანასკნელი პირველ თამაშში დაშავდა და ექიმებმა მისი თამაში აგვიკრძალეს. ტრავმა მიიღო ნინიძემაც. მას კუნთის ბოჭკოები დაეჭიმა და ექიმებმა გვითხრეს, რომ თუ გავრისკავდით და ვათამაშებდით, შეიძლებოდა კუნთი გაწყვეტოდა. ვრჩებოდით 10 ნომრის გარეშე და დავიწყეთ ფიქრი. გვინდოდა ბაბუნაშვილის დაძახება, მაგრამ საფიქრალი იყო მოწინააღმდეგის თამაში. ბერიშვილი შემთხვევით არ დამტვრეულა, ამგვარი ბოჭვა ოთხ მოთამაშეს გაუკეთეს და იყო შანსი იმისა, რომ პატარა ბიჭები დაემტვრიათ. ამიტომ შევიკავეთ თავი ბაბუნაშვილზე. აქ პრობლემა ისიც იყო, რომ ის ქუთაისიდან უნდა ჩამოსულიყო, ჩვენს სქემებს მორგებოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 2 დღეში მოეხერხებინა. იქნებოდა არჩევანი სოხაძეზე, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი კარგად ჩაატარა და მეორე ჩაუვარდა, მაგრამ ის პოლონეთშია წასული. სხვა გუნდს 10 ნომერი ფიზიკურად არ ჰყავს და ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ბარკალაიაზე, რომელიც ფიზიკურად ძლიერია, შანსი იმისა, რომ დაემტვრიათ, ნაკლები იყო, ფეხს კარგად ხმარობს, იცნობს ჩემს სქემებს, ეროვნულ ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული და გამოცდილია. სხვა არჩევანი არ გვქონდა. ნინიძე სათადარიგოთა სკამზე იმის გამო დავსვით, რომ თავად თქვა თამაშს შევძლებო, მაგრამ მერე ფეხი ისევ გაეჭიმა და ტრავმის გამო შევცვალეთ.

- რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ბევრი ტრავმები იყო და რით იყო ეს გამოწვეული?

- ბერიშვილის და შენგელიას ტრავმა გამიზნული იყო. თავიდან მეც მეგონა, რომ შენგელიას ფეხი დაუცურდა, მაგრამ გამეორებაზე ნათლად ჩანს, რომ მოწინააღმდეგე განზრახ დახვდა მხრით და მინიმუმ ყვითლით გაძევებას იმსახურებდა. რეზის ძალისმიერი თამაში უჭირს, რაც ალბათ ასაკიდანაა გამომდინარე. დანარჩენებს ძველი ტრავმები გაუმიზეზდათ და ამის გამო გამოვიყვანეთ. ბედიცაა, როდესაც ერთ თამაშში ამდენი მორაგბე იმტვრევა, თორემ მეორე შეხვედრაში ტრავმა არავის მიუღია. უფრო დიდი პრობლემა იყო შეუთამაშებლობა და ამით გამოწვეული ტექნიკური წუნი. ამ გუნდთან კიდევ ერთი კვირა რომ ვყოფილიყავი, ბევრად უკეთ წავრსდგებოდით მაყურებლის წინაშე. გავიმეორებ, მთლიანობაში ბიჭებით კმაყოფილი ვარ და თუ ვინმეს რამე არ მომეწონა, მათ აუცილებლად ავუხსნი ამას, რომ სამომავლოდ გამოასწორონ.

- ამ ფორმაციის “მზარდი საქართველოდან” “თბილისის თასისთვის” ეროვნულ გუნდში ვის დაუძახეს?

- ნოდარ ჭეიშვილი, არჩილ ბეჟიაშვილი და გიორგი თედორაძე ეროვნულ გუნდთან ერთად ემზადებიან. რამდენიმე მორაგბეზე თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ნაკრებთან ერთად ივარჯიშენდნენ. მათ შორის ჯაბა ბრეგვაძეზეც. ეროვნულ გუნდს კვაჭის პოზიციაზე პრობლემები აქვს და მის თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თავიდანვე ისე შევთანხმდით, რომ მას მხოლოდ თითო ტაიმს მივცემდით.

- სელექციის პრობლემები და ბრეგვაძის შემთხვევა გასაგებია, მაგრამ, ზოგადად, “მზარდ საქართველოში” ხომ იმ ახალგაზრდა მორაგბეებმა უნდა ითამაშონ, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში დაწინაურების შანსი აქვთ და რა აზრი აქვს ისეთი გუნდის შეკრებას, სადაც უკვე ვეტერანები თამაშობენ?

- ესაა იმ ფორმირების ნაკრები, რომელიც მუდმივად უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდა მორაგბეების წარმოჩინებას, მაგრამ ყოველთვის არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ ასაკებში არ ჩანდნენ, მერე მოუმატეს და საინტერესო გახდნენ. ამავდროულად, მსგავსი ტიპის ნაკრებებში, თუ არ არსებობს რესურსი, არაა 9 და 10 ნომრები, ან ნებისმიერ სხვა პოზიციაზე, საჭიროა ამ პოზიციის სხვა ასაკის მოთამაშეთა გამოძახებაც, რათა გუნდი შეიკრას. არაა აუცილებელი “მზარდში” გამოძახებული 26-ვე მორაგბე ნაკრების კანდიდატად განიხილებოდეს. ნაკრების კანდიდატების შესაძლებლობების კარგად სანახავად, მოგვიწევს ისეთი მორაგბეების დაძახება, რომლებიც ეროვნული გუნდის კანდიდატებად არ განიხილებიან, მაგრამ საჭირონი არიან გუნდის შესაკვრელად. - -

- რამდენადაა მიზანშეწონილი და სარგებლიანია ასე ნაუცბადევად შეკრებილი გუნდით მსგავსი თამაშების ჩატარება?

- ყველაზე რთული ეს ჩემთვის იყო, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი იმ შედეგზე და თამაშზე, რაც გუნდმა აჩვენა. მაგრამ გამოსავალი არ გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრა წავაგეთ და სასურველი თამაში ვერ ვაჩვენეთ, ეს სამომავლოდ კარგი გაკვეთილი იყო. თუ საშუალება მომეცემა, მე ცოტა სხვაგვარი გეგმები მაქვს. მოთამაშეთა სია გაფართოვდა, ვეცდები ყველაფერი სხვაგვარად დავგეგმო და ინტენსივობაც თუ ხშირი იქნება, შედეგიც უკეთესი გვექნება. როდესაც წელიწადში ერთხელ იკრიბები, ძალიან რთულია. უნდა მოხერხდეს ბირთვის ჩამოყალიბება და მერე ადვილი იქნება. ამას მარტივი მიზეზის გამო ვერ ვახერხებ. ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, მთელი წლის განმავლობაში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს მოთამაშეები თავისთან მიჰყავს, დანარჩენ დღეებში კი, 20-წლამდელები ვარჯიშობენ. აღარაფერს ვამბობ 7-კაცაზე. სამომავლოდ ეს უნდა შეიცვალოს. თუმცა, თავიდანვე რომ ზუსტად გვცოდნოდა ვის ვეთამაშებოდით, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდის ნაწილს შევკრებდი და ამ თამაშებსაც მომზადებული შევხდებოდით. ნაუცბათევად არაფერი გამოვა, ისე, როგორც “კავკასიელების” შემთხვევაში არ გამოვიდა არაფერი.

- “კავკასიელები” ახსენეთ და ბევრს ხომ არ ვკარგავთ ევროთასებში მონაწილეობაზე უარის თქმით?

- ძალიან ბევრს ვკარგავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გზაც არაა. აგერ ჩვენი ადგილი “ენისეიმ” დაიკავა და ჩელენჯ ქაფზე გავიდა. ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც მარტო ვერ მოვერევი. ჩვენს კლუბს ფინანსურად ამის საშუალება რომ ჰქონდეს, წამითაც არ დავფიქრდებოდი. გარდა ამისა, განვმეორდები და რესურსიც არ გვაქვს. ერთი და იგივე მოთამაშეები ეროვნულ გუნდშიც თამაშობენ, 7-კაცა ნაკრებშიც და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც. ევროთასებზე გასვლა სხვა პრობლემებსაც შექმნიდა, თუმცა, ფინანსები რომ იყოს, ჩემი აზრით ნებისმიერი სელექციის გუნდით უნდა მივიღოთ ევროთასებში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ნორმალური მომზადების პირობებში, შესარჩევ ეტაპს აუცილებლად გავივლიდით.

- როდესაც ითქვა, რომ საქართველოს ევროთასებზე წარმომადგენელი არ ეყოლებოდა, ითქვა ისიც, რომ რაგბის კავშირი მოწინავე გუნდებისთვის უცხოური შეკრებების დაფინანსებას ეცდებოდა...

- სამწუხაროდ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უწინარესად კი, ფინანსებზე. იდეა კარგია, მაგრამ როგორ მოხერხდება ფინანსების მოძიება, ეს უკვე მეორე საკითხია.

- თქვენს შემთხვევაში შედარებით სხვაგვარადაა საქმე და “სარასენსთან” კავშირი თუ გაძლევთ უცხოური შეკრების მოწყობის შესაძლებლობას?

- უკვე გვაქვს ორი შემოთავაზება და ერთ-ერთი ძალიან საინტერესოა. სექტემბერ-ოქტომბერში რუმინულ “ტიმიშოარას” უნდა ჩვენთან თამაში, მაგრამ აქაც ფინანსები იქნება გადამწყვეტი. “სარასენსთან” ვისაც კავშირი აქვს, ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია სტუმრად ჩასვლა და საქართველოში მოწვევაც. ასევე თავად “სარასენსის” მეორე გუნდთან თამაში, რომელიც აბსოლიტურად სხვა ფორმირებისაა.

- მსოფლიო თასის წელიწადია და ნაკრების შანსს, ინგლისში ორი თამაში რომ მოიგოს, როგორ აფასებთ?

- ძალიან რთული იქნება. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თითოეულ პოზიციაზე ორი თანაბრი ძალის მორაგბე გვყავდეს. ჩვენი წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ყველა პოზიციის უძლიერესი მორაგბე ჯანმრთელად იყოს. ოპტიმალური შემადგენლობის პირობებში, ჩვენსა და ტონგას შორის შანსები 55-45-ზე, ან 60-40-ზეა იმათ სასარგებლოდ. ტოპ 14-ის და ინგლისის პრემიერშიპის კლუბების შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა კლუბში მინიმუმ ოთხი ტონგელი მორაგბე ჰყავთ და ისინი რეგულარულად თამაშობენ. მათ შორის, “გლოსტერში” 6 ტონგელი მოთამაშეა, ტონგას სწორედ გლოსტერში ვეთამაშებით და მაყურებლის მხადრაჭერაც იმათი იქნება. ამიტომ, იმის მოთხოვნა, რომ გინდათ თუ არა ტონგას მოვუგოთ, სწორი არაა, თუმცა აუცილებლად მოსაგებად უნდა გავიდეთ და მოგების შანსიც აუცილებლად გვექნება. ამ თამაშის მოგება ძალიან დიდ მუხტს მოგვცემს და მერე არგენტინასთანაც სხვა მუხტის თამაში გვექნება. სურვილი იმისა, რომ ტონგა დავამარცხოთ ერთია და მოთხოვნა მეორე. თუ შევძელით და ინგლისში ორი თამაში მართლა მოვიგეთ, ეს იქნება უდიდესი მიღწევა.

0.131007