მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (FIFA) საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არჩევნები ტრადიციულად შვეიცარიაში, ფიფას შტაბ-ბინაში ჩატარდება და ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას ორგანიზაციის 209 ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს.
არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით ფიფას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. აქამდე კონგრესის ჩატარების სავარაუდო დროდ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე პერიოდი სახელდებოდა.
ფიფას პრეზიდენტის პოსტი მიმდინარე წლის 2 ივნისს გახდა ვაკანტური. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელად 29 მაისს მეხუთე ვადით არჩეული იოზეფ ბლატერი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალ არჩევნებამდე ისევ ის შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.