ფეხბურთი

0:14 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იმედისმომცემი და დასანანი მარცხი (+VIDEO)

მატჩი უკრაინელთა უპირატესობით დაიწყო, ბურთი მეტწილად ფომენკოს გუნდს ჰქონდა. მათი პირველი შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ქართველთა საჯარიმოში გუსევმა ჩააწოდა, ლორიას კარისკენ დენის გარმაშმა თავით დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

მე-8 წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გააქტიურდნენ, მეტოქის ნახევარზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. ანანიძის შესრულებულ სტანდარტს გურამ კაშიას თავური მოჰყვა, თუმცა გარმაშის მსგავსად ქართველმა მცველმაც არაზუსტად დაარტყა.

საწყისი 20 წუთის განმავლობაში ცხადაძის მოთამაშეები თითქმის არ მოძრაობდნენ, შემდეგ კი მეტი ძალისხმევა ჩადეს თამაშში, მეტოქის ნახევარს გაუშინაურდნენ და უკრაინელთა უპირატესობაც ნელ-ნელა შემცირდა.

ერთ-ერთი ასეთი შეტევისას ყაზაიშვილმა კარგად დაუგორა კობახიძეს, რომელმაც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ბოიკოს კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოს ოდნავ ააცილა.

რამდენიმე წუთში მარჯვენა ფლანგზე ბაჩანა ცხადაძემ იაქტიურა, იქვე მონახა შეტევაში ჩართული უჩა ლობჟანიძე, რომელმაც ყაზაიშვილს დაუგორა, თუმცა “ვიტესის” ფეხბურთელს დარტყმა არ გამოუვიდა. დარტყმას აკლდა, როგორც სიძლიერე, ასევე სიზუსტე.

ლაშა დვალის არაზუსტ პასს უკრაინელთა შეტევა მოჰყვა, რომელიც სელეზნიოვის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

უჩა ლობჟანიძემ ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის საჯარიმოსკენ ჩააწოდა, თუმცა ბურთი საჯარიმოს გადააცილა, იქ კი გიორგი ნავალოვსკი აღმოჩნდა, რომელმაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, კარისკენ არ ურტყამდა, საჯარიმოში აწვდიდა, თუმცა ამ სიძლიერის დარტყმა როგორც წესი ჩაწოდებისას არ ხორციელდება ხოლმე. ნავლოვსკის დარტყმული ყველას აცდა და მოედნის ფარგლები დატოვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა კარგად შეუტიეს. ყაზაიშვილის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფი გიორგი ჭანტურია კარისკენ ურტყამდა, თუმცა ბურთი მცველს მოხვდა და მეკარესთან ერთი-ერთზე მყოფ ლევან ყენიას მიუვიდა. ყენიას დარტყმა მეკარემ მოიგერია. ეს იყო ცხადაძის გუნდის პირველი რეალური მომენტი.

57-ე წუთზე ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა. ქართველები საკუთარ ნახევარზე აგორებდნენ ბურთს, ლორიამ ბურთი ლაშა დვალს დაუგორა, დვალმა ბურთი კვლავ მეკარეს დაუბრუნა, თუმცა მის პასს სიზუსტე დააკლდა, ლორიამ ბურთი ვერ გააჩერა, ბურთი კარის ძელს მოხვდა, ძელის შემდეგ კი კრავეცის მიუვიდა და უკრაინელმა მოთამაშემ ურეალურესი მომენტი გოლად აქცია.

ანგარიშის გახსნის შემდეგ რამდენიმე წუთში მთავარ მსაჯს უკრაინელთა კარისკენ თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა, როდესაც მოროზუკმა ნავალოვსკი წააქცია, თუმცა არბიტრმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ კუთხურით შემოიფარგლა.

მოროზუკმა მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა ქართველთა საჯარიმოში, ლობჟანიძეს კონოპლიანკას განეიტრალება ევალებოდა, თუმცა “დნიპროს” შემტევმა ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო ქართველ მცველს და ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

ვაწაძის მოედანზე გამოსვლას ქართველთა აქტიურობა მოჰყვა, მარჯვენა ფლანგზე მათემ ჭანტურიას მისამართით გააკეთა პასი, ჭანტურიამ კი მახვილი კუთხიდან კარისკენ ზუსტად დაარტყა, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის დაჭერა.

ლევან ყენიას ძალიან კარგი პასის შემდეგ სანდრო კობახიძე მეტოქის საჯარიმოში ბოიკოს კარისკენ ურტყამდა, თუმცა უკრაინელმა მცველმა “დაფარებაზე” კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

რამდენიმე წუთში ლევან ყენიამ მეტოქის საჯარიმოში მათე ვაწაძის მისამართით კარგი პასი გააკეთა, ქართველმა ცენტრფორვარდმა კი თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა.

უკრაინელთა საჯარიმოსთან ახლოს ჯანო ანანიძემ მეტოქის კარისკენ მოჭრილი დარტყმით სცადა გატანა, თუმცა ბოიკომ კუთხურზე მოიგერია, გათამაშებულ კუთხურს კი გიორგი ჭანტურიას ძლიერი დარტყმა მოჰყვა, ბურთი ძელს მოხვდა და მოედნის ფარგლები დატოვა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა განათაბრება ვერ მოახერხეს. მარცხის მიუხედავად გამოჩნდა, რომ ნაკრებს შეტევის პოტენციალი აქვს, ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ მეტოქის ნახევარზე გააზრებული კომბინაციის გათამაშება. ბუნებრივია ნაკრების თამაშის ხარისხი დახვეწას საჭიროებს, ნათელი წერტილები კი გამოჩნდა.

საქართველო – უკრაინა 1:2 (0:0) (VIDEO)

ამხანაგაური მატჩი. 9 ივნისი, ქალაქი ლინცი, ავსტრია

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (ალადაშვილი 71), კაშია (სალუქვაძე 46), ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი (ვაწაძე 71), ანანიძე, კობახიძე, ოქრიაშვილი (ყენია 46), ცხადაძე (ჭანტურია 46)

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

უკრაინა: ბოიკო, გარმაში (სიდორჩუკი 46), გუსევი (შევჩუკი 46), ხაჩერიდი, კონოპლიანკა (ოლეინიკი 76), კსონცი, მოროზუკი, რაკიცკი, როტანი (ტიმოშუკი 46), სელეზნიოვი (კრავეცი 46), სტეფანენკო (რიბალკა 46)

მთავარი მწვრთნელი: ფომენკო

გოლები: 0:1 კრავეცი (57), 0:2 კონოლიანკა (67), 1:2 ვაწაძე (ლევან ყენიას პასი 81)

მთავარი მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

გაფრთხილება: ხაჩერიდი (7)

0.322889