ფეხბურთი

11:47 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინასთან და პოლონეთთან გოგუასა და მჭედლიძის გარეშე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს, 9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში უკრაინის ნაკრებთან მატჩში რუსეთის პირველი დივიზიონის ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და იტალიის “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანის არყოფნის მიზეზი ტრავმებია. ისინი გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძის განკარგულებაში არც ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 13 ივნისს ვარშავაში პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრაში იქნებიან. ამის შესახებ ნაკრების პრესსპიკერი ოთარ გიორგაძე იუწყება.

გოგუამ 8 ივნისს კი ივარჯიშა, მაგრამ ნაკრების საექიმო შტაბმა დასვენება ურჩია. მჭედლიძეს ტრავმის გამო, არც 7 ივნისს უვარჯიშია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცხადაძემ შეკრებაზე თბილისის “დინამოს” ნახევარმცველ მათე ცინცაძეს უხმო.

წინასწარ დაგეგმილი იყო, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრე ნაკრები ლინცში ივარჯიშებდა, მაგრამ მწვრთნელებმა მოსამზადებლად ვინდისგარშტენში არჩიეს.

ცხადაძის აზრით ეროვნული ნაკრები ავსტრიულმა შეკრებამ წინა წასწია:

“გამოძახებული ფეხბურთელებიდან სამწუხაროდ ორი მოთამაშე ვერ დაგვეხმარება. გოგუას და მჭედლიძე ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ. დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და გეგმის მიხედვით ემზადებიან. ამ შეკრებაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩატარდა. დრო გვქონდა, რომ ტაქტიკაზე კარგად გვემუშავა. ფეხბურთელები მონდომებულები არიან და იმედია, გუნდურ თამაშში პროგრესი გამოჩნდება.

სამწუხაროა, გოგუამ ტრავმა რომ მიიღო. აშკარაა, რომ პოტენციალი აქვს, ის პოზიცია დაიკავოს, რაც გუნდს სჭირდება. მას ვესაუბრე და მთავარია, რომ გუნდში სტაბილურად ითამაშოს, რათა შემდეგ შეკრებებზეც გამოვიძახებთ.

უკრაინასთან თამაში გვაჩვენებს, რა მოგვემატა და კიდევ რაა გამოსასწორებელი. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლონეთთან მატჩის მომზადების ჭრილში. ძლიერ გუნდებთან სპარინგზე უარს არ ვამბობთ, რადგან ასეთ მატჩებში უფრო კარგად ჩანს მინუსები და პროგრესის მეტი შანსია.

ამ ამხანაგურ თამაშს გამოვიყენებთ ანალიზისთვის, გვსურს დავინახოთ ის მინუსები და პროგრესი, რაც ამ ვარჯიშებმა მოგვიტანა. მიმაჩნია, რომ გუნდი ავსტრიულმა შეკრებამ საკმაოდ წინ წასწია”.

თურქეთის “ქასიმფაშას” მცველის ლაშა დვალის აზრით, შეკრება ნაყოფიერი აღმოჩნდა:

“ყველანაირი პირობაა, რომ გუნდი კარგად მოემზადოს. ავსტრიაში არაჩვეულებრივი პირობებია. გუნდი კარგ ფორმაშია და ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ. შეკრება ნაყოფიერი იყო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს თამაშებში კარგი შედეგი გვქონდეს”.

შეკრებით გურამ კაშიაც კმაყოფილია:

“სამწუხაროდ, ტრავმების გამო გამოგვაკლდა ორი მოთამაშე. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ რომ ტაქტიკაზე სამუშაოდ, მით უმეტეს, სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ავსტრიაში საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა ძლიერ მეტოქეებთან მატჩებამდე”.

საქართველო-უკრაინის მატჩი 22:00 საათზე დაიწყება და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” პირდაპირი ეთერით გადასცემს.

0.187446